Home » მსოფლიო » მსოფლიო ბიზნესმიმოხილვა – კვირის ქრონიკა
მსოფლიო ბიზნესმიმოხილვა - კვირის ქრონიკა

მსოფლიო ბიზნესმიმოხილვა – კვირის ქრონიკა

გასული კვირას საერთაშორისო ბიზნესსამყაროს თვალი, ძირითადად, პოლიტიკური რისკებისკენ იყო მიპყრობილი, როგორიცაა დაძაბულობა ესპანეთში, არჩევნები იაპონიასა და ჩეხეთში, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების, ე.წ. ბრექსიტის საკითხი, რომელიც უკვე დიდი ხანია მულტინაციონალური კორპორაციების თავის ტკივილია, რადგან ვაჭრობისა და ფინანსური დეტალებთან დაკავშირებით ბუნდოვანება არა და არ გაიფანტა.

 

ბრექსიტი და ბიზნესის რისკები

ლონდონისა და ბრიუსელის გაყრის თემა ბიზნესს მოსვენებას არ აძლევს. მიმდინარე მოლაპარაკებები მკაფიო მინიშნებებს არ აგზავნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რათა შემდგომი საქმიანობა დაგეგმოს და რისკები გათვალოს.

გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის გამართულმა მოლაპარაკებებს ფაქტობრივად ისევ არ მოჰყვა რეალური შედეგი: ბიზნესმა ისევ არ იცის გადაიხდის ბრიტანეთი ევროკავშირთან გაყრის საფასურად რამდენიმე ათეულ მილიარდს თუ არა; არც ის იცის, როგორი იქნება ევროკავშირთან და ბრიტანეთთან ვაჭრობის დეტალები გაყრის ორწლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ.
თუ ეს დეტალები დეკემბრამდე არ გაირკვა, ბიზნესი ხელისუფლებას ხმამაღლა აფრთხილებს, რომ დეკემბრიდან უკვე სათადარიგო გეგმის დამუშავებას დაიწყებს და სათაო ოფისები ლონდონიდან ევროკავშირის სხვა ქალაქებში გადავა. გასულ კვირას ამერიკული ფინანსური გიგანტის „გოლდმან საქსის“ ხელმძღვანელმა „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ უფრო მეტ დროს გერმანიის ფინანსურ ცენტრში, ფრანკფურტში დაჰყოფს, ვიდრე ლონდონში, სადაც ამჟამად „გოლდმან საქსს“ ოფისი აქვს და 6 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ამიტომ ხუთმა წამყვანმა ბრიტანულმა ბიზნესგაერთიანებამ, მათ შორის არიან ბრიტანეთის სავაჭრო პალატა, მცირე ბიზნესის ფედერაცია და მწარმოებელთა ფედერაცია, გასული კვირის ბოლოს საერთო ღია წერილი დაწერა, რომელშიც მთავრობას სთხოვს, სასწრაფოდ შეიმუშაოს ბრექსიტის გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური დეტალები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლობისტი ჯგუფები შიშობენ, რომ გაერთიანებულ სამეფოდან ინევსტიციების სერიოზული გადინება დაიწყება, რასაც უმუშევრობა მოჰყვება.

 

პოლიტიკური მოვლენების გავლენა ფინანსურ ბაზრებზე

კვირას იაპონიამ პრემიერად ისევ ამჟამად მოქმედი პრემიერი შინზო აბე აირჩია, რასაც იაპონიის საფონდო ბაზარმა რეკორდული ზრდით უპასუხა.

ბიზნესი ოპტიმისტურად არის განწყობილი ე.წ. აბენომიკის მიმართ, როგორც აბეს ეკონომიკურ კურსს უწოდეს ანალიტკოსებმა, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებასა და ექსპორტის წახალისებაზე აკეთებს აქცენტს და ამ კუთხით ეროვნული ვალუტის დასუსტებასაც გულისხმობს.

შესაბამისად, იაპონიის წამყვანმა ნიკეის ინდექსმა, რომელიც 225 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს, 1996 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ზრდა აჩვენა, ხოლო იაპონური ვალუტა იენა ამერიკული დოლარის მიმართ ბოლო სამი თვის მინიმუმამდე დაეცა, რაც ექსპორტისთვის დადებით მოვლენად ითვლება.

მეორე მხრივ, ესპანეთის საკონსტიტუციო კრიზისი, ასევე ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ევროსკეპტიკოსი ოლიგარქის, ანდრეი ბაბისის გამარჯვება, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ადარებენ, უარყოფითად აისახა ევროზონის ერთიანი ვალუტის კურსზე და ევრო მცირედით გაუფასურდა. თუმცა ინვესტორები ვარაუდობენ, რომ მადრიდსა და ბარსელონას შორის დაპირისპირება ესპანეთის ფარგლებს არ გასცდება.

შტატებში კი დონალდ ტრამპის საგადასახადო რეფორმების მიმართ ოპტიმიზმი გაიზრდა, რასაც სამუშაო კვირის ბოლოს უოლ სტრიტის საფონდო ინდექსების რეკორდული ზრდა მოჰყვა. დოუ ჯონსის ინდექსმა გასული კვირა 0.71-პროცენტიანი ზრდით დაასრულა, „სტანდარტ ენდ ფუარსი“ 0.51, ხოლო „ნაზდაკი“ 0.36 პროცენტით გაიზრდა.

დოლარის გამყარების ფონზე, ოქრო 0.3 პროცენტით გაუფასურდა და უნციაზე 1276 დოლარი და 80 ცენტი შეადგინა.

რაც შეეხება ნავთობს, ახლო აღმოსავლეთსა და შეერთებულ შტატებში მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ, ნავთობის ფასი გაიზარდა. ნავთობის ფასზე გავლენა ერაყში, კირკუკის პროვინციაში სამთავრობო კონტროლის აღდგენამაც მოახდინა, სადაც ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგებია.

შესაბამისად, ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასმა 13 ცენტით მოიმატა – ბარელზე 57 დოლარი და 88 ცენტი შეადგინა, ხოლო ამერიკულ ნედლ ნავთობზე ფასი 25 ცენტით, 52 დოლარსა და 9 ცენტამდე გაიზარდა.

 

ამერიკის ფინანსური ბაზრები რეკორდულად მაღალ მოგებაზე გავიდნენ – არსებობს თუ არა ფინანსური ბუშტის გასკდომის საფრთხე?

გასულ კვირაში ბიზნესანალიტკოსები ამერიკის საფონდო ინდექსების მკვეთრმა ზრდამ შეაფიქრიანა. ანალიტიკოსების აზრით, აქციებზე ფასის ასეთი რეკორდული ზრდა იმეორებს 2007 და 1987 წლის სცენარებს, როდესაც საფონდო ინდექსების რეკორდული ზრდის შემდეგ, ბაზარი გადახურდა, ფინანსური ბუშტი გასკდა და კრიზისი დადგა.

ანალიტიკოსების ნაწილს უჭირს ამერიკელი ინვესტორების ოპტიმიზმის ახსნა ისეთი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, როგორიცაა შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობის ზრდა, რასაც ტრამპის პოლიტიკის მიმართ ევროკავშირის უკმაყოფილებაც ახლავს თან, ასევე ჩრდილოეთ კორეასთან არსებული დაპირისპირება. გარდა ამისა, ფედერალური სარეზერვო სისტემა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს, რასაც შედეგად, დიდი ალბათობით, დოლარის გამყარება და ექსპორტის შეზღუდვა მოჰყვება.

როგორც წესი, ფინანსურ ბაზრებს გეოპოლიტიკური რისკები ყველაზე მეტად აფრთხობს, ამიტომ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამერიკელი ინვესტორები, როგორც ჩანს, რეალურად არ თვლიან ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო კონფლიქტის ალბათობის საფრთხეს.

პარალელურად, ინვესტორებს ტრამპის დაპირებული საგადასახდო წნეხის შემცირების მოლოდინი გაუჩნდათ მას შემდეგ, რაც სენატმა გასულ კვირაში ახალი ბიუჯეტის პროექტი მიიღო. საქმე ისაა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საგადასახდო რეფორმებსაც ითვალისწინებს. ასევე ინვესტორებს მიაჩნიათ, რომ ბოლო დროს დაფიქსირებული დაბალი ინფლაციის ფონზე, ფედრეზერვი მონეტარულ პოლიტიკას დაგეგმილზე უფრო რბილად გაამკაცრებს და დოლარიც ნაკლებად გამყარდება.

 

ბიტკოინი ახალ რეკორდს ხსნის, მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორების ნდობას კი ჯერ ვერ იმსახურებს

პოპულარულმა კრიპტოვალუტა ბიტკოინმა გასულ პარასკევს ახალი რეკორდი მოხსნა და ერთი ბიტკოინის ფასმა 6 000 დოლარს გადააჭარბა. საერთო ჯამში, ბიტკოინი წელს 500 პროცენტით გამყარდა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე 100 მილიარდი დოლარია. ახალი რეკორდის ერთ-ერთ მიზეზად ანალიტიკოსები ჩინეთში ბიტკოინზე რეგულაციების შესაძლო შერბილებას ასახელებენ, რომელზეც ბიტკოინის ტრანზაქციების 60 პროცენტი მოდის და სადაც ზაფხულში ციფრულ ვალუტაში ფულის დახურდავება აიკრძალა.

საერთო ჯამში, ყველა კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 170 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა კრიპტოვალუტამ მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორების ნდობა, როგორიცაა საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები და მსხვილი საინვესტიციო ფონდები, მაინც ვერ მოიპოვა, რადგან კრიპტოვალუტა რყევის დიდ დიაპაზონს აჩვენებს (მაგალითად ბიტკოინის დღიური ვაჭრობის მოგება-ზარალი 26-დან 16 პროცენტამდე მერყეობს), რეგულაციები ფაქტობრივად არ ეხება და ლიკვიდობის კუთხითაც სუსტია.

წყარო: 1tv.ge

Share