Home » საზოგადოება » „პატარა ტელევიზიები მაკრიტიკებენ, თუმცა ასეთი თანაბარი და სამართლიანი პირობები ამ სფეროში არ ყოფილა“

„პატარა ტელევიზიები მაკრიტიკებენ, თუმცა ასეთი თანაბარი და სამართლიანი პირობები ამ სფეროში არ ყოფილა“

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსხვილი ტელევიზიები პრაქტიკულად, არ იხდიდნენ გადასახადს, ჩვენ პირველი ოქტომბრიდან მიმდინარე გადასახადის გადახდა მოვითხოვეთ, დავიწყეთ და შევთავაზეთ მოლაპარაკებები ძველი დავალიანების დაფარვის გრაფიკის შეთანხმებაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ამ მიდგომამ მყისიერად გამოიღო ნაყოფი და 2019 წლის ბოლო სამ თვეში, პირველი ოქტომბრიდან წლის ბოლომდე 5 მილიონით მეტი თანხა შევიდა ბიუჯეტში, რადგან მიმდინარე გადასახადების გადახდა დაიწყეს.

„წელს ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 22 მილიონი შემოვა ბიუჯეტში. აქამდე, 7-8 მილიონი შემოდიოდა, ისიც იმათ ხარჯზე, ვინც პატიოსნად იხდიდა გადასახადს. ამიტომ ამ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. ვიცი, რომ პატარა ტელევიზიები მაკრიტიკებენ, თუმცა მინდა ვუთხრა მათ, რომ ასეთი თანაბარი და სამართლიანი პირობები ამ სფეროში არ ყოფილა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, პატარა, საშუალო, რეგიონული და ყველა ტელევიზია ერთი და იგივე მდგომარეობაში ჩადგა.

„რაც შეეხება ძველ დავალიანებებს, იმ მსხვილმა ტელევიზიებმა, რომლებსაც ეს დავალიანება ჰქონდათ, წარმოადგინეს 5-წლიანი გეგმა, გადახდის გრაფიკი უკვე ფინანსთა სამინისტროში, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ და დიდი ალბათობით, დავეთანხმებით ამ გეგმას. 90-იანი წლებიდან, ეს მარადიული პრობლემა იყო. შევარდნაძის შემდგომი ხელისუფლების დროს, არაერთხელ ჩამოეწერათ – 5 მილიონი, 7 მილიონი. მცირე ტელევიზიები ყოველთვის იხდიდნენ გადასახადს. ისინი, რასაკვირველია, კონკურენციაში ისედაც ვერ უძლებდნენ დიდ ტელევიზიებს. შესაბამისად, მგონია, რომ ეს გასწორდა. როდესაც რაღაცას ასწორებ, მთელი დარტყმა შენზე მოდის, თუმცა პრობლემა არ არის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწორ გზაზე ვართ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Share