Home » საზოგადოება » პოლარიზაციის გაღრმავება სერიოზული მუხრუჭი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე – ვლადიმერ ღლონტი

პოლარიზაციის გაღრმავება სერიოზული მუხრუჭი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე – ვლადიმერ ღლონტი

“სახელმწიფო ჩარევისაგან თავისუფალი ელექტრონული და ბეჭდური მასმედიის გამოყენებით ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებს შორის არა დემოკრატიულ საწყისებზე დაფუძნებული დისკუსია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სწორი მიმართულებით წინსვლას, არამედ სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა, შუღლი, ცილისწამება, ჩასაფრება და რევანში მხარეთა პირადი ინტერესების რეალიზაციისათვის. მოქმედ ხელისუფლებას საზოგადოებასთან გასაგებად და დამაჯერებლად ვერ მიაქვს ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობისა და შექმნილი ობიექტური გამოწვევების შესახებ”, – ამის შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვლადიმერ ღლონტი სოციალურ ქსელში წერს.

“ბანკები და ფინანსები” ვლადიმერ ღლონტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ის რომ სააკაშვილის ერა დასრულდა, მრავალჯერ ითქვა. ცხადია განსხვავებაც ნათლად ჩანს მოსულ და წასულ ეპოქებს შორის და ეს განსხვავება არ შემოიფარგლება მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელების პიროვნებებით. ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებათა მთავარი (არსებითი) განსხვავება უნდა დავინახოთ იმ ამოცანების ხასიათში, რომლებიც მათ წინაშე დრომ განსაზღვრა. სააკაშვილს ხშირად უწოდებდნენ, რომ ის დამანგრეველია და მას მხოლოდ დესტრუქციული მოქმედებები გამოსდის. მაგრამ სწორედ ეს იყო მისი ზეამოცანა. ტრადიციების, ზნეობრივი კანონების, ზოგადად ძველი მორალური წესრიგის ნგრევა და ახალი ნათესებისათვის ველების გაწმენდა. ამას აკეთებდა ის – დაჟინებით და თანმიმდევრულად.

ბუნებრივია ასეთი ჯიქური მოქმედებები გამოიწვევდა წინააღმდეგობას. არსებული ცხოვრების წესის, ურთიერთობათა სისტემის (მათ შორის კერძო საკუთრების) ნგრევა აღმოჩნდა ძალზედ მტკივნეული იმათთვისაც კი, ვინც გულწრფელად მხარს უჭერდა სააკაშვილის გარდაქმნებს. საქართველოს ეკონომიკა ცხრა წლის განმავლობაში მმართველი ნაციონალური ხელისუფლების იდეოლოგიაზე იყო აწყობილი, რაც, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარებასთან ერთად, გამოიხატებოდა ადამიანის უფლებებისა და კერძო საკუთრების უკანონო ხელყოფაში. დაუმატოთ ამას მრავალრიცხოვანი შეცდომები, რომლებმაც კიდევ უფრო დაამძიმა სოციალურ–ეკონომიკური სიძნელეებით გამწარებული მოსახლეობის მდგომარეობა. ყოველივემ კი წარმოშვა საზოგადოებასა და პრეზიდენტს შორის კონფლიქტი, რომელმაც მიიღო მუდმივი ხასიათი. საზოგადოება კონცენტრირებული სახით გამოთქვამდა პროტესტს. თუმცა „ნაციონალური მოძრობის“ ხელისუფლება ვერ ნახულობდა საერთო ენას სამოქალაქო საზოგადოებასთან, რადგანაც მაშინ სააკაშვილს უარი უნდა ეთქვა ნგრევის მისიაზე. 2008 წლიდან პოზიციების განმტკიცების მიზნით პრეზიდენტმა დაიწყო თანამშრომლობა კვაზი პოლიტიკურ პარტიებთან, მოახდინა მათი განვითარების სტიმულირება. მისთვის ცხადი იყო, რომ ამგვარი გაერთიანებების პოპულარობის განმსაზღვრელი გარემოება იქნებოდა მათი ოპოზიციური ხასიათი. თუმცა სააკაშვილის ხელისუფლებამ იმოქმედა იმდენად ტლანქად, რომ სატელიტი კვაზიპარტიები ვერ აქცია თავისუფალი აზროვნების და დემოკრატიის დამცველეთა სიმბოლოებად. ანუ ხელისუფლებამ მოქმედების ბაზად აირჩია – გავლენის ჯგუფები, კლანები, ტექნოლოგიური ხრიკები, მხარდაჭერის სუროგატები, რომელთა კონსტრიურება ხდებოდა საჭირო შემთხვევებში. ასე თუ ისე, კოლოსალური დანახარჯების ფასად, ყველა საშუალების გამოყენებით (პოლიტიკური მანევრიდან პირდაპირ ძალადობამდე), სააკაშვილმა ამოწურა თავისი რესურსი. ყოველივემ დიდი უარყოფითი მუხტი დააგროვა საზოგადოებაში და გამოიწვია არჩევნების გზით მათი ჩანაცვლება კოალიციური ხელისუფლებით.

წარსულის წინააღმდეგობა ნაწილობრივ იქნა დაძლეული, რადგანაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეცვლილი პირობებისადმი ადაპტირება მოახდინა.


საზოგადოებრივ ველზე თავი აწია ახალგაზრდა ამონაყარმა: ახალი ეკონომიკური ურთიერთობები, ახალი სოციალური პოლიტიკა, თავისუფალი ადამიანები… სწორედ ეს ქმნიდა შენების გააზრებული სტრატეგიის შექმნისა და მისი თანმიმდევრული რეალიზაციის საფუძველს. ამაში იყო იმ ეტაპის ზეამოცანა, ახალი ხელისუფლების მისია.


რა თქმა უნდა, ეს ველი სავსეა დღესაც სარეველებით: სააკაშვილის ექსპერიმენტების შედეგად ქვეყანად მოვლენილი მმართველი მუტანტები, ელიტარული კორუფციის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ადვილ ფულს მიჩვეული ბიზნესმენებად წოდებული ბანდიტები.

შექმნილი ვითარება ახალი ხელისუფლებისაგან მოითხოვდა ეკონომიკის ერთპიროვნული კარნახით წარმართვის დამკვიდრებული პრაქტიკის დემოკრატიულ რელსებზე გადაწყობას, რასაც თავის მხრივ სჭირდებოდა საკანონმდებლო ცვლილებები, საკადრო პოლიტიკის სრულყოფა და დროში გაწელილი სხვა მრავალი მეთოდურ-ორგანიზაციული ხასიათის ღონისძიებების გატარება. თუმცა, საკანონმდებლო ხარვეზების გამო, ქვეყანაში დადგა ორხელისუფლებიანობა, რამაც წელიწადზე მეტ ხანს გასტანა და ეს დრო მთლიანად ახალი და ძველი ხელისუფლებების დაპირისპირებას დაეთმო. ქვეყნისათვის საზიანო პოლიტიკური დაპირისპირება არც საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდგომ არ დაბალანსებულა. ოპოზიციის რევანშისტული პოლიტიკა, რომელიც ხშირად კეთილსინდისიერების ფარგლებს სცილდება, ასევე, ხელისუფლების მიერ მწვავე გამოწვევების წარსულში დაშვებულ შეცდომებზე გადაბრალება და მათ დასაძლევად ინერტიული, რიგ შემთხვევაში დაუბალანსებელი და ანალიტიკურ-პროგნოზულ საფუძვლებს მოკლებული, გადაწყვეტილებების მიღება, დღევანდელი ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელოვანი დამამუხრუჭებელი ფაქტორია.

ეკონომიკური რეფორმები, ზოგადად, პასიური ხასიათით გამოირჩეოდა, რაც განაპირობა მრავალმა სუბიექტურმა და ობიექტურმა ფაქტორმა, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს შემდეგი: ეკონომიკა მწვავე პარტიული დაპირისპირებისა და პოლიტიკური და კოჰაბიტაციის ობიექტად იქცა; გამოუცდელმა მთავრობამ ვერ გამოიჩინა სათანადო სითამამე და ოპერატიულობა, ვერ მოახერხა ახალი რეფორმისტულ-ინოვაციური ხედვების ფორმირება; გამოცხადებულმა ფსევდო კოჰაბიტაციამ საზოგადოებაში გამოიწვია ნიჰილიზმი და შეასუსტა მეწარმეობრივი აქტივობა; ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ვერ მოხერხდა ჯანსაღი და საქმიანი, გამჭვირვალე კოორდინაცია, უფრო მეტიც, მათ შორის თავი იჩინა როგორც ფარულმა, ასევე ღია დაპირისპირებამ, რამაც თავის მხრივ დააფრთხო გარე და შიგა ინვესტორები; პრემიერ მინისტრის მიერ თანამდებობის დროზე ადრე დატოვებამ, ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია, რადგან მეწარმეებს გაუხანგრძლივა მოლოდინის რეჟიმი; უკრაინა-რუსეთის საომარმა დაპირისპირებამ ნეგატიურად იმოქმედა ბიზნესზე, რადგან უკრაინა საქართველოსათვის მესამე, ხოლო რუსეთის ფედერაცია მეოთხე სავაჭრო პარტნიორის ადგილს იკავებს; ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა გადაწყვეტილების სწრაფად მიღების სათანადო უნარი და გამოცდილება. წინასაარჩევნო პროგრამის რიგი კომპონენტების დროზე შეუსრულებლობის გამო შესუსტდა მთავრობის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი.

ოპოზიციამ, რომლის მიმართ საზოგადოების უმეტესი ნაწილი ნეგატიურად იყო განწყობილი, ნელ-ნელა მოიკრიბა ძალა და გააფართოა მოქმედების არეალი. ისინი, სახელმწიფო-ნაციონალურ ინტერესებს ამოფარებულნი, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მოხერხებულად გამოყენებით, ქმნიან საზოგადოებრივ აზრს მოქმედი მთავრობის უნიათობისა და არაკომპეტენტურობის შესახებ. ამ მიზნით ფართოდ იყენებენ საერთაშორისო შეხვედრებსა და ფორუმებს, რომელთა ორგანიზაცულ უზრუნელოფაში სარგებლობენ ადრე მათ მიერ უხვად დაფინანსებული ლობისტური ორგანიზაციების მხარდაჭერით. მოქმედ მთავრობას, რომლის მიმართაც ოპოზიციის კრიტიკა რიგ შემთხვევაში, სამართლიანია, მუდმივად უხდება თავის მართლება და წინა ხელისუფლების ნაკლოვანებებზე პედალირება, რაც მათ რეიტინგზე ნეგატიურად აისახება. ოპოზიცია თავის სასარგებლოდ იყენებს ახალი ხელისუფლების მიერ შექმნილ დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების გარემოს. სახელმწიფო ჩარევისაგან თავისუფალი ელექტრონული და ბეჭდური მასმედიის გამოყენებით ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებს შორის არა დემოკრატიულ საწყისებზე დაფუძნებული დისკუსია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სწორი მიმართულებით წინსვლას, არამედ სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა, შუღლი, ცილისწამება, ჩასაფრება და რევანში მხარეთა პირადი ინტერესების რეალიზაციისათვის. მოქმედ ხელისუფლებას საზოგადოებასთან გასაგებად და დამაჯერებლად ვერ მიაქვს ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობისა და შექმნილი ობიექტური გამოწვევების შესახებ. ოპოზიცია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს პიარ-კამპანიების, ამას საკმაოდ მოხერხებულად იყენებს თავის სასარგებლოდ. შექმნილი პოლიტიკური გაურკვევლობა და დაპირისპირების გაღრმავება ხელს უშლის ეკონომიკური რეფორმების გატარებას, განსაკუთრებით კი აფრთხობს როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოელ ინვესტორებს. როგორც მთავრობის ბოლოდროინდელი საქმიანობიდან ჩანს, მან შეიძინა სახელმწიფოს მართვის გარკვეული გამოცდილება, რასაც ადასტურებს, რეფორმების მიმართულებით მათი ძალისხმევის გააქტიურება და შედარებით პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა, ოპოზიცია ამას კრეატიული მიდგომებით და ძალთა გააქტიურებით ხვდება და ბრძოლი ველი სხვადასხვა რეგიონში გადააქვს, სადაც მოსახლეობა ნაკლებადაა ინფორმირებული გატარებული და გასატარებელი რეფორმების შესახებ.

სავარაუდოდ ასეთი პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც სერიოზული მუხრუჭი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე”, – წერს ვლადიმერ ღლონტი.

Share