Home » ეკონომიკა » რას საქმიანობს ღამის მერია და რა მოუტანა ქალაქს 2 წლის თავზე

რას საქმიანობს ღამის მერია და რა მოუტანა ქალაქს 2 წლის თავზე

ღამის ეკონომიკის პროექტი დედაქალაქის მერმა ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსა და იქვე დასძინა, რომ ღამის ეკონომიკა არ ნიშნავდა მხოლოდ კლუბურ ცხოვრებას და ეს პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესს, მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა განვითარებაში. საინტერესოა პროექტის ამოქმედებიდან, დღემდე რა ღონისძიებები გატარდა ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში და რა მოუტანა ამ პროექტმა ქვეყნის ეკონომიკას.

არავინ იცის რას გულისხმობდა მაშინ ქალაქის მერი კახა კალაძე, როდესაც ამ პროგრამაში ხედავდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გასაღებს. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ღამის ეკონომიკა და ღამის მერი, მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად მხოლოდ რამდენიმე ტრეინინგით შემოიფარგლა.

კერძოდ, ღამის ეკონომიკის მენეჯმენტი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ტრენინგებსა და ~ვორქშოფებს” სთავაზობს. როგორც თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერი სერგი გვარჯალაძე აცხადებს, ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით იმართება. გადამზადების ფარგლებში მეწარმეები და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ეცნობიან, როგორ შეიძლება საკუთარი სერვისი გააუმჯობესონ.

კიდევ ერთი ფაქტი, რომლითაც ღამის ეკონომიკამ დაამახსოვრა საზოგადობას თავი, არის ღმის ავტობუუსის დანიშვნა. საუბარია ნომერ 222 ავტობუსზე, რომელიც ღამის ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში  21 სექტემბრიდან ამუშავდა და ავტობუსი მხოლოდ პარასკევსა და შაბათს, 00:06:00 -მდე ემსახურება ქალაქს. აღნიშნული ავტობუსი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის ორი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილს – გლდანსა და ვარკეთილს. მარშრუტი ასევე მოიცავს ქალაქის კულტურულ ცენტრებს, სადაც პარასკევსა და შაბათს ყველაზე დიდი აქტივობაა. მათ შორისაა აბანოთუბანი, ახალი აღმაშენებლის გამზირი.

თუ არ ჩავთვლით ქუჩის მუსიკის ფესტივალს, რომელიც ასევე ზემოთ ხსენებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა, ღამის ეკონომიკის პროექტს საზოგადოებისთვის თავი არაფრით დაუმახსოვრებია. თუმცა, ამას გარდა პროექტს კიდევ მრავალი ხარვეზი ჰქონდა მაგალითად ორჯერ ჩაიშალა ქალაქის მერის მიერ ღამის ეკონომიკის საკვლევად გამოცხადებული 135 000 ლარიანი ტენდერი.

სატენდერო კომისიის დასკვნით, პრეტენდენტი კომპანიის, “დელოიტი და ტუში”, წარდგენილი კვლევა არ იყო სტრატეგიული კვლევის დოკუმენტი, რასაც თბილისის მერია ითხოვდა. სატენდერო პირობებით, კომპანიას მოეთხოვებოდა, ღამის ეკონომიკის მიმართულებით ჩატარებული ჰქონოდა არანაკლებ 1 კვლევა, ხოლო რეგიონის/ქალაქის/ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით – არანაკლებ 2 კვლევა, მათგან ერთი – სულ მცირე 100 000 ლარის ღირებულების. აქედან გამომდინარე, კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო საბოლოოდ ტენდერი საერთოდ გაუქმდა.

თბილისის მერიამ ღამის ეკონომიკის კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 2018 წლის სექტემბერშიც გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაშინ 172 616 ლარი იყო. თუმცა, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა – ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა.

როგორც ისტორიიდან ვხედავთ ღამის ეკონომიკამ მცირე და საშუალო ბიზნესში არამც თუ გარდამტეხი ეფექტი ვერ შიტანა, როგორც ამას პროექტის მესვეურები ელოდნენ, მეტიც პროექტმა 2 წლის თავზე პრაქტიკულად ვერაფრით დაამახსოვრა თავი თბილისელებს. თუმცა, ასეთ რელობაში საინტერესოა ის ჯგუფი და ის რესურსი, რომელიც თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის არის გამოყოფილი აგერ უკვე 2 წელია.

ღამის ეკონომიკის ფარგლებში 5-მდე ადამიანია დასაქმებული (2018 წელს ღამის მერიაში 3 ადამიანი მუშაობდა) ე.წ. ღამის მერის, სერგი გვარჯალაძის გარდა. ხოლო, მათ შრომის ანაზღაურებაზე 2 წელიწადში 215 000 ლარი დაიხარჯა. საიდანაც 121 140 ლარი ღამის მერმა, სერგი გვარჯალაძემ მიიღო.

იმის მიუხედავად, რომ ღამის მერის ანაზღაურება არც თუ ისე მწირია და საშუალოდ გვარჯალაძის ხელფასი თვეში 5 200 ლარი გამოდის, როგორც უკვე ვახსენეთ, ღამის ეკონომიკის პროექტმა საზოგადოებას თავი ვერაფრით დაამახსოვრა. ხოლო, თავად ღამის მერის მოსაზრებით, პროგრამის მთავარ მიღწევად, ღამის საათებში ხმაურთან ეფექტური ბრძოლა შეიძლება ჩაითვალოს.

პეტრე ინაური

Share