Home » საზოგადოება » ნიკოლოზ გამყრელიძე – ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს მეტი მოქნილობა მართებს

ნიკოლოზ გამყრელიძე – ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს მეტი მოქნილობა მართებს

“ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ამ ვითარებაში მეტი მოქნილობა მართებს, არ არის ახლა ზედმეტი ბიუროკრატიის დრო. სისტემურ მდგრადობას ამ მოწინავე სექტორისას რისკები არ უნდა შევუქმნათ,”- ამის შესახებბ გადაცემა “საქმიან დილაში”  “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა.

 “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი”, რომელიც თავის მხრივ “ევექსის” ჰოსპიტლებს, “ჯი-პი-სი”-სა და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელს და სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ს აერთიანებს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან ითხოვს ნებართვას, რათა მიეცეს უფლება მიიღოს სასესხო დაფინანსება “საქართველოს ბანკისგან”.

სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა ნიკოლოზ გამყრელიძის მოადგილის მიერ 20 მარტს კობა გვენეტაძისთვის გაგზავნილი წერილი, რომელზეც “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” ხელმძღვანელის თქმით, სებ-იდან ოფიციალური პასუხი დღემდე არ აქვთ მიღებული.

ამასთან, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ COVID-19-ის მიერ შექმნილი ვითარება იმდენად კრიტიკულია, რომ კომპანიას რესურსების სრული მობილიზება ესაჭიროება, რათა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამ გამოწვევას უპასუხოს, ეს კი თავისმხრივ მნიშვნელოვანი ოდენობის ლიკვიდურ რესურსს საჭიროებს, რომელთანაც წვდომა კომპანიას ეროვნული ბანკის რეგულაციის გამო შეზღუდული აქვს.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” 20 მარტის წერილით ასაბუთებს, რომ “ბიჯეო ჯგუფის” გაყოფიდან უკვე ორი წელი გადის და შესაბამისად, “საქართველოს ბანკისა” და GHG-ის “ურთიერთდაკავშირებულ პირებად კვალიფიცირების არავითარი საფუძველი არ არსებობს.”

ნიკოლოზ გამყრელიძე საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ: 

“ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მიმწოდებლები ქვეყანაში სამედიცინო სერვისების. არამარტო ჰოსპიტალური მიმართულებით, არამედ ფარმაცევტული სერვისებისაც. გამოწვევა საკმაოდ დიდია. გვჭირდება, რომ მარაგები იყოს ქვეყანაში საკმარისი. დღეს ეს მარაგები საკამრისზე მეტია, ისე რომ არც ჰოსპიტალურ და არც ჩვენ საცალო მომხმარებლებს აფთიაქში მისვლისას პრობლემა არ შეექმნება. მნიშვნელოვანია ჰოსპიტლების მომზადება, პირველადი ჯანდაცვის მომზადება, რასაც ვაკეთებთ. ეს საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვს და რაც მთავარია დიდ ლიკვიდობას მოითხოვს, ანუ აქ ლიკვიდობასთან წვდომა არის აბსოლუტურად კრიტიკული. 

სიტუაცია არის ამგვარი, ქვეყანაში ყველაზე დიდ ბანკს, ანუ “თიბისი ბანკს” ჩვენთან მიმართებით ლიმიტი შევსებული აქვს ეროვნული ბანკის რეგულაციით. ეს ლიმიტი შევსებულია იმიტომ, რომ მეორე მსხვილი ბანკი, რომელიც ქვეყანაშია ამ ლიმიტს ვერ აბალანსებს, რაც ეროვნული ბანკის ჩემთვის გაუგებარ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას უკავშირდება. რადგან ვითვლებით ურთიერთდაკავშირებულ პირად, ანუ ვითვლებით ურთიერთდაკავშირებულ პირად ყველანაირი კანონიერი დასაბუთების გარეშე. შესაბამისად. წვდომა ლიკვიდურ აქტივებთან გვაქვს შეზღუდული. 

ძალიან დიდი თხოვნით, ბატონ კობა გვენეტაძეს 20 მარტს მივწერეთ წერილი, ჩემმა მოადგილემ მოაწერა ხელი წერილს, რადგან მე ამ დროს ინფექციურ ბოქსში ვიყავი და ვთხოვეთ ეროვნულ ბანკს გაეთვალისწინებინა ეს მდგომარეობა. დიდი ხანია ეს პრობლემა არსებობს და არ დაგვიძრია ეს საკითხი, სანამ კრიტიკული არ გახდა ვითარება. სანამ საჯაროდ არ მომიწია მიმართვა 5 აპრილს, პასუხი არავინ არ იკადრა. სიმართლე რომ გითხრათ გუშინაც, რაც აღნიშნა სებ-მა პასუხში ისიც არ შეესაბამება სიმართლეს. დიახ, ბატონი პაპუნა ესაუბრა ჩემს მოადგილეს, მაგრამ იქ პასუხი არ გაცემულა, ითქვა რომ რამდენიმე დღეში დაგვიბრუნდებოდნენ. თუმცა არ დაგვბრუნებიან, წერილი გავუგზავნეთო იყო აღნიშნული და ეს წერილი არ მიმიღია. ჩვენამდე არ მოსულა ის, არც ჩვენს ფოსტაშია და არც ელექტრონულ ფოსტაში არ არის. როდესაც მოვა რა თქმა უნდა შევხედავთ. 

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ამ ვითარებაში მეტი მოქნილობა მართებს, არ არის ახლა ზედმეტი ბიუროკრატიის დრო. სისტემურ მდგრადობას ამ მოწინავე სექტორისას რისკები არ უნდა შევუქმნათ, რაღაც გაურკვეველი ბიუროკრატიული ბარიერებით. 

თუ ეს პრობლემები არ მოგვეხსნა, დიახ არსებობს რისკი, რომ ლიკვიდურობის პრობლემა შეგვექმნას,”- ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.

BM.GE

Share