Home » საზოგადოება » „ნდობის მასშტაბური კრიზისია ეროვნული ვალუტის მიმართ, რაც გამოწვეულია გაურკვევლობის მძაფრი განცდით“

„ნდობის მასშტაბური კრიზისია ეროვნული ვალუტის მიმართ, რაც გამოწვეულია გაურკვევლობის მძაფრი განცდით“

„ალბათ, ლარს არასოდეს ისე არ გასჭირვებია, როგორც დღეს, განსაკუთრებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენი ვალუტა პრაქტიკულად, ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო ვალუტებს შორის, რომელმაც დროის ასეთ მცირე შუალედში ასეთი დევალვაცია განიცადა“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველში პანდემიის აღქმა გაცილებით ემოციური და მძაფრია, ვიდრე რეალობაა.

„ასეთ ვითარებაში, ერთადერთი ქცევა, ინსტიქტის დონეზე, არის დამცავი აქტივის ძებნა. არა მარტო საქართველოში, ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიო დოლარს დაეძებდა. ცხადია, ვისაც ხელთ აქვს ეროვნული ვალუტა ცდილოს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს კონვერტაცია დოლარში. გარდა ამისა, საბანკო დაწესებულებებში ადგილი აქვს დეპოზიტების და მიმდინარე ანგარიშების გადაყვანას ლარიდან დოლარში. თუმცა, საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით დეპოზიტების დიდი მასშტაბებით გადინება არ ხდება. ანუ, აშკარად არის ნდობის მასშტაბური კრიზისი ეროვნული ვალუტის მიმართ, რაც გამოწვეულია გაურკვევლობის მძაფრი განცდით.

მაგრამ, გაურკვევლობა მარტო ჩვენი პრობლემა ხომ არ არის?! მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების და ეკონომიკური სუბიექტების წინაშე ხომ არ დგას ეს გამოწვევა?! მთელი მსოფლიოს წინაშეა, მაგრამ რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი ვალუტა ყველაზე სწრაფად უფასურდება?

პირველ რიგში, ეს ისევ და ისევ არის ნდობის დეფიციტი, რომელიც დიდი ხანია არსებობს ეროვნული ვალუტის მიმართ. დოლარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩვეულებრივ სიტუაციაშიც კი არის განცდა, რომ ლარს ყველაფერი შეიძლება მოუვიდეს და მითუმეტეს, როდესაც ასეთი „ნიუსები“ მოდის არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ გარეშე სამყაროდან, ქართველებს ყველაზე უფრო მძაფრი რეაქცია გვქონდა ამაზე.

ავიღოთ სხვა ქვეყნები, თუნდაც ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი. თურქული ლირა ერთი თვის განმავლობაში სულ რაღაც 6%-ით დაეცა, ბოლო ერთ კვირაში კი – 1,5%-ით. და ეს მაშინ, როდესაც ლარი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თუ ბლუმბერგის სისტემის კურსებს დავეყრდნობით, 25%-ით დაეცა. ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც შეიძლება შედარება – რუსეთის ფედერაციაა, თუმცა რუსეთში 23%-ანი ვარდნა მთელი ერთი თვის განმავლოობაში ხდებოდა და ამას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზი, როდესაც ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა“,- აღნიშნა მერაბ კაკულიამ.

BPN.GE

Share