Home » ბიზნესი » რაჭა-ლეჩხუმში უკვე 65 მიტოვებული სახლი გაიყიდა – „პანდემიის პერიოდში, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა“

რაჭა-ლეჩხუმში უკვე 65 მიტოვებული სახლი გაიყიდა – „პანდემიის პერიოდში, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა“

თითქმის ორ წელში რაჭა-ლეჩხუმში უკვე 65 მიტოვებული სახლი გაიყიდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ იდეის – „დაკარგული სამოთხე“ ავტორმა ლექსო ჩარკვიანმა განუცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, დაწესებული შეზღუდვების გამო, სოფლებში მიტოვებული სახლების მოძიებას თითქმის, ვეღარ ახერხებს.

ამასთან, როგორც ლექსო ჩარკვიანი ამბობს, გაიზარდა მიწის ნაკვეთის ფასებიც, 5000-ლარამდე ღირებული სახლები კი, განცხადების გამოქვეყნებისთანავე იყიდება.

“დაკარგული სამოთხის” ავტორის განმარტებით, მიტოვებული სახლების მყიდველები ადგილობრივები არიან.

ცნობისთვის, „დაკარგული სამოთხე“ – ეს ის სოციალური კამპანიაა, რომლის ავტორი ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს და მათ „გაცოცხლებას“ ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობს. კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრის საშუალებით აგროვებს, მათ მოსანახულებლად კი საკუთარი ხარჯებით ჩადის. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავს, დანარჩენს მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებენ.

რაც შეეხება თავად იდეას, როგორც ავტორი აცხადებს, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას თვალწინ მიტოვებული სახლი ჩამოეშალა.

ლექსო ჩარკვიანმა აღნიშნული კამპანია 2018 წლის ივნისიდან წამოიწყო და როგორც თავად ამბობს, მასში ჩართვის სურვილი სხვადასხვა რეგიონიდანაც გამოითქვა. თუმცა, ენთუზიაზმზე მუშაობა არავის უნდა, თავად კი, სხვადასხვა კუთხეში სიარულს ვერ ახერხებს. მითუმეტეს, რომ საწვავის ფულსაც კი, საკუთარი ჯიბიდან იხდის.

„მიტოვებულ სახლებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა კარანტინის გამო ვერ დავდივარ ვერსად. სოფელში საკუთარი მიწაც კი დაუხნავი დამრჩა. საერთო ჯამში, უკვე 65 სახლია გაყიდულია. ზუსტად წინა კვირას გადაიფრომეს 65-ე სახლი, რომლის ღირებულებაც 5500 დოლარი იყო.

სიმართლე გითხრათ, ყველა კიდევ უფრო იაფად ეძებს. 3000-დან 5000 ლარამდე უნდათ. ბოლო პერიოდში ამ ფასში 2 -სართულიანი კარ-მიდამო სულ 4 ვნახე (სხვადასხვა სოფლებში) და „ლაივი“ ჩავრთე თუ არა, რამდენიმე წუთში გაიყიდა.

სხვათაშორის უფრო მეტად მხოლოდ მიწის ნაკვეთები გაძვირდა, ვიდრე ძველი სახლიანი. თუმცა, მე სახლის გარეშე მიწის ნაკვეთს არ ვეკარები, ამას ქირურგიული სიფრთხილით მიდგომა სჭირდება. მიტოვებული სახლები კი, გასარემონტებელია, ხელის შევლება სჭირდება და შედარებით იაფი ღირს, ამიტომ, ყველასთვის ხელმისაწვდომია“,- ამბობს ლექსო ჩარკვიანი.

წყარო: BPN.GE

Share