Home » ეკონომიკა » რუსული ავიასანქციების მიუხედავად, საქართველოს აეროპორტებიდან საჰაერო მიმოსვლა იზრდება

რუსული ავიასანქციების მიუხედავად, საქართველოს აეროპორტებიდან საჰაერო მიმოსვლა იზრდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 209 505 მგზავრს მოემსახურა. 2018 წელთან შედარებით მგზვართნაკადი 3.5%-ით,ხოლო 2017 წელთან შედარებით -27.63%-ით არის გაზრდილი. მატებაა შიდა აეროპორტებშიც. 2019 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში  ჯამში 24 447  რეისი განხორციელდა.

როგორია გასული წლის შედეგები და რა გეგმები აქვს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმდინარე წელს? -აღნიშნულ თემებზე პირველი არხის გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ეთერში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე გაჩეჩილაძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზარი საკმაოდ დინამიურად ვითარდება. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებისმიერი მაჩვენებელი განუხრელად იზრდება. “ზრდა დაფიქსირდა იმ დროს, როდესაც საქართველოს და რუსეთს შორის შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა, მიუხედავად ამისა, ზრდა საქართველოს აეროპორტებიდან დაფიქსირებულია”, – აცხადებს გაჩეჩილაძე. 

რაც შეეხება იმას, თუ როგორია ვითარება საქართველოს საჰაერო სივრცეში მას შემდეგ, რაც ირანში უკრაინული ავიაკომპანიის კატასტროფის გამო, საერთაშორისო ავიაკომპანიებმა ირანის საჰაერო სივრცეში ფრენები შეაჩერეს და სანაცვლო სატრანზიტო სივრცედ საქართველოს ცა აირჩიეს,  გაჩეჩილაძის განმარტებით, საქართველოს ავიაციის სააგენტოს ევროპელ კოლეგებთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ავიაკომპანიებს ნებისმიერ ცვლილებას დაუყოვნებლივ შეატყობინებს.

“ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე სხვადასხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების პირველ პირებთან. მონაცემების გაცვლა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც მგზავრთა, ისე ფრენების უსაფრთხოება. თუ აღნიშნულთან დაკავშირებით რამე სიახლე იქნება, ბუნებრივია, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ავიაკომპანიებს, ინდუსტრიას, რომელსაც გუშინ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე უშუალოდ გავაცანით აღნიშნული რეკომენდაციები”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება სატრანზიტო მარშრუტის ირანიდან საქართველოს საჰაერო სივრცეზე გადმოტანას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროის მოადგილის განმარტებით, საჰაერო ნაკადის ზრდა აშკარაა, თუმცა დინამიკაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

“რაც მეტი საჰაერო ხომალდი ისარგებლებს საქართველოს საჰაერო სივრცით, ეს საქართველოსთვის პირდაპირ მეტ სარგებელს ნიშნავს. მაგრამ, დინამიკაში რომ დავაკვირდეთ, პროცესი როგორ მიდის, ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. თუმცა, პირველადი შეფასებით, საჰაერო ნაკადები საქართველოს საჰაერო სივრცეში ცალსახად გაზრდილია, რასაც საქართველოს სანავიგაციო სისტემა შეუფერხებლად უზრუნველყოფს”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

მისი განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტული ნაკადები ცალსახად გაზრდილია.

ნათია წიკლაური

Share