Home » მსოფლიო » როგორ გავხდეთ ლიდერი მარიხუნის წარმოების ლეგალურ ბაზარზე

როგორ გავხდეთ ლიდერი მარიხუნის წარმოების ლეგალურ ბაზარზე

ამ ცოტა ხნის წინ, საქართველო შეძრა და შეაზანზარა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა აპირებდა სამედიცინო მარიხუანის მოყვანის მასშტაბური პროექტის განხორციელებას. საზოგადოება ორ მკვეთრად დაპირისპირებულ ბანაკად გაიყო: უმრავლესობა ამას მიიჩნევდა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხედ და საზიანოდ, ხოლო უმცირესობა მხარს უჭერდა ამ პროექტის განხორციელებას. განსაკუთრებით ისინი, ვინც ბოლო წლებში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის იდეის პოპულარიზაციას ეწევა და ამ მიზნით საკმაოდ მასშტაბურ აქციებსაც მართავს. საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით, ამ პროექტის განხორციელების იდეა უარყოფილი იქნა. ამის წინაპირობა ერთი მხრივ, იყო ქართველების, როგორც მცირერიცხოვანი ერის შიში ფიზიკური გაქრობისა, შიში საზოგადოდ იმ პრობლემების მიმართ, რასაც საქართველოში მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკების ფართო მოხმარება ქმნის, ხოლო მეორეს მხრივ, ამ ნოვაციის თაობაზე ფაქტობრივად ინფორმაციული ვაკუუმი და საშუალოსტატისტიკური ქართველის გაუთვიცნობიერებლობა საკითხთან მიმართებაში. ე.წ. „პიარი“, ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებითაც მოიკოჭლებდა.

არავინ იცის, ეს ხელისუფლება ან რომელიმე მომავალი მიუბრუნდება თუ არა მარიხუანის მოშენების მასშტაბურ პროექტს. თუმცა, ვიდრე ამდაგვარ პერსპექტივას საბოლოო ვერდიქტს გამოვუტანდეთ, მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც უნდა გავაცნობიეროთ რასთან გვქონდა და გვაქვს საქმე. ამ თვალთახედვით კი დასავლეთში ამ ბიზნესის დღევანდელი ერთ-ერთი შემოქმედის, ბრენდან კენედის ნაამბობს შემოგთავაზებთ Harward Business Review-დან.

ავტორი – ბრენდან კენედი, კანაფის მწარმოებელი კომპანია Tilray-ს გენერალური დირექტორი

მოამზადა ბაჩანა ჯინჭარაძემ, BFM.GE

Harward Business Review, 2020, 24 აპრილი

2010 წელს ვმუშაობდი Silicon Valley Bank (SVB)-ის ერთ-ერთ განყოფილებაში. იქ, შეხება მქონდა უჭკვიანეს ადამიანებთან – ინოვაციური კომპანიების დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებთან, რომლებიც მზად იყვნენ შეუძლებელი შესაძლებლად ექციათ. მათი დამსახურებით, ჩემს გუნდს შესაძლებლობა ჰქონდა შეხება ჰქონოდათ ინოვაციურ პროდუქტებსა და ბრენდებთან. ერთხელაც, ჩემს კოლეგასთან და დიდი ხნის მეგობართან, კრისტიან გროსთან ერთად შევხვდი კალიფორნიული სტარტაპის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ კომპანიას უწოდებდნენ „სამედიცინო მარიხუანის ტექნოლოგიური კომპანია“. ჩვენ არ მოგვეწონა მათი კოლექტივი, არც მათი სტარტაპ ბიზნეს მოდელი და სტრატეგია და, რაც მთავარია, ჩვენ არ გვესმოდა, როგორ განგვევითარებინა ეს პროექტი ამ ინდუსტრიაში, რადგან ჩვენ არასდროს გვიფიქრია აქამდე მარიხუანის წარმოებაზე, როგორც ლეგალურ ბიზნესზე.


რამდენიმე დღის შემდეგ, რადიოში ახალი ამბების მოსმენისას გავიგე საკონონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც მარიხუანას ეხებოდა და იმავე წელს, კალიფორნიის შტატში რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობდა. კანონპროექტი მარიხუანის ლეგალურად მოხმარებას ითვალისწინებდა პირადი მიზნებისთვის და ასევე კომერციული ინტერესებისთვის. ამან ძალიან დამაინტრიგა და ჩემს მეგობარს ბიზნეს სკოლიდან, მაიკლ ბლიუს დავურეკე. იმ დროისათვის სამედიცინო მარიხუანის წარმოება აშშ-ის 15 შტატსა და 15 ქვეყანაში იყო ლეგალიზებული, მაგრამ მისი პირადი მოხმარებისთვის გამოყენება ჯერ არსად იყო ლეგალური. ჩვენ, კრისტიანთან და მაიკლთან ერთად, დავფიქრდით ამ ინდუსტრიის პოტენციალზე და დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება.

რამდენი თვის შემდეგ, კალიფორნიის მოსახლეობამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. მოგვეჩვენა, რომ ჩვენი ძალისხმევა ამაო იყო, თუმცა გულიდან ლოდი მოგვეხსნა: ჩვენ განვიცდიდით იმას, რომ ახალი ბაზრის არსებობის შესახებ გვიან გავიგეთ. ზუსტი შეფასების გაკეთება შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენი გათვლებით, ლეგალური მარიხუანის ინდუსტრია, როგორც რეკრეაციული, ასევე სამედიცინო, ჯამში 40-50 მილიარდი დოლარის მოცულობის იყო. ეს მხოლოდ აშშ-ში. რაც შეეხება გლობალურ მასშტაბს, ამ ინდუსტრიის მოცულობა 150-200 მილიარდ დოლარამდე ადიოდა.. ბაზრის საერთო სურათი საკმაოდ ფრაგმენტული იყო – კომპანიები გაუაზრებლად ფუნქციონირებდნენ, არ არსებობდა ბრენდული ფირმები, არ არსებობდა საერთო სტანდარტები, პროფესიონალი მენეჯერები, კაპიტალზე წვდომა სექტორს შეზღუდული ჰქონდა. ამან ჩვენ შანსი მოგვცა დაგვეარსებინა კომპანია იმაზე ადრე, ვიდრე მარიხუანის ლეგალიზება მოხდებოდა და გვქონოდა შესაძლებლობა ახალდაბადებული ინდუსტრიის თავში მოვქცეულიყავით.

2010 წელს დავეთხოვე ბანკს და ჩემს მეგობრებთან, კრისტიანთან და მაიკლთან ერთად დავიწყე ბიზნეს გაგმაზე მუშაობა, რომელიც მომავლის წარმოებას ეხებოდა მარიხუანის სახით. თავიდან ვიფიქრეთ ვენჩურული ფირმის შექმნა და სტარტაპებში ინვესტციების დაბანდება, რომლებიც მარიხუანის წარმოებით იქნებოდნენ დაკავებულნი. ეს ადვილი არ აღმოჩნდა. ყველა კომპანია ჩვენ საეჭვოდ მოგვეჩვენა. არ მოვისურვეთ მათთვის კაპიტალის მინდობა. საბოლოოდ გადავედით პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის ფონდის მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ჩვენ თვითონ გვემართა და განგვევითარებინა კომპანია.

ლაბირინთიდან გამოსავლის ძიება


მე დავიბადე სან ფრანცისკოში. შვიდშვილიან ოჯახში მეექვსე ვიყავი. მშობლები არ იყვნენ შეძლებულები. 16 წლიდან დავიწყე მშენებლობაზე მუშაობა. შემდეგ არქიტექტორის დიპლომი ავიღე „ბერკლიში“, მაგისტრის ხარისხი ავიღე სამოქალაქო ინჟინერიაში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში. უმაღლეს სასწავლებელში სწავლისას, დაინტერესებული ვიყავი პროგრამირებით და დავაფუძნე კომპანია, რომელიც პროგრამირებით უზრუნველყოფდა დამკვეთებს. შემდგომ სტარტაპი გავუშვი, რომელიც ონლაინ მომსახურებას უზრუნველყოფდა. 2002 წლისათვის ამ საქმიდან გამოვედი, მართალია დიდი მოგებით ვერა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი შედეგით. გამოვიდა, რომ 30 წლის ასაკში უკვე მოვასწარი ორი ფირმის ხელმძღვანელობა. ცოტა თუ იყო მსურველი ასეთი გამოცდილებით ავეყვანე სამსახურში. ამიტომ, გადავწყვიტე ბიზნეს-სკოლაში სწავლა, სადაც ვფიქრობდი, რომ დაგროვებული პრაქტიკული ცოდნის სისტემატიზაციას მოვახდენდი. მაგისტრატურა „იელში“ დავამთავრე. 2005 წელს, სამუშაოდ მოვეწყვე SVB-ში, სადაც მოვახერხე გავმხდარიყავი დირექტორი და მეხელმძღვანელა ახლად შექმნილი ანალიტიკური დეპარტამენტისთვის.

მე, ორ კოლეგასთან ერთად, მიმავლინეს კონკრეტული დავალების შესასრულებლად. ვენჩურული კაპიტალით შექმნილ სტარტაპებში, უნდა გამოგვეთვალა ბაზარზე ოპციონების საბაზრო ღირებულება. ამ ოპციონებისათვის არ არსებობდა ბაზარი, რაც დავალებას ართულებდა, თუმცა ჩვენ საამისო მოდელი შევიმუშვეთ. შედეგად, ჩვენი გუნდი 3 ადამიანიდან 125 ადამიანამდე გაიზარდა. კლიენტების რაოდენობა კი 0-დან 3 000-მდე. ერთ-ერთი ჩვენი კლიენტი იყო კომპანია „ტესლა“ (მაშინ ენთუზიასტებით სავსე გუნდი). მე მომეცა საშუალება ილონ მასკის პირველ ავტომობილში ჩავმჯდარიყავი, ხოლო შემდეგ მემგზავრა კიდეც. ამ საქმით დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი დაკავებული. ყოველდღე მოდიოდნენ ნიჭიერი მეწარმეები, მათგან მე ბევრი რამ ვისწავლე.

მანამ, სანამ დავიწყებდით მარიხუანის ბაზრის შესწავლას, მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. ყოველთვის ვიყავი დაკავებული სპორტით და არასდროს ვყოფილვარ მწეველი. რამდენჯერმე გავსინჯე მარიხუანა, მაგრამ არ მომეწონა. ამავდროულად ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრე ვიყავი. დარწმუნებული ვარ, კანაფის მოხმარება უნდა იყოს ლეგალური და ნარკოტიკების გამო ადამიანების ციხეში ჩასმა ამორალური ქმედებაა.

მშენებლობაზე მუშაობამ შემძინა უნარი, რომ ადამიანებთან საერთო ენა გამომენახა. ეს დამეხმარა ახალ პროექტზე მუშაობისასაც. ჩვენ ვიმოგზაურეთ ჩრდილოეთ კალიფორნიისა და სამხრეთ ორეგონის მთებში, კოლორადოსა

და ვაშინგტონში, ბრიტანული კოლუმბიის მეურნეობებში. დავდიოდით ყველგან, სადაც ადამიანები აწარმოებდნენ მარიხუანას, როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად. ვიყავით იამაიკაზეც. ასევე ვიყავით ლიცენზირებულ საწარმოებში, რომლებიც მდებარეობს ისრაელში. ამსტერდამში, ერთი დღის განმავლობაში 80-ზე მეტ „კოფიშოპში“, სადაც მარიხუანათი ვაჭრობდნენ.

გზადაგზა ვხვდებოდით პრობლემებსაც. ჩვენი ჩაცმულობა – პიჯაკი, იწვევდა უნდობლობას, ბევრს ნარკოტიკებთან ბრძოლის ფედერალური აგენტები ვეგონეთ. ნდობის მოპოვება რთული აღმოჩნდა. ჩვენ ვიხდიდით ასობით ფინჯანი ყავის საფასურს, საუზმის, ლანჩისა და ვახშმის საფასურს და ვხვდებოდით ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ათასობით კითხვას ვუსვამდით. იმ დროისთვის შეძენილი კონტაქტები, დღემდე ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის და დღემდე ვიღებთ ინდუსტრიის შესახებ ახალ ამბებს.

ჩვენ დავიწყეთ შეგროვებული ინფორმაციის შეჯამება და სწრაფადვე გადავაწყდით ერთ საინტერესო ფაქტს. შევისწავლეთ Gallup-ის მონაცემები, რომელიც 1973 წლიდან ამერიკელების გამოკითხვას ახდენს მარიხუანის ლეგალიზებისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ და აღმოვაჩინეთ, რომ მონაცემები მსგავსი იყო. ორივე მოვლენის დაკანონების მომხმარეების რაოდენობა თითქმის ერთნაირი იყო -უბრალოდ, მარიხუანა ჩამორჩებოდა 5 წლით, მომხრეების რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით. 2012 წელს ცხადი გახდა, რომ ერთსქესიანთა ქორწინება აშშ-ის უმრავლეს შტატში ხდებოდა კანონიერი. ამან თვითდაჯერება შეგვმატა, რომ მარიხუანის ლეგალიზებაც მალე გახდებოდა რეალური.

ადამიანები შერეკილებად მიგვიჩნევდნენ

თანდათანობით დავიწყეთ ინვესტიციის კონცეფციის შემუშავება. 1) სამედიცინო მარიხუანა საბოლოოს იქნება გამოყენებული სამედიცინო მიზნებისთვის; 2) ინდუსტრიის წარმომადგენლები ძირითადად ორიენტირებულნი იყვნენ კონრეტულ რეგიონზე – ვიწრო სეგმენტზე, დაბალ ფასზე; 3) შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მარიხუანის ბაზარი ეკონომიკაში თავის ადგილს დაიკავებდა – გაჩნდებოდა რა ბრენდები და საერთაშორისო მიმწოდებლები. ჩვენ ვცდილობდით ინვესტიციების განხორციელებას ისეთ კომპანიებში, რომლებსაც შეეძლებოდათ ესარგებლეთ ამ ტენდენციით.

კონცეფციის შემუშავების პროცესში ნათელი გახდა, რომ ვენჩურული კაპიტალით ოპერირება ჩვეთნის მთლად ხელსაყრელი არ იქნებოდა. ყურადღება უნდა გაგვემახვილებინა ადრეულ ინვესტიციაზე, 7 წლის შემდგომ ვგეგმავდით ბიზნესიდან გამოსვლას და პარტნიორებისთვის ფულის დაბრუნებას. პროცესების განვითარების ეს სტრატეგია იყო არაპროგნოზირებადი – გვესმოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ არ ვიცოდით განვითარების დრო. გვჭირდებოდა მეტი მოქნილობა, საშუალება უნდა გვქონოდა გვეყიდა კომპანიები და მინორიტარული ინვესტიციები განგვეხორციელებინა, რომლითაც არ იქნებოდა ცნობილი როდის და როგორ იქნებოდა აქციები გამოსყიდული. გადავწყვიტეთ პირდპირი ინვესტიციების ფონდის დაფუძნება, რომელსაც დავარქვით Privateer Holdings.

პირველი ორი წელი კაპიტალის მობილიზების თვალსაზრისით პრაქტიკულად არარეალური იყო. ადამიანები ჩვენ შეშლილებად გვთვლიდნენ. რომ არა ჩვენი გამოცდილება, ჩვენთან ურთიერთობას არავინ მოისურვებდა. ჩვენ ათეულობით წარმატებული შეხვედრა ჩავატარეთ პოტენციურ ინვესტორებთან. ვიღაცები თავაზიანად უსმენდნენ ჩვენს ანალიზს, ხოლო ვიღაცები დაგვცინოდნენ, ვიღაცები პირდაპირ გვეკითხებოდნენ: „რატომ ინგრევთ კარიერას მცდელობით, რომ მარიხუანის პოპულარიზაცია მოახდინოთ?“.

შემდეგ დადგა 2012 წელი, როდესაც აშშ-ის ორ შტატში, ვაშინგტონსა და კოლორადოში მარიხუანის რეკრეაციული მოხმარება, ხოლო კიდევ ორ შტატში სამედიცინო მიზნებისთვის მისი გამოყენება ლეგალური გახდა. უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენ არც ისეთი გიჟები ვიყავით. იმ დროისთვის, გამოკითხვების თანახმად, ამერიკელთა 70% მხარს უჭერდა მარიხუანის სამედიცინო მიზნით გამოყენებას, ხოლო 50% კი რეკრეაციული მიზნით მომხმარებას. ეს გახდა მობრუნების წერტილი და სწორად გადგმული ნაბიჯი საზოგადოების მხრიდან.

ჩვენი პირველი შენაძენი იყო ვებ-გვერდი Leay. აღნიშნულ საიტზე მარიხუანის სხვადასხვა სახეობის განხილვა ხდებოდა. ჩვენ მოგვეწონა როგორც კომპანია, ასევე იქ დასაქმებული ადამიანები. ამასთან, ისინი გვაძლევდნენ კარგ საშუალებს, უფრო მეტად შეგვესწავლა პროდუქტი და მომხმარებლების შეხედულებები. ამასთან, რადგან Leay იყო მედიასაშუალება, ის არ იყო უკანონო. ეს დამატებითი პლუსი აღმოჩნდა. ეს ვებ-გვერდი დღემდე საუკეთესო ონლაინ-რესურსია მარიხუანას შესახებ ინფორმაციის თვალსაზრისით.

ხმა კანადიდან

2013 წელს ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდა კანადის ხელისუფლება. მანამდე, კანადაში მარიხუანას აწარმოებდნენ ერთი კონტრაქტის საფუძველზე, შემდეგ კი გადაწყვიტეს გადასულიყვნენ სხვა კერძო მწარმოებლებზე, გადამამუშავებლებსა და დისტრიბუტორებზე. პრეტენდენტები, რომლებსაც ფედერალური ლიცენზია ჰქონდათ, რთულად პოულობდნენ ინვესტორებს და ნაციონალურმა ხელისუფლებამ, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა კონტაქტი დაემყარებინა Privateer-თან წინადადებით, რომ დახმარება გაეწიათ სტარტაპებისთვის. ჩვენ შევისწავლეთ 60 ფირმა, რომელსაც პროგრამაში მონაწილეობა სურდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც ერთ მათგანში ინვესტირებას აზრი არ ჰქონდა. ჩვენ გულწრფელად ვუთხარით კანადის ხელისუფლებას, რომ გვერჩივნა საკუთარი ფირმის შექმნა და იქ კაპიტალის ჩადება. მათ გვიპასუხეს, რომ თუ ჩვენ ყველაფერს სწრაფად გავაკეთებდით, ისინი მხარს დაგვიჭერდნენ და დაგვეხმარებოდნენ. მალევე დავაარსეთ კომპანია Tilray, შევიტანეთ განაცხადი ლიცენზიაზე, ვიყიდეთ მიწა და გავაშენეთ სათბურების კომპლექსი. 2014 წლის აპრილში, კანადაში უკვე პირველი პარტია ჩავუშვით გაყიდვაში, როგორც ლიცენზირებულმა კომპანიამ.

ჩვენს სათბურებს ფუნდამენტურად ახალი დიზაინი გააჩნდა. სანამ სხვადასხვა პლანტაციებში ვმოგზაურობდით, მე როგორც ინჟინერი, ვცდილობდი გავრკვეულიყავი თუ როგორ იყო ყველაფერი მოწყობილი. საკუთარი მეურნეობის შექმნისას, ჩვენ ყველაფერი გავაერთიანეთ, რაც პლანტაციების მონახულებისას ვნახეთ. მოვაწყვეთ ლაბორატორია და 40 იდენტური სათბური გავაკეთეთ, სადაც A/B ტესტირება ჩავატარეთ. ერთი და იმავე მარიხუანის ჯიშის მცენარეს, ვუცვლიდით ამა თუ იმ პარამეტრს მისი მოყვანის პერიოდში. მაგალითად, ჰაერში ნახშირორჟანგის პროცენტულ რაოდენობას, ტენიანობას, განათებას. მსოფლიოში არსად ასეთი სიზუსტით არ უდგებოდნენ მარიხუანის მოყვანას. ეს ჩვენს კომპანიას – Tilray, დაეხმარა გამხდარიყო პირველი, რომელსაც კანადის ჯანდაცვის სამინისტრო ენდობოდა. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ 10 კვლევას ვატარებთ. გარდა ამისა, ჩვენს კომპანიას უამრავი დისტრიბუტორი ჰყავს, მათ შორის Sandoz(Novartis)-ი, რომელთანაც გლობალური ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული.

2014 წლის დეკემბერში, ჩვენ მივიღეთ ინვესტიცია Founders Fund-ისგან, პიტერ ტილაის ვენჩურული ფირმისგან. ეს იყო პირველი ინსტიტუციური ინვესტიცია კანაფის ინდუსტრიაში. ძალიან ვაფასებ პიტერს და ასევე ჯეფ ლუისს, პროექტის ხელმძღვანელს და მთელ გუნდს ამ არასტანდარტული ნაბიჯისთვის. ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ამან ჩვენ გზა გაგვიხსნა სხვა ინვესტორებისკენაც. 2018 წლის ოქტომბერში 1,1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ჩვენს ბიზნესში.

იმ დროისათვის კანადა უკვე თანამშრომლობდა ბევრ წვრილ მიმწოდებელთან. ისინი არ იყვნენ მომგებიანნი და მუდმივად საჭიროებდნენ ფინანსებს. ზოგიერთმა  ფირმამ ტორონტოს საფონდო ბირჟაზე სცადა გასვლა, IPO აქციების განთავსება. 2017 წელს ამის გაკეთებას ჩვენც ვაპირებდით. თუმცა, რამდენიმე ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა ბოსტონსა და ნიუ იორკში გვითხრა, რომ არ შეეძლოთ კანადურ სააქციო საზოგადოებასთან კავშირის დაჭერა და შემოგვთავაზეს აქციების განგვეთავსებინა აშშ-ში. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მარიხუანას მწარმოებლები კვოტირებული ყოფილიყვნენ აშშ-ში, რათა ბუღალტრული აღრიცხვა იქ არსებული სტანდარტებით განხორციელებულიყო. ჩვენ ვყოყმანობდით, რადგან ერთეული შტატები კი ახდენდნენ მარიხუანის ლეგილიზებას, მაგრამ ფედერალური კანონი მას მაინც კრძალავდა. ამიტომაც, ბანკები და საკრედიტო კომპანიები ფრთხილობდნენ მათთან ტრანზაქციის განხორციელების სერვისის კუთხით. მეორე მხრივ, ჩვენი ოპერაციები მკაცრად იყო შემოფარგლული იმ ქვეყნებთან, სადაც მარიხუანის წარმოება იყო ლეგალური, ასე რომ, ჩვენ აშშ-ის არანაირ კანონს არ ვარღვევდით. თუმცა, საკითხის გადასაწყვეტად ჩვენ მივმართეთ საკმაოდ კვალფიციურ იურისტებს და ასევე ვესაუბრეთ SEC-სა და NASDAQ-ს. 2017 წლის შემოდგომაზე, საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ გავსულიყავით აშშ-ის საფონდო ბირჟაზე და განგვეთავსებინა IPO აქციები.

2018 წლის პირველი ნახევარი გავატარე სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა ინვესტორებთან შეხვედრებზე. Tilray ერთადერთი კომპანიაა იმ 20 უმსხვილესი მწარმოებლისგან, რომელიც კანადაში არ ვაჭრობს აქციებით. ბევრი ინვესტორი არ იყო თანახმა ჩვენი აქციები შეესყიდა, მაგრამ ინტერესის გამო მაინც გვხვდებოდნენ. ჩვენ დოკუმენტაცია გადავეცით უმსხვილეს იურიდიულ კომპანია SEC-ს და მე მოვიარე თითქმის მთელი მსოფლიო – სიეტლი, ჰონგ კონგი, სიდნეი, ლონდონი, ფრანკფურტი, ნიო იორკი, ბოსტონი, სან ფრანცისკო, ვანკუვერი, ჩიკაგო, რომ მეამბო მათთვის, თუ როგორ ვაწარმოებდით ჩვენ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო კანაფს და როგორ ვქმნიდით კანადისთვის რეკრეაციულ, ბრენდულ კანაფს და როგორ ვავითარებდით გლობალურ ქსელს. ივლისში ჩვენ გავხდით პირველი კომპანია ინდუსტრიაში, რომელმაც IPO აქციები განათავსა ამერიკაში, საფონდო ბირჟაზე.

მას შემდგომ, ჩვენი აქციები ბევრმა ბანკმა და ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა შეიძინა. ბაზარი თანდათან ეჩვევა ჩვენს ინდუსტრიას. 2018 წლის შემოდგომაზე, ჩვენ გამოვუშვით კონვერტირებადი ობლიგაციები. დამზღვევად გამოვიდა Bank of America Merrill Lynch-ი. სულ რაღაც 1 წლის წინ, ეს წარმოუდგენლად ჩანდა. მოზიდული თანხების ნაწილი გამოყენებული იქნა პორტუგალიაში სათბურების აშენების მიზნით. ახლა ჩვენ არ გვჭირდება კანაფის ჩამოტანა კანადიდან. ჩვენ მას ევროკავშირში ვაწარმოებთ.

დიდი გზის დასაწყისი

ჩვენი ინდუსტრია ახალგაზრდაა და არასტაბილური, მასში იზრდება კონკურენცია და ასე გაგრძელდება დიდხანს. სტატიის დაწერის პროცესში, სამედიცინო მარიხუანის წარმოება ლეგალურია 41 ქვეყანასა და აშშ-ის 33 შტატში. 2022 წლის.თვის, მჯერა რომ ის 80 ქვეყანაში იქნება ლეგალური. მარიხუანის პირადი მოხმარება ლეგალურია კანადაში, ურუგვაიში და აშშ-ის 11 შტატში. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მათ დაემატება ლუქსემბურგი, პორტუგალია, მექსიკა და ახალი ზელანდია. ტრენდი გაგრძელდება.

რაღაც მომენტში, რეკრეაციული მარიხუანა გახდება დომინანტი, მაგრამ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ჩვენი მთავარი პროდუქტი სამედიცინო მარიხუანა იქნება. ახლა ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ კანონმდებლებს, ხელისუფლებებს და ექიმებს მთელი მსოფლიოდან. ვთავაზობთ მათ ჩვენს არგუმენტებს მედიცინაში მარიხუანის გამოყენების კუთხით. ჩვენი პროდუქციის ექსპორტს 13 ქვეყანაში ვახორციელებთ, მაგრამ არ ვაკეთებთ ბიზნესს აშშ-ში (გამონაკლისია მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ოთხი კლინიკური კვლევა). განვიხილე კანონის შემსუბუქება კონგრესმენებთან, თუმცა, ვფიქრობ, ამ სფეროში ცვლილება ამომრჩევლებისგან უნდა განხორციელდეს. 2020 წლის ნოემბერში, მარიხუანის რეკრეაციული მოხმარება სავარაუდოდ შვიდ-ცხრა შტატში დაიშვება. როცა სენატორები მიხვდებიან, რომ მათი შტატების მაცხოვრებლები ითხოვენ მარიხუანის ლეგალიზებას, მათი მოსაზრება კანონებთან დაკავშირებით შეიცვლება.

გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა კანაბიდოილის დიდი პოტენციალის. ჩვენ მასზე ყურადღება გავამახვილეთ დიდი ხნის წინ და გაოცებული ვართ იმ ტემპების დაჩქარებით, რასაც მედიცინაში მისი გამოყენების გახშირება ჰქვია. რამდენიმე წელში, ვვარაუდობთ, რომ ჩვენ დავინახავთ წამლების ფორმულაში მათ დასახელებას.

მარიხუანას დამოკიდებულებაზე დაკვირვებისას, ჩვენ შევნიშნეთ ხუთი სტადია: სრული აკრძალვა, დეკრიმინალიზაცია, კანაბიდოილის ლეგალიზება, სამედიცინო მიზნით მიღების ლეგალიზება და არასამედიცინო მიზნით გამოყენების ლეგალიზება. 20 წლის წინ, თითქმის ყველა ქვეყანა იყო აკრძალვის სტადიაზე. მე და ჩემს პარტნიორებს გაგვიმართლა. ჩვენ ტრენდის განვითარება სხვებზე ადრე შევამჩნიეთ და შედეგად წარმატებული ბიზნესი წამოვიწყეთ.

ჩვენს ბიზნესში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ინდუსტრია ჯერ კიდევ გზის დასაწყისშია. ის ბრენდები და პროდუქტები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე არიან დღეს წარმოდგენილები, სამომავლო კომპანიებისთვის იქნებიან ერთგვარი პროტოტიპები. ჩვენ გვაქვს შანსი ამ პროცესის სათავეში ვიყოთ და ვმართოთ, მომავალი მრავალმილიარდიანი ბაზარი ლეგიტიმური გავხადოთ, რომელიც ჩვენს თვალწინ გამოდის ჩრდილიდან. არასდროს ასე არ მიმუშავია და არასდროს ვყოფილვარ ასეთი შემართული. ვერ ვითმენ ვნახო ის, თუ სად მიგვიყვანს ეს გზა.

Share