Home » ეკონომიკა » რატომ არ მუშაობს და რა პერსპექტივა აქვს ქართულ ბირჟას

რატომ არ მუშაობს და რა პერსპექტივა აქვს ქართულ ბირჟას

საქართველოში საფონდო ბირჟა აქტიურად ვერ მუშაობს. ამ ეტაპზე A და B ლისტინგის კატეგორიაში დალისტულია დაახლოებით 30-მდე ფასიანი ქაღალდი, რომლის უმეტესობაც ობლიგაციაა. მათ შორისაა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები. არასალისტინგო კატეგორიაში 8 კომპანია დარჩა. ამ კატეგორიის კომპანიების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა 2000-იან წლებში პრივატიზაციის შედეგადაა ბირჟაზე დალისტული. იმის გამო, რომ მათი აქციებით ვაჭრობა ბაზარზე აქტიური არ იყო, ბირჟის არასალისტინგო კატეგორიას ეტაპობრივად ტოვებენ.

ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამჟამად მუშაობა ფასიანი ქაღალდების ბაზრის სტრატეგიულ დოკუმენტზე მიმდინარეობს. იმედოვნებენ, რომ მუშაობა შედეგიანი იქნება.

„ქვეყანაში ემიტენტების და პოტენციური ემიტენტების რაოდენობა და მასშტაბი, ასევე ინვესტორების რაოდენობა არც თუ ისე დიდია იმისთვის, რომ ღრმა და ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების ბაზრის არსებობა უზრუნველყოს. თუ საერთაშორისო გამოცდილებას შევხედავთ, ქვყნებმა ძირითადად 90-იან წლებში გაიარეს რეფორმების ტალღა, გამართეს ბაზრის ინფრასტრუქტურა, ბირჟა, საკანონმებლო ჩარჩო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს საკმარისი არ იყო. ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში აქტიურად დაიწყო ქვეყნების ბირჟების საერთაშორისო ბრენდის ქვეშ გაერთიანება. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ ქვეყანაში დალისტული კომპანია ხელმისაწვდომი ხდება სხვა ქვეყნების ინვესტორებისთვისაც. ეს თავისთავად მეტ შესაძლებლობას აჩენს, როგორც ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის. ჩვენს შემთხვევაში, ალბათ, მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს, როგორც ბირჟისა და ბაზრის ინფრასტრუქტურის გამართვაზე ადგილობრივი მასშტაბით, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ინფრასტრუქტურასთან ინტეგრაციით. ამ თვალსაზრისით აქტიურად მიმდინარეობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა. ამის ფარგლებში უნდა ჩამოყალიბდეს სწორი ხედვა, თუ რამდენად შეგვიძლია კავშირების მეშვეობით გავზარდოთ შესაძლებლობები, რათა ქვეყანაში საფონდო ბირჟა მეტად განვითარდეს“,- განმარტა ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე სხირტლაძემ.

მისივე თქმით, სტრატეგიული დოკუმენტი სხვა რამდენიმე ძირითად მიმართულებასაც ითვალისწინებს.

„გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ საინვესტიციო ფონდების ჩარჩო ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ამ კანონმდებლობასთან ერთად ამოქმედდება გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმები, ეს ხელს შეუწყობს პოტენციური ემიტენტების კრიტიკული მასის ჩამოყალიბებას დროის გარკვეულ მონაკვეთში. ფონდის მოდელის მიხედვით, ის შედარებით მცირე ზომის საწარმოებში დებს ინვესტიციას და შემდეგ უკვე გარდაქმნის, თუ ზრდის შემდეგ ხდება ინვესტიციებიდან გამოსვლა. ეს გამოსვლა, როგორც წესი, საფონდო ბირჟების მეშვეობით ხება. ამიტომ, თუ ამმ დარგში გაიზარდა აქტივობა, ეს პოზიტიურად აისახება ფასიანი ქაღალდების ბაზრის აქტიურობასა და ზრდაზე.

სახელმწიფო ასევე საუბრობს პრივატიზაციის გეგმაზე. ბევრი ქვეყნის შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და ზრდა სწორედ ამ პროცესთან იყო სინქრონიზებული“,- აღნიშნა სირტლაძემ.

წყარო: Business-partner.ge

Share