Home » საზოგადოება » ოპოზიციის მემორანდუმი – რამდენად ოპტიმალურია ამერიკული მოდელის მახასიათებლების შეთავსება ქართული მართმლსაჯულებისთვის

ოპოზიციის მემორანდუმი – რამდენად ოპტიმალურია ამერიკული მოდელის მახასიათებლების შეთავსება ქართული მართმლსაჯულებისთვის

როგორც ოცდაათწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, სხვა მძიმე გამოწვევებთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისევ რჩება მართლმსაჯულების ოპტიმალური მოწესრიგების საკითხი. ავად თუ კარგად, ამაში ყველა მმართველმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა, გაჯანსაღებამდე და სასურველ შედეგამდე, ჯერ კიდევ შორია.

ჩვეულებრივი მოქალაქეების გარდა, აღნიშნული პრობლემატიკით ცხადია, რომ ოპოზიციური პოლიტიკურ გაერთიანებებიც არიან დაინტერესებულნი და როგორც ვნახეთ, გარკვეულწილად ცდილობენ კიდეც, თავიანთი აზრით, სასიკეთო ცვლილებების შემოთავაზებას.

თუკი 2020 წლის 13 მარტს მიღებულ 5 პუნქტიან შეთანხმებას გავეცნობით, საინტერესო და ერთგვარად უცნაურ თავისებურებასაც აღმოვაჩენთ. კერძოდ, მემორანდუმის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების გეგმები, აშკარად მიდრეკილია ქართული მართლმსაჯულების სისტემის, ამერიკულ მოდელთან დაახლოებისკენ. უცნაურს ვამბობ იმიტომ, რომ სამართლის მიმართ ამერიკული მიდგომა ძალიან ინდივიდუალური და განსხვავებულია და ძირითადად, უკვე რამდენიმე საუკუნოვან პრაქტიკულ გამოცდილებას ემყარება.

საქმე ის არის, რომ ოპოზიციის აზრით, მიუხედავად ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული სამართლებრივი ცნობიერების რადიკალური განსხვავებებისა, აღნიშნული პუნქტების ჩვენს რეალობაში წარმატებით განხორციელება, მაინც შესაძლებელია. მოდით, ამის უკეთ გამოსარკვევად, პუნქტებში შემოთავაზებულ რამდენიმე საკითხს უშუალოდ შევეხოთ.

მაგალითისთვის, მემორანდუმის მე-2 პუნქტი იწყება შემოთავაზებით, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლეები, ხალხის მიერ, პირდაპირი არჩევნების გზით უნდა იყვნენ დანიშნულნი. მოსამართლეთა განწესების ასეთ მოდელს არ ვხვდებით ფაქტობრივად არსად, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა. ასეთი სისტემა ერთგვაროვანი არ არის თავად აშშ-შიც, რადგან იქ არსებული სასამართლო სისტემა ორ ნაწილად – შტატებისა და ფედერალურ დონეებად არის დაყოფილი. იქ არჩევნები მხოლოდ პირველ, ანუ შტატების დონეებზე გვხვდება და ისიც არა ყველა შტატში. მეორე, ანუ ფედერალურ დონეზე, რაც მოიცავს ფედერალური სასამართლოების სამ ინსტანციას, მოსამართლეთა არჩევითობა არც ერთში არ გვხვდება. აშშ-ის ფედერალური კონსტიტუციის მიხედვით, ფედერალურ (მთელი ქვეყნის)  დონეზე, მოსამართლეებს დასამტკიცებლად სენატს წარუდგენს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, ეროვნული მასშტაბის სასამართლოებში, მოსამართლეების ხალხის მიერ არჩევა, თეორიულადაც გამორიცხულია.

გარდა ამისა, თავად ამერიკაშიც, მოსამართლეების არჩევითობა კრიტიკის ობიექტია, რადგან მკვლევარების აზრით, ეს გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ასეთ მოდელში, მოსალოდნელია მოსამართლის განწყობებზე ამომრჩევლის ნების მიერ გავლენის მოხდენა. მსგავსი ფაქტები, ამერიკაში ე.წ. „სამართლებრივი აქტივიზმის“ სახელითაა ცნობილი, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს აქტივისტების, ანუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის უშუალო გავლენის შედეგად გამოტანილ გადაწყვეტილებებს, რაც, შესაძლოა, ხშირად საერთოდ არ პასუხობდეს კანონისა და კონსტიტუციის მოთხოვნებს. საქართველოს მაგალითზე, ამას შეიძლება დაემატოს არჩევნებთან დაკავშირებული მუდმივი პრობლემატიკა, რაც არათუ მოსამართლეების, არამედ პოლიტიკოსების არჩევის დროსაც საკმაოდ უარყოფითად ვლინდება.

მომდევნო, მე-3 პუნქტი გულისხმობს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანებას. უნდა ითქვას, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოებისა და საერთო სასამართლოებს შორის ფუნქციური განსხვავება, იურიდიული ფაკულტეტის ჯერ კიდევ შესავალ დისციპლინებში ისწავლება. ზოგადად, საერთო სასამართლოებისთვის საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფუნქციის მიერთება, ასევე ამერიკული მოდელის გახმოვანებას წარმოადგენს. როგორც უკვე აღვნიშნე, აშშ-მა, მართლმსაჯულების ასეთი მოდელი, დრო და დრო, პრაქტიკული გამოცდილების შედეგად დაადგინა. მაგალითისთვის, აშშ-ის 1787 წლის ფედერალური კონსტიტუცია, საერთოდ არ განიხილავს უზენაეს სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფუნქციის მქონე სუბიექტს, თუმცა, პრაქტიკამ, იგი ასეთ ინსტიტუტად ჩამოაყალიბა. იმის თქმა მინდა, რომ აშშ-ში, ცალკეულად საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს, რაც სწორედ საუკუნოვან პრაქტიკულ გამოცდილებას უკავშირდება. ეს მიდგომა განსხვავდება ევროპული სახელმწიფოებისგან, სადაც, აბსოლუტურ უმრავლესობაში ვხვდებით უზენაესი სასამართლოსგან დისტანცირებულ, საკონსტიტუციო სასამართლოებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპის ქვეყნებში და საქართველოში, უზენაესი სასამართლოს დანიშნულებაა განიხილოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან დაკავშირებული კერძო საქმეები, ან გადაწყვიტოს დავა მხარეებს შორის, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო, ამოწმებს სახელმწიფოსგან მიღებული კანონების კონსტიტუციურობას. ყოველივე აღნიშნული, აშშ-ის მაგალითზე, მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მეშვეობით ხორციელდება. ეს კი დაკავშირებულია ვრცელ ინსტიტუციონალურ გამოცდილებსთან, რასაც ამ ეტაპზე, სრულიად მოკლებულნი ვართ.

ასევე საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 1995 წლის შემდგომ, როდესაც მისი ფუნქციონირება დაიწყო, საკმაოდ მრავალმხრივი და მნიშვნელოვანი პრაქტიკა ჩამოაყალიბა, რაც საკმაოდ დაახლოებულია დასავლურ სტანდატებსა და გამოცდილებასთან. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მისი გაუქმება და ანულირება, სრულიად შეუსაბამოა ჩვენს რეალობაში არსებული სამართლებრივი სისტემის გამოწვევებისათვის.

საინტერესოა ასევე, აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში მოსამართლეების დანიშვნის შემოთავაზება, რაც საკმაოდ დიდ ბუნდოვანებას იწვევს, ზოგადად, სამოსამართლო საქმიანობის არსთან მიმართებით. კერძოდ, მოსამართლეობა არ გულისხმობს კანონის გახმოვანებას, არამედ დაკავშირებულია შიდა საზოგადოებრივი ურთიერთობების ზედმიწევნით ცოდნასთან და ხალხთან ასოცირებული თავისებურებების გათავისებასთან. სწორედ ეს არის მიზანი მოსამართლისთვის ასაკობრივი და გამოცდილების ცენზების დაწესებისა. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მახასიათებელი ინდივიდუალური თავისებურებების ნაკლებად ცოდნის შემთხვევაში, სათუოა რამდენად შეძლებს მოწვეული მოსამართლე, გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება.

ჩვენთვის, როგორც მოქალაქეებისთვის, ალბათ მარტივად მისახვედრია, რომ აღნიშნული მემორანდუმით, ოპოზიციის ძირითადი მიზანი, მოსამართლეთა პოლიტიკური გავლენებისგან მაქსიმალურ დაცლაზე ზრუნვაა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ზოგიერთი პუნქტის განხორციელების შემთხვევაში, ასეთი გავლენების კიდევ მომატება უფროა მოსალოდნელი.

საერთო ჯამში, მემორანდუმის ყოველი წინადადების დაწუნება, ერთგვარად არაბუნებრივი და არასერიოზულიც კი იქნებოდა, მაგრამ ტექსტში აშკარად შეიმჩნევა, რომ იგი მოკლებულია ამომრჩეველთან შეთანხმებას. ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ქართული მოდელის მიმსგავსება და დაახლოვება ოპოზიციას სწორედ იქიდან უნდა დაეწყო, რომ შეთანხმების ავკარგიანობის შესახებ მოსაზრება, ხალხისა და სპეციალისტებისგან, უფრო აქტიურად მოესმინა. 

გიორგი ლაბაძე,

ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია.

Share