Home » ფინანსები » რამ „გააშეშა“ ლარი – „ჯობდა ეროვნული ბანკი უფრო ადრე ჩარეულიყო ბაზარზე“

რამ „გააშეშა“ ლარი – „ჯობდა ეროვნული ბანკი უფრო ადრე ჩარეულიყო ბაზარზე“

არსებული რეალობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ლარს არც კორონავირუსამდე ულხინდა, ხოლო უკვე კორონავირუსის პირობებში მისმა გაუფასურების დონემ ახალ-ახალი რეკორდები დაამყარა.

ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში ლარი დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3,5 ლარამდეც კი მიაღწია. ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზად კი კორონავირუსისგან წარმოქმნილი გაურკვევლობა დასახელდა. მარტივად რომ ვთქვთ, კრიზისის პირობებში მოსახლეობისთვის მომავალი ბუნდოვანი გახდა, რის გამოც მათ გადაწყვიტეს ხელში ჰქონოდათ სანდო და ძლიერი ვალუტა, ანუ დოლარი და არა – ლარი.

ლარის ასეთი დავალვაცია წითელი სიგნალი აღმოჩნდა ეროვნული ბანკისთვის, რომელმაც სავალუტო ბაზარზე აქტიური ინტერვენციები დაიწყო. სულ ჯამში, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 269.69 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ინტერვენციების შედეგად ლარმა გამყარება დაიწყო, თუმცა მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურების მაღალ ნიშნულზეა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი ძირითადი საქონლისა და მომსახურების 70%- ზე მეტი იმპორტირებულია, ლარის დევალვაციამ შესაძლოა, მოსახლეობის კეთილდღეობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

შექმნილ ვითარებას ემატება ისიც, რომ მიუხედავად დოლარის გლობალური მასშტაბით გაუფასურებისა, უკვე რამდენიმე თვეა ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ქვეყანაში 3,07 ლარის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება კითხვა, არის თუ არა ეს ლარის კურსის ახალი წონასწორობის წერტილი და ამასთან, რამ გამოიწვია ლარის მოცემულ ნიშნულზე გაშეშება.

აკაკი ცომაია, ეკონომისტი: „ლარი რომ სტაბილურად დადგა ერთ დონეზე, ეს გამოწვეულია ორი ფაქტორით: ერთი მხრივ ეს არის უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირება და მეორე მხრივ, ქვეყანაში მოხმარების შემცირება, რაც იწვევს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის კლებას. ამდენად, მედალს ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ ბოლო პერიოდში უცხოური ვალუტის შემოდინება იწყებს ზრდას, რადგან ფულადი გზავნილები იზრდება, მაგრამ მეორეს მხრივ ეკონომიკის შემცირების ტენდეცია გრძელდება. ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე ვკარგავთ შემოსავლებს, რადგან შეგვიმცირდა როგორც ტურიზმი, ისე საქონლის ექსპორტი. შესაბამისად, ეს ორი კომპონენტი ერთმანეთში იჭერს ბალანსს და ასახება ლარის კურსზე.

– რეალობას რომ შევხედოთ, ლარი დღესაც მკვეთრად გაუფასურებულია. ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე ჩარევა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც ლარის გაცვლითმა კურსმა 3,5-იან ნიშნულს მიაღწია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, დაგვიანებული იყო თუ არა ეროვნული ბანკის ჩარევა ბაზარზე?

– დროის იმ მომენტში, რაზეც თქვენ საუბრობთ ალბათ, დააგვიანა, რადგან მაშინ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურდა. ანუ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გაუფასურდა. ამ თვალსაზრისით, ცხადია, ჯობდა ეროვნული ბანკი უფრო ადრე ჩარეულიყო ბაზარზე. შესაბამისად, მათი შემდგომში უკვე აქტიური პოლიტიკა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაგვიანებული იყო.

– რა შეიძლება გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად?

– ჩვენ უნდა დავსვათ მარტივი კითხვა: რა არის ჩვენი მიზანი? ის რომ, ლარი დავასტაბილუროთ, თუ ის რომ მოსახლეობის კეთილდღეობა გავზარდოთ. ლარის დასტაბილურება შეიძლება მაგალითად იმით, რომ დავხარჯოთ რეზერვები, რაც ეროვნულ ბანკს ხელთ აქვს, რაღაც პერიოდი ჩვენი აქტივობა გაიზრდება და ლარი დასტაბილურდება. მაგრამ რამდენად ზრდის ეს მოსახლეობის კეთილდღეობას? ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი სწორედ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა უნდა იყოს.

წყარო: Bpn.ge

Share