Home » ფინანსები » პარტიებმა 6 თვეში 7-მილიონიანი შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 67% „ქართულ ოცნებაზე“, ხოლო 21% „ლელოზე“ მოდის

პარტიებმა 6 თვეში 7-მილიონიანი შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 67% „ქართულ ოცნებაზე“, ხოლო 21% „ლელოზე“ მოდის

2020 წლის 6 თვის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულებების სახით 7 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, ბესიკ ქოჩიაშვილმა განაცხადა, 2020 წლის 6 თვის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოსავლის სახით 12 878 002 ლარი მიიღეს, მათ შორის შემოწირულებებმა 7 004 696 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება შემოწირულებების გადანაწილებას პოლიტიკური პარტიების მიხედვით, შემოწირულებების 67% მიღებული აქვს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”, შემდეგია „ლელო საქართველოსთვის”, რომელმაც 2020 წლის 6 თვეში პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებების 21% მიიღო, შემოწირულებების 7% აქვს მიღებული „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 2-2% მოდის “ევროპულ საქართველოსა” და „საქართველოს პატრიოტთან ალიანსზე”.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების ხარჯებს, მიმდინარე წლის 6 თვეში მათი ხარჯები 12 მილიონ ლარს აჭარბებს და მათ შორის რეკლამის ხარჯი 1 მილიონ ლარამდეა.

ბესიკ ქოჩიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სულ 263 პოლიტიკური გაერთიანებაა რეგისტრირებული და მათ შორის აქტიურია 80. 2020 წელს 13 პოლიტიკური გაერთიანება დარეგისტრირდა.

2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციაზე მიღებული განაცხადების რაოდენობა კი 68-ს შეადგენს.

Share