Home » საზოგადოება » რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მა კოვიდგადატანილი ახალგაზრდების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ

რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მა კოვიდგადატანილი ახალგაზრდების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ

COVID-19-ი სერიოზულად აზიანებს გულსისხლძარღვთა სისტემას, აზიანებს ღვიძლს, იწვევს თირკმლის უკმარისობას და აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, COVID-19-ი საჭიროებს მულტიპროფილურ მართვას და არამარტო ინფექციონისტის ან რეანიმატოლოგის ჩართვას პროცესში, როგორც აქამდე გვეგონა, არამედ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართვასაც.

„არსებობს ვარაუდი და საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ ეჭვია, რომ ეს დაავადება, მას შემდეგ, რაც განიკურნება ადამიანი, ტოვებს ორგანიზმში სერიოზულ დაზიანებებს, ანუ, ორგანიზმიდან უკვალოდ არ ქრება. ჩვენ ჯერ არ გვქონია საშუალება, რომ პოსტკოვიდური პაციენტები შეგვესწავლა, მაგრამ უცხოეთში ეს ხდება, მაგალითად ჩინეთში, სადაც ადრე დაიწყო ეპიდემია, ნახულობენ, რომ პაციენტებს, ვინც განიკურნენ, აქვთ რიგი დაზიანებები, მაგალითად სასუნთქი სისტემების, გულსისხლძარღვთა სისტემის და სხვა.

ახლახან ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა თავის პოსტში დაწერა, რომ ამერიკაში ჩათვალეს, რომ კოვიდგადატანილი ახალგაზრდები არ ექვემდებარებოდნენ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა.

ამას მოჰყვა პროტესტი, რის შემდეგაც ამერიკის მთავრობამ უკან დაიხია და სულ რაღაც 18 საათის წინ გამოქვეყნდა უახლესი მონაცემები, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა ამერიკამ, მაგრამ ბოლომდე არა, დაწერა, რომ ინდივიდუალურად განიხილავს ყველა კოვიდგადატანილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ინდივიდუალურად განიხილავს იმას, იქნას თუ არა ესა თუ ის პირი ჯარში გაწვეული.

უკვე ეს ფაქტი საკმარისი იმისთვის, რომ ითქვას, რომ არსებობს ვარაუდი, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ინფექცია, ჩვეულებრივი გრიპი, რომელსაც გადაიტან და შემდეგ უკვალოდ გადის. შესაძლოა, რომ კორონავირუსი უკვალოდ არ გადის“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Share