Home » საზოგადოება » ნადარაია – ვფიქრობთ, წლის განმავლობაში ერთი დოლარი 2.82 ლარის ფარგლებში ეღირება

ნადარაია – ვფიქრობთ, წლის განმავლობაში ერთი დოლარი 2.82 ლარის ფარგლებში ეღირება

ეროვნული ვალუტის გამყარებასთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი გამართლდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „თიბისი ბანკის” მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ლარის გამყარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მონეტარული პოლიტიკის კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა.

„ჩვენი პროგნოზი, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და მოსალოდნელი იყო მისი გამყარება, გამართლდა. თავისთავად, ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც ძლიერმა საგარეო სექტორმა, ასევე მონეტარული პოლიტიკის კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა“, – განაცხადა ნადარიამ და აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა და მეორე მხრივ, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა შემცირდა.

ამასთან, მისი თქმით, არარეზიდენტების მიერ დიდია ფასიანი ქაღალდებით დაინტერესებაც, ასევე მნიშვნელოვანია მოლოდინები.

„თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტი ამბობს, რომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა წლის განმავლობაში ერთი აშშ დოლარის ფასი სავარაუდოდ, 2.82 ლარის ფარგლებში იქნება.

„პროგნოზს რაც შეეხება, ამის ზუსტად თქმა რთულია, თუმცა ჩვენი გათვლებით, შეიძლება, მიმდინარე წელს საპროგნოზოდ გამოვიყენოთ – ერთი დოლარი 2.82 ლარის ფარგლებში. როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსთან დაკავშირებით, მსოფლიოში დოლარი გაძლიერდა და სამწუხაროდ, ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები შესუსტდა. ლარი არ შესუსტდა, რადგან ისედაც იმაზე მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე უნდა ყოფილიყო. დღესდღეობით ვფიქრობთ, რომ ერთი აშშ დოლარი 2.82 ლარის ფარგლებში იქნება, თუმცა თუ ევრო, ლირა და რუბლი გაძლიერდა დოლართან მიმართებაში, ვფიქრობთ, ლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება“, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოფიციალური კურსით, 26 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7946 ლარი ეღირება.

1tv.ge

Share