Home » საზოგადოება » პაატა იმნაძე – ტურისტებისთვის ისეთი წესები იქნება, პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან

პაატა იმნაძე – ტურისტებისთვის ისეთი წესები იქნება, პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართული ონლაინკონფერენციის ერთ-ერთი შეკითხვა ტურიზმს ეხებოდა – ხომ არ შეუწყობს ტურიზმი ეპიდემილოგიური ვითარების დამძიმებას და როგორ აპირებენ მის გაკონტროლებას.

„ისეთი წესები იქნება იმ ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

საკითხზე ვრცლად ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ რისკი არსებობს, თუმცა კორონავირუსი დიდხანს არ გაქრება და ამიტომ კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების პრინციპები უნდა ჩამოაყალიბონ.

„დიახ, რა თქმა უნდა, რისკი იქნება, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ დღეს მთელ მსოფლიოში ხდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვადახვა ქვეყანაში დაინფიცირებულების ჩვენზე გაცილებით მეტი რიცხვებია. ყველა ქვეყანა თანდათან ამსუბუქებს სიტუაციას, რადგან ყველა მიხვდა იმას, რომ კორონავირუსი ერთ დღეში არ გაქრება, არც ერთ თვეში და შეიძლება, არც ერთ წელიწადში. ამიტომ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრინციპები კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების. ეს თანაცხოვრება უნდა იყოს წესების დაცვა პირველ რიგში და უნდა გვქონდეს სწრაფად რეაგირების გეგმები და საშუალებები, თუ ასეთი მიკროეპიდაფეთქებები იქნა, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიები და მოსახლეობის დაზიანება. ანუ, ეს უნდა იყოს სწორი ბალანსი. ერთი მხრივ შეიძლება, გვქონდეს გარკვეული რაოდენობა ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და მეორე მხრივ, ის შესაბამისი ჯანდაცვითი და პრევენციული ღონისძიებებით უნდა იყოს დაბალანსებული“,- განაცხადა გამყრელიძემ.

Share