Home » საზოგადოება » ნინო ბურჯანაძე – კოსაჩოვთან შეხვედრაზე გავრილოვის ინციდენტის გამო წუხილი გამოვთქვი
ნინო ბურჯანაძე - კოსაჩოვთან შეხვედრაზე გავრილოვის ინციდენტის გამო წუხილი გამოვთქვი

ნინო ბურჯანაძე – კოსაჩოვთან შეხვედრაზე გავრილოვის ინციდენტის გამო წუხილი გამოვთქვი

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ კონსტანტინ ​კოსაჩოვთან შეხვედრაზე გავრილოვის ინციდენტის გამო წუხილი გამოთქვა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, წუხილის გამოხატვა შეეხებოდა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ამ მოვლენას არ მოჰყოლოდა ახალგაზრდების აღშფოთება.

„ბოდიშზე არ არის ლაპარაკი, რადგან „ქართული ოცნების“ გაფუჭებულ საქმეებზე მე ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ ვაპირებ. გამვოხატე ნამდვილად წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ივნისის მოვლენების დროს. როგორ შეიძლება არ წუხდა იმაზე, რაც ხდებოდა და რაც მოხდა, აბსოლუტურად „ქართული ოცნების“ სრული არაადეკვატურობისა და არაკომპეტენტურობის გამო. რაც შეეხება გავრილოვის ინციდენტს, ჩემი პარტია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გააკეთა განცხადება და გამოხატა პოზიცია, რომ მიუღებელი იყო გავრილოვის საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა. „ქართული ოცნება“ რომ არაადეკვატურად იქცევა, ამის თქმა ერთმნიშვნელოვნად შემიძლია. წუხილის გამოხატვა შეეხებოდა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ეს მოვლენა არ ყოფილიყო ისე, რომ ამას არ მოჰყოლოდა სამართლიანი აღშფოთება ახალგაზრდების და საზოგადოების.  ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ახალგაზრდების რეაქცია სრულიად გასაგები იყო. ახალგაზრდების დამსახურება იყო პროპორციული არჩევნების მოპოვება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველანაირად შეეცდება, რომ ყველა სიტყვა წაღმა-უკუღმა დაატრიალოს და გამოიყენოს, რათა ოპოზიციურ ერთობაში განხეთქილება შეიტანოს.

„მე ნამდვილად შემიძლია, გავიგო ნებისმიერი ადამიანის ემოცია, მაგრამ არასდროს შემეშინდება ამ ადამიანებთან პირისპირ საუბარი, თუ ახალგაზრდებსაც ექნებათ ჩემთან საუბრის სურვილი, თუნდაც ყველაზე განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდების ჯგუფს, მზად ვარ, მათ ვესაუბრო, ავუხსნა ნებისმიერი პრობლემა, რაც არსებობს რუსულ-ქართულ ურთიერთობაში და ავუხსნა რამდენად მნიშვნელოვანია ამ პრობლემების საქართველოს სასარგებლოდ გადასაწყვეტად, რუსეთთან დიალოგი. დარწმუნებული ვარ, ემოციების მიუხედავად ახალგაზრდები სწორად გაიგებენ. „ქართულ ოცნებაზე“ არ ვლაპარაკობ, რადგან მათთვის შოკია ჩემი აქ ყოფნა, ჩემი და სხვა გუშინ მტრულად განწყობილი პოლიტიკური ძალების ერთ მაგიდასთან ჯდომა და ყველანაირად შეეცდებიან, ამ ვიზიტს პრობლემები შეუქმნან“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

რუსულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გავრილოვის ინციდენტის გამო ბურჯანაძემ კოსაჩოვთან ბოდიში მოიხადა.

Share