Home » ბიზნესი » როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს

როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს

ლარის კურსი პანდემიის გავრცელებამდეც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა, თუმცა COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მეტად შეასუსტა მისი პოზიციები. მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა.

წლის განმავლობაში, ქართული ლარი და უკრაინული გრივნა – აშშ დოლართან მიმართებაში – 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული რუსული რუბლი, თურქული ლირა – დაახლობით 16%-ით, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.

ინფორმაციას რეგიონში არსებული ეროვნული ვალუტების ცვლილების შესახებ, ეკონომიკური კვლევის ცენტრი აქვეყნებს.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ რეგიონში ლარის კურსის ყველაზე მეტად გაუფასურებაში წვლილი ეროვნულ ბანკს და მთავრობას თანაბრად მიუძღვით.  

„რეგიონში ლარის კურსის ყველაზე მეტად გაუფასურება არა მარტო ეროვნული ბანკის დამსახურებაა, არამედ ზოგადად ხელისუფლების. კობა გვენეტაძემ წინამორბედზე უარეს მდგომარეობაში ჩააგო ლარი. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკის ორნიშნულიანი ზრდა არ გვქონია, ციფრები კი არ იტყუება, ეკონომიკური შედეგები სამარცხვინო გვაქვს, არადა ჩვენ გვინდა, რომ დანარჩენ სამყაროს დავეწიოთ.

მაშინ როცა 4-5%-იანი ზრდა არის, რომელიც ქართული ოცნებისთვის მაღალ მაჩვენებლად ითვლება, ასეთი ზრდის შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპას მხოლოდ 50 წელიწადში დავეწევით, დასავლეთ ევროპაზე კი საუბარიც ზედმეტია.

ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი კორონავირუსის და ზოგადად პანდემიამდე პერიოდშიც, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა, როგორც ფისკალური ასევე მონეტარული, დამნაშავე კი მთვრობის და ეროვნული ბანკის უადგილო გადაწყვეტილებებია.

ამიტომ ვერანაირად ვერ შევაფასებდი ერონული ბანკის ქმედებებს დადებითად, როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ რომ სებ-ი თავს ართმევს კრიზისს, როცა მაღალი ინფლაცია გვაქვს და ლარი გაცამტვრებულია“, – განმარტავს გიგა ბედინეიშვილი.

ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ეთანხმება კვლევას, რომ ქართული ლარი, იმაზე მეტად არის გაუფასურებული ვიდრე ჩვენი რეგიონის და განვითარებადი ქვეყნების ვალუტების უმრავლესობა. მისივე თქმით, ლარის ასეთი მკვეთრი გაუფასურება პანდემიის გარდა საბანკო რეგულატორის არასწორი ნაბიჯების შედეგია.

„ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ჩვენი სამეზობლო და მსოფლიო ქვეყნების უმეტესობის ვალუტები. მაგალითად ავიღოთ სომხეთი, ბოლო 2 წლის განმავლობაში სომხური დრამი 20%-ით გაუფასურდა, ლარი კი 70-80%-ით, დრამის მსგავსად იგივე შეგვიძლია ვთქვათ აზერბაიჯანულ მანათზეც. თუ რუსულ რუბლს დავაკვირდებით, მართალია ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუფასურდა, მაგრამ წლების ჭრილში იქაც სადღაც 20-25%-ით იყო გაუფასურება, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იქ სულ სხვა ეკონომიკა და სხვა პროცესებია. ეროვნულ ბანკში, როდესაც რაღაცას შიგნით ვერ აკეთებენ, სხვადასხვა განცხადებებით ცდილობენ თავის დაღწევას.

ყველაფერი საბოლოოდ კორონავირუსს დაბრალდა, თითქოს იგივე პანდემია სომხეთში და სხვა ქვეყნებში არ არის, თუ ვირუსის მონაცემებს გავყვევით, ეს გლობალური პრობლემა უფრო მეტად სწორედ ჩვენს მეზობელს უდგას, ვიდრე ჩვენ. პირადად მე, არ მიმაჩნია სწორად ჩვენი რეგულატორის არც მოქმედება და არც მისი შეფასება ლარის კურსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნიკა შენგელიამ.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში „ეკონომიკური მაჩვენებლები საქართველო და მეზობელი ქვეყნები“, პანდემიამ საგარეო ვაჭრობაზეც უარყოფითი გავლენა იქონია. გარდა ამისა, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების შემცირება თებერვალში (-0,7%) დაიწყო, მარტში (-62.3%) და აპრილში (-94.5%) ვიზიტებმა მკვეთრად დაიკლო, რაც ჩაკეტილი საზღვრების და შეჩერებული ავია მიმოსვლის ლოგიკური შედეგი იყო. ასევე 43.2%-მდე გაიზარდა გზავნილების სხვაობა 2020 და 2019 წლის აპრილის თვეებს შორის. ინფლაციის მაჩვენებელი კი 5%-ს მიუახლოვდება.

თუმცა კვლევის მიხედვით, რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ცუდი მდგომარეობაში ეროვნული ვალუტა აღმოჩნდა, რომელიც იანვრიდან მაისამდე მკვეთრად გაუფასურდა.

commersant.ge

Share