Home » ახალი ამბები » ნათია თურნავა – მივესალმებით, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება

ნათია თურნავა – მივესალმებით, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რუსი ტურისტები ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა, შესაბამისად, უსაფრთხოების თემები, რა საბაბითაც ფრენები აიკრძალა, დღის წესრიგში აღარ დგას. მისი თქმით, ამ ფონზე მიესალმებიან, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება.

„ჩვენ ყოველთვის დადებითად შევხვდებით იმას, თუ ეს სრულიად არარაციონალური შეზღუდვა მოიხსნება და ფრენები აღდგება. იმავე წლის შედეგებმა დაგვანახა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, მათ შორის რუსი ტურისტებიც ჩამოდიან სხვა გზებით, სახმელეთო გზით ან არაპირდაპირი ფრენებით. მართალია, მათ გაურთულდათ ჩამოსვლა, მაგრამ მაინც ჩამოდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საბაბი, რის გამოც აკრძალვა მოხდა, ანუ უსაფრთხოების თემები, აღარაა დღის წესრიგში. თვითონ რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა. არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ საღი აზრიდან გამომდინარე მაქვს მოლოდინი, მიხვდებიან, რომ ამ შეზღუდვას არანაირი აზრი არ აქვს,“ – განაცხადა თურნავამ.

2019 წლის ნოემბერში რუსული მედია წერდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა სავარაუდოდ 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება.მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფრენების აკრძალვამ რუსული ავიაკომპანიები დაახლოებით 50 მილიონი დოლარით დააზარალა.

მიმდინარე წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. ვლადიმერ პუტინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა იყო საუბრის ერთ-ერთი თემა დავით ზალკალიანისა და სეგრეი ლავროვის შეხვედრაზე ნიუ-იორკში. ამ საკითხს მოგვიანებით რუსულ პრესაში თავად ლავროვიც გამოეხმაურა.

Share