Home » ბიზნესი » რა შედეგები მოიტანა “თამბაქოს შესახებ კანონმა” 2019 წელს

რა შედეგები მოიტანა “თამბაქოს შესახებ კანონმა” 2019 წელს

მიმდინარე წელს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მოსახლეობაზე “ზრუნვის” წელი. საქმე ისაა, რომ მიმდინარე წელს მთავრობამ ყველა ბერკეტი აამოქმედა მწეველების წინააღმდეგ. თამბაქოს ნაწარმზე შეზღუდვებს “თამბაქოს შესახებ კანონი” ითვალისწინებს, რომელიც 2018 წელს შევიდა ძალაში. ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვისას ექსპერტები და ეკონომისტები საუბრობდნენ, რომ კანონპროექტს აკლდა ეკონომიკური დასაბუთება და გაუმართავი იყო. როგორც აღმოჩნდა სპეციალისტების ვარაუდი უსაფუძვლო ნამდვილად არ იყო იმდენად, რამდენადაც კანონის ამოქმედების მომენტიდან, ხელისუფლებას პოსტ-ფაქტუმ უწევს სხვადასხვა ღონისძიებების გატარება, რათა ამ რეგულაციათა პაკეტის მიერ გამოწვეული პრობლემები აღმოფხვრას. ერთად გადავავლოთ თვალი თუ რა შედეგები მოიტანა, აღნიშნულმა კანონმა და რა ცვლილებები განხორციელდა ზემოთ ნახსენები კანონიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს.

კანონის ამოქმედებამ რისკები სამი ძირითადი მიმართულებით შექმნა. ესენი იყო სამუშაო ადგილების შემცირება, მომხმარებლის დაბალხარისხიან პროდუქტზე გადასვლა და კონტრაბანდული პროდუქციის წახალისება. პირველი რისკი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ მთავრობამ ამ რეგულაციის გატარებაზე უარი თქვა და ის მხოლოდ ფორმალურ რეგულაციად დარჩა.

საუბარია გზისპირა ჯიხურებზე, საქმე ის გახლავთ, რომ რეგულაციის მიხედვით იკრძალებოდა ამ ჯიხურებიდან თამბაქოს რეალიზაცია, ავტომობილიდან გადმოუსვლელად. რაც აპრიორი უკარგავდა ამ ჯიხურების არსებობას აზრს. აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება რამდენიმე ასეული ადამიანისთვის სამუშაო ადგილის დაკარგვას ნიშნავდა, სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ რეგულაცია მხოლოდ ქაღალდზე დარჩენილიყო.

მეორე რისკი, რომელზეც სპეციალისტები მიუთითებდნენ იყო მომხმარებლის დაბალხარისხიან პროდუქტზე გადასვლა. მთავრობის სქემა მარტივი იყო, რეგულაციები მწეველების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, სიგარეტის პერმანენტული გაძვირებით ითვალსწინებდა. ოფიციალურად სწორედ ამ მიზეზით დაიწყო თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდა, იმდენად რამდენადაც, ფილტრიან სიგარეტზე აქციზი უფრო მეტად იზრდებოდა, მომხმარებელი მალევე გადავიდა უფილტრო სიგარეტზე. ანუ მთავრობამ საპირისპირო შედეგი მიიღო და მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვით დაწყებულმა აქციამ, მომხმარებელი უფრო დაბალხარისხიან და მავნებელ პროდუქტზე გადაიყვანა.

ამას მონაცემებიც აჩვენებს მაგალითად, თუ 2015 წელს სულ 25.6 მილიონ კოლოფი უფილტრო სიგარეტზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს ამ რიცხვმა 79 მილიონ კოლოფს მიაღწია.  უფილტრო სიგარეტზე გაცემული მარკების 20%-ნი ზრდა ფიქსირდებოდა 2018 წელსაც. მართალია მთავრობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გეგმა ჩავარდა, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და იმდენად, რამდენადაც უფილტრო სიგარეტის დიდი წილი ადგილობრივი წარმოებისაა, ამ მექანიზმმა სრულიად გაუთვალისწინებლად ადგილობრივი წარმოება წაახალისა, თუმცა დროებით.

მთავრობამ დაშვებული შეცდომის გამოსწორება, ისევ ჩვეული მეთოდით სცადა და ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზი გაათანაბრა. “ბონუსად” კი ადვალური გადასახადიც მოაყოლა. კერძოდ 2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. ადვალური გადასახადი ეს არის გადასახადის ისეთი ფორმა, რომელიც ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს.

მართალია აღნიშნული ცვლილებებით მთავრობამ ადგილობრივი ბიზნესი მოკლა, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ფასიც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მთავრობის “კეთილშობილური” გეგმა გამოსულიყო. მეტიც მთავრობამ, ისევ საპირისპირო შედეგი მიიღო და მოსახლეობა, კიდევ უფრო დაბალხარისხიან პროდუქტზე, ე.წ. გადასახვევ თამბაქოზე გადავიდა. მთავრობამ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაც, ისევ ჩვეული, თუმცა არაეფექტური გზით სცადა და ამჯერად უკვე თუთუნიც აქციზის განაკვეთით დაბეგრა.

კერძოდ, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით აიკრძალა ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე, ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება. აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად შეფუთვაში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული. თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე/ბლოკზე და თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული იყოს “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

ბოლოს და ბოლოს მთავრობამ თითქოს მიაღწია სასურველ შედეგს, თუმცა მხოლოდ თითქოს. როგორც ზემოთ ვახსენეთ, რეგულაციებმა თავიდანვე 3 მთავარი რისკი წარმოშვა, სწორედ მესამე, კონტრაბანდული რისკები წაახალისა ბოლო რეგულაციამ ყველაზე მეტად.

ამას ნათლად აჩვენებს მონაცემებიც. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ეს რიცხვი უკვე 48-მდე იყო გაზარდილი.

რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით კი 494 320 კოლოფი. 2018 წლის ივლის-სექტემბერში საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უაქციზო თამბაქოს ღირებულებამ 98 000 ლარს გადააჭარბა. მეტი თვალსაჩინოებისთვის – 2014 წლიდან 2016 წლამდე ქვეყანაში კონტრაბანდული საქონლის შემოტანა 48-ჯერ გაიზარდა და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება. თუ მიმდინარე წლის მონაცემებს ჩავხედავთ დავინახავთ, რომ 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2019 წლის პირველ კვარტალში 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ქვეყანაში არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანის თაობაზე.

როგორც მონაცემები აჩვენებს, კონტრაბანდა კოლოსალურად არის გაზრდილი, მთავრობა კი ამ რეალობას, მხოლოდ თამბაქოს ნაწილში ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებით პასუხობს. კერძოდ, მომდევნო წლის ბიუჯეტში აქციზის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 82 მილიონი ლარით შეამცირა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ამ ნაწილში მთავრობის გეგმა მხოლოდ 83%-ით შესრულდა. მნიშვნელოვანი ჩავარდნები იყო წინა წლებშიც. მაგალითად, თუკი 2017 წელს აქციზიდან შემოსული გადასახადები საშემოსავლო ნაწილის 16,1%-ს შეადგენდა, იგივე მაჩვენებელი 2018 წელს 15,1%-ით განისაზღვრა. ნათელია, რომ მთავრობაც გრძნობს შვი ბაზრის ზეგავლენას ეკონომიკასა და ოფიციალურ მონაცემებზე, თუმცა ამის საპასუხოდ არაფერს აკეთებს, თუ არ ჩავთვლით ბიუჯეტის ლეგალური საპროგნოზო მაჩვენებლების შემცირებას, რათა მომდევნო წლებში ჩამორჩნა ძალზედ თვალში საცემი არ იყოს.

პეტრე ლეკიშვილი    

Share