Home » ბიზნესი » რევაზ ვაშაკიძე: ჩვენთან არაფერს აწარმოებენ და კურსის ცვალებადობა ინლფაციაზე პირდაპირ გადადის

რევაზ ვაშაკიძე: ჩვენთან არაფერს აწარმოებენ და კურსის ცვალებადობა ინლფაციაზე პირდაპირ გადადის

ბიზნესმენმა, კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ, რომელიც „ბიუ-ბიუს“ ბრენდით საქართველოში ქათმის ხორცის პროდუქციას აწარმოებს, „ბანკები და ფინანსებთან“ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობაზე, არაპროგნოზირებადობაზე და ამისგან მომდინარე ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბიზნესისთვის და მოსახლეობისთვის ცუდია, როცა ეროვნული ვალუტა არის სუსტი და თან ეს სუსტი ვალუტა კიდევ უფასურდება.

„ეს ჩვენი ეკონომიკის დიდი პრობლემაა. ეკონომიკაში წარმოების წილი ძალიან ცოტაა. ქვეყანა, ძირითადად, იმპორტზეა გადასული და დამოკიდებული. ბუნებრივია, როდესაც მცირდება შემოდინება დოლარის ან ევროსი, მაშინვე უფასურდება ლარი.

ჩემი აზრით, ეს პროცესი გაგრძელდება. გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში არ დაიწყება რაღაცის წარმოება ან ისეთი სერვისის გაკეთება, რომელიც გაიყიდება დოლარზე“, – აღნიშნა ვაშაკიძემ.

ვაშაკიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დებულებით ეროვნულ ბანკს ინფლაციაზე პასუხისმგებლობა აკისრია და არა კურსის სტაბულურობაზე. მაგრამ რადგანაც საქართველოში, ძირითადად, არ ხდება რაიმეს წარმოება, ვალუტის გაუფასურების პროცესი პირდაპირ დამოკიდებულებაში გადადის ინფლაციასთან.

„შესადარებლად, თუნდაც რუსეთი რომ ავიღოთ, იქაც არის კურსის ცვალებადობა, მაგრამ იქ პურის ფასი არ იზრდება, ხორცის ფასი არ იზრდება და ასე შემდეგ, რადგან იქ რაღაცას მაინც აწარმოებენ. ჩვენთან არაფერს აწარმოებენ და კურსის ცვალებადობა ინლფაციაზე პირდაპირ გადადის“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.

Share