Home » ბიზნესი » პროკრედიტ ბანკსა და CENN-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

პროკრედიტ ბანკსა და CENN-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

პროკრედიტ ბანკსა და USAID / CENN ნარჩენების მართვის პროგრამას შორის ერთწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ქვეყანაში ნარჩენების სექტორის განვითარებას.

ნანა ჯანაშია – CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი: “CENN, USAID-ის მიერ მხარდაჭერილი ნარჩენების მართვა რეგიონებში პროექტის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს იმ კერძო კომპანიებთან, რომლებიც ნარჩენების მართვის სექტორში არიან ჩართულები. ეს კომპანიები საშუალო და მცირე ზომის კომპანიები არიან, რომლებიც განვითარებასა და მხარდაჭერას საჭიროებენ, როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური კუთხით. მწვანე დაფინანსების მექანიზმი, რომელიც პროკრედიტ ბანკს აქვს საკმაოდ საინტერესო ინსტრუმენტად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ამ კომპანიების, ისე ზოგადად ნარჩენების მართვის სექტორის განვითარების კუთხით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმართულების მნიშვნელოვანი კომპონენტი ნარჩენების მართვაა. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის სექტორის განვითარებისათვის კომპანიების გაძლიერებასთან ერთად მნიშვნელოვანია საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ცნობიერების ამაღლება რესურსების ეფექტიან მართვასთან დაკავშირებით. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ პროკრედიტ ბანკი ამ მიმართულებითაც მზადაა აქტიურად ჩაერთოს ჩვენთან ერთად ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო აქტივობებში.

ალექსი მატუა – პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი: „ნარჩენების მდგრადი მართვა პროკრედიტ ბანკის მწვანე პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებას უკვე მრავალი წელია ვავითარებთ, როგორც ბანკის შიგნით, ასევე ჩვენს კლიენტებთან, მომწოდებლებთან და ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ და ხელი შევუწყოთ ნარჩენების მართვის სექტორის განვითარებას საქართველოში და ამ სფეროში მოღვაწე SME კომპანიებს მათ საქმიანობაზე მორგებული მომსახურების პირობები შევთავაზოთ. მივესალმებით არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის სტრატეგიულ ხედვას გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული იქნება. ერთად არაერთ გარემოსა და საზოგადოებისთვის სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ.

Share