Home » ბიზნესი » რესტორანში შესვლამდე მოქალაქეებს ტემპერატურას გაუზომავენ

რესტორანში შესვლამდე მოქალაქეებს ტემპერატურას გაუზომავენ

რესტორნებს მუშაობის განსაახლებლად რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მოთხოვნებს შორისაა რესტორანში შესვლამდე მოქალაქეთა ტემპერატურის შემოწმება, დეზინფექცია და დისტანციის დაცვა.

„რესტორნებთან დაკავშირებით მოთხოვნილი არის ტემპერატურული სკრინინგი მომსახურების მიღებამდე, სადეზინფექციო სამუშოები, მაგიდების განლაგება, შესაბამისი დისტანცია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

საქართველოს რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე კი ამბობს, რომ მთავრობასთან სარესტორნო ბიზნესს ძალიან წარმატებული ურთიერთობა აქვს და მიმდინარეობს რეგულაციებზე მუშაობა.

„მთავრობასთან მიდის მუშაობა, რათა ეს გაიდლაინი იყოს ადეკვატური, როგორც ჯანდაცვის თვალსაზრისით, ასევე ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით. რასაკვირველია, არის ლაპარაკი გარკვეულ შეზღუდვებზე, სიმჭიდროვის შემცირებაზე. რასაც ჩვენ ვამბობთ, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქმება მთავრობის მიერ. პრობლემები არის რასაკვირველია, რადგან შემცირებული სამუშაო არეალი ნაკლები შემოსავლის მიღებას გულისხმობს და შესაბამისად, პრობლემას აჩენს“, – აღნიშნა გაბრიჩიძემ.

Share