Home » ბიზნესი » რეგულაციები და გრძელვადიანი ხედვების არარსებობა – ბიზნესის შენიშვნები ხელისუფლებას

რეგულაციები და გრძელვადიანი ხედვების არარსებობა – ბიზნესის შენიშვნები ხელისუფლებას

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას “საქსტატი” აქვეყნებს.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების ზრდას საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ მეტი ტემპია საჭირო და ამ მხრივ პირველ რიგში დახმარება ადგილობრივ ინვესტორებს სჭირდებათ.

“ინვესტიციების ზრდა კარგია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია და უფრო მეტი ტემპი გვჭირდება. ამაზე მთავრობაც და ბიზნესიც აქტიურად საუბრობს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩადოს როგორც ადგილობრივმა ასევე უცხოელმა ინვესტორებმა. ხაზს ვუსვამ, რომ ადგილობრივ ბიზნესს უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ, რათა ინვესტიციები ჩადონ. ჩვენ გვინდა, რომ იყოს მაქსიმალურად სტაბილური გარემო და ვფიქრობ, ეს ყველას ესმის. ასევე ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში და რაც შეიძლება მეტი ჩაიდოს ქართველი ინვესტორების მხრიდან, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან უცხოური ინვესტორების ძალიან დიდი ნაწილი ქართველ მეწარმეებს შემოჰყავს. ამ ყველაფრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა”, – აცხადებს სოსო ფხაკაძე.

ინვესტიციების შემოდინების შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

“მესამე კვარტალში წინასთან შედარებით მართალია გაზრდილია ინვესტიციები, თუმცა, გასულ ცხრა თვესთან შედარებით შემცირებულია. პრობლემა კვლავ არსებული რეგულაციებია, ასევე კონკრეტულ ინდუსტრიებში საკანონმდებლო ბაზის და ზოგადად გრძელვადიანი რეფორმის ხედვის არარსებობა. იმედი გვაქვს, რომ ის პირველი მიმართულება რაც საბანკო რეგულაციებს შეეხება მალე და ეფექტურად მოგვარდება. ველოდებით რომ 200 000-იანი ბარიერი დაიწევს და ასევე სხვა ტიპის ბარიერები შეიცვლება, რაც ეროვნული ბანკის კომპეტენციაშია, ვგულისხმობ ბაზარზე დოლარის მიწოდების გააადვილებას და ლარის კურსის გამყარებას – ეს არის ყველაზე მთავარი”, – განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის 9 თვეში 908.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 1094.1 მლნ აშშ დოლარი იყო. 2019 წლის III კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 18.8 პროცენტით, მეორე ადგილზე ნიდერლანდი – 16.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე თურქეთი – 10.3 პროცენტით.

commersant.ge

Share