Home » მსოფლიო » როგორ ჩაანაცვლებს წყალბადი ნავთობპროდუქტებს?

როგორ ჩაანაცვლებს წყალბადი ნავთობპროდუქტებს?

ყველამ, ვისაც ევროპის ენერგოსისტემის მომავლის საკითხი აღელვებს, გერმანიის რეგიონ საქსონიის ქალაქ კუკსჰაფენის სარკინიგზო სადგური უნდა მოინახულოს. ამ სადგურიდან საათში ერთხელ ლურჯი ფერის მატარებელი Coradia iLint გადის.

ფრანგული კომპანია Alstom-ს მიერ წარმოებული შემადგენლობა წყალბადზე მუშაობს. კლიმატური თვალსაზრისით ის სრულიად ნეიტრალურია – მისი „გამონაბოლქვია“ – 1 მეტრზე რამდენიმე წვეთი წყალი.

სადღეისოდ მისი მომსახურეობა ჩვეულებრივ მატარებელთან შედარებით 3-ჯერ ძვირია, თუმცა, გერმანია ახალ ტექნოლოგიას აქტიურად ასუბსიდირებს. შესაბამისად, არც თუ ისე შორსაა ის საათი, როდესაც წყალბადის მატარებლები ტრადიციულებს უფუნქციოდ დატოვებენ.

ეს ტექნოლოგიური რევოლუცია არა მხოლოდ სარკინიგზო ტრანსპორტს, არამედ ავტობუსებს, ტრამვაის, შემდეგ კი თვითმფრინავებს და საზღვაო ხომალდებსაც შეეხება.

ახალი ბაზრების პოტენციალი ამოუწურავია-Bloomberg-ის მოხსენების „წყალბადის ეკონომიკის პერსპექტივები“-ს თანახმად, 2050 წელს მსოფლიოში ენერგიის მოხმარების 24%-ს სწორედ ეს უწყინარი და სუფთა გაზი დაფარავს. ოპტიმისტური სცენარის თანახმად, მომდევნო 30 წლის მანძილზე დარგი 11 ტრლნ. დოლარის ინვესტიციებს მიიღებს, ხოლო წყალბადის საწვავის გაყიდვები 700 მლრდ. დოლარს მიაღწევს.

სავარაუდოდ, ამ მხრივ ლიდერი გერმანია იქნება, რომელმაც წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ეროვნული სტრატეგია უკვე მიიღო. ქვეყნის გრძელვადიანი ამოცანაა წყალბადმა თხევადი საწვავი არა მხოლოდ ტრანსპორტში, არამედ ინდუსტრიაშიც ჩაანაცვლოს.

წყალბადის ენერგეტიკის განვითარებაზე 2023 წლამდე გერმანია 10 მლრდ. ევროს გამოყოფს – 7 მლრდ, შიდა ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და შიდა მოხმარების სტიმულირებისთვის, 2 მლრდ-ს – საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, და 1 მლრდ. – მრეწველობაში უკვე არსებული ტექნოლოგიების დანერგვისთვის.

გარდა ამისა, გერმანიის მთავრობა ეკოლოგიურად სუფთად მხოლოდ მზის და ქარის ელექტროენერგიის მეშვეობით მიღებულ ე.წ. „მწვანე წყალბადს“ მიიჩნევს. ამ კატეგორიაში ის წყალბადი არ შედის, რომელიც ნავთობპროდუქტებით ან გაზით მიღებული ელექტროენერგიითაა მიღებული.

წყალბადზე გადასასველად გერმანიას ბევრი წყალბადი სჭირდება, და ამისთვის ქვეყანას ენერგომატარებლების დამატებითი იმპორტი დასჭირდება – სწორედ ამაზეა გათვლილი 2 მლრდ. ევრო, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობაზე წავა.

ძირითადად, საუბარია ჩრდილოეთ აფრიკაში და მაროკოში მზის ელექტროსადგურების აშენებაზე.წყალბადის პერსპექტივებზე დაფიქრება პირველ რიგში მენავთობეებს მართებს – სწორედ მათ ინტერესებს ახალი ტექნოლოგია პირველ რიგში დაარტყამს.

პირველი ამას ჰოლანდიურ-ბრიტანული კონცერნი Shell მიხვდა – მან ინვესტირება განახლებად ენერგეტიკაში, სინტეტიკურ საწვავში და ელექტრომობილებში დაიწყო. მოცემულ ეტაპზე კომპანიის სტრატეგიას ეს მთლიანად ეწინააღდეგება, თუმცა მომავალში მწვანე ტექნოლოგიები კორპორაციისთვის მოგების უზარმაზარი წყარო გახდება.

წყარო: commersant.ge

Share