Home » ფინანსები » მოსახლეობას სესხებზე შეღავათი შეიძლება, კიდევ გაუხანგრძლივდეს

მოსახლეობას სესხებზე შეღავათი შეიძლება, კიდევ გაუხანგრძლივდეს

პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, პირობები შეიცვლება და დეტალები დაზუსტდება

ბანკების მიერ დაწესებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდი უკვე იწურება, თუმცა ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა მხოლოდ ახლა დაიწყო და ხალხს შემოსავალი ჯერ არ მიუღია, ამიტომ მათი გადახდისუნარიანობა ისევ ეჭვქვეშ დგას. საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებაზე რომ საუბარი მიმდინარეობს, ეს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა უკვე დაადასტურა, თუმცა უცნობია, რა ფორმით. 

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა მნიშვნელოვანი გადაწვეტილება მიიღეს და თავიანთ კლიენტებს 3 თვით სესხების მომსახურება გადაუვადეს. ზოგ შემთხვევაში ეს ფიზიკურ პირებს ეხებათ, ზოგიერთ შემთხვევაში – იურიდიულ პირებსაც. მომხმარებლისათვის, რომელთა დიდი ნაწილიც უმუშევრად, დროებით უმუშევრად ან შემცირებული ხელფასით დარჩა პანდემიის პირისპირ, მოკლევადიან პერიოდში გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოზიტიური იყო, რადგან მათ შემოსავალს არ აკლდებოდა სესხის თანხა. 

მოკლევადიან პერიოდში კი ბანკებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიიღეს. საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 747 მილიონი ლარის ზარალი მიიღო, ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან გახდა ცნობილი. ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვება გახდა. 

უნდა გახანგრძლივდეს თუ არა საშეღავათო პერიოდი? რადგან ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეა და მოსახლობის შემოსავლის წყაროებიც არ აღდგენილა, სესხების კიდევ ორი თვით გადავადება სწორად და მართებულად მიაჩნია საბანკო სფეროს სპეციალისტ გიორგი ცუცქირიძეს. 

,,სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გათვლილი იყო სავარაუდო პერიოდზე, თუ რა დროში მოხდებოდა ვირუსული პანდემიის მიერ ეკონომიკის დაპაუზება. ეს იყო წინასწარი პრევენცია. დღეს რეალობა ამგვარია, ეკონომიკა იხსნება სექტორულად, თუმცა ადამიანებს ჯერ რეალური შემოსავალი არ მიუღიათ. ამიტომ, არასერიოზულად მიმაჩნია საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობა ივნისიდან დაიწყებს გადახდას. 

ახლა ჩემი რეკომენდაციაც და ვარაუდიც ასეთია: საშეღავათო პერიოდმა ეკონომიკის სრული ამოქმედებიდან, მინიმუმ, ორი თვით უნდა გადაიწიოს“, – განუცხადა “რეზონანსს” ცუცქირიძემ.

საშეღავათო პერიოდის გაგრძელება ლოგიკურად მიაჩნია ,,საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელ გიორგი კეპულაძესაც. მისი აზრით, არავითარი აზრი არ აქვს, ბანკებმა მოითხოვონ სესხი, რომელზეც იციან, რომ მომხმარებელი ვერაფერს გადაიხდის.

,,ეკონომიკის გარკვეული სექტორები, სამწუხაროდ, ასე სწრაფად ვერ ამუშავდება და შესაბამისად, იქ დასაქმებულ ადამიანებს არ ექნებათ შემოსავალი. მგონია, რომ საბანკო სექტორი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატური. რა აზრი აქვს, მოითხოვო სესხი, თუ იცი,  რომ მას ვერ გადაიხდიან? ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ საშეღავათო პერიოდი გაგრძელდეს ყველასათვის ან კონკრეტულ სექტორებთან აწარმოონ მოლაპარაკება ამ კუთხით ფინანსურმა ინსტიტუტებმა.

ბანკებს აქვთ საკმაოდ დიდი კაპიტალიზაცია, რათა არ შეექმნათ პრობლემა, მაგრამ მაინც უნდა შევხედოთ ორივე მხრიდან. ბანკებმაც არ უნდა მიიღონ ზიანი, რომელიც შემდეგ მათი ვალდებულებების შესრულებაზე აისახება უარყოფითად”, – აღნიშნა კეპულაძემ. 

საბანკო შეღავათების გაგრძელებაში ბანკების ლიკვიდურობისათვის საფრთხეს ხედავს ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე. 

,,კიდევ ერთხელ გადავადება ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს კომერციულ ბანკებს. მათ ლიკვიდობის ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ამ შემთხვევაში, არ ვიცი, რამდენად შეძლებს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ კომპენსირებას. მაშინ სებ-ს მოუწევს ზედამხედველობის ინსტრუმენტების მნიშვნელოვნად შერბილება, მათ შორის – ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების. კიდევ სამი თვით გადავადება საბანკო სისტემას ჩამოშლამდე მიიყვანს“, – განუცხადა გოჩა თუთბერიძემ ,,რეზონანსს“. 

ბანკების მიერ მსესხებლებისთვის შეთავაზებულ 3-თვიან საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აღნიშნავს, ამ პროცესის გაგრძელება ისე მასშტაბურად, როგორც ეს მარტში მოხდა, აღარ იგეგმება, თუმცა გარკვეული შეთავაზებები ისევ განიხილება.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, საშეღავათო პერიოდით დაზუსტებულად 600 000-მა ადამიანმა ისარგებლა, თუმცა პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს და საბოლოო მაჩვენებელი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წყარო: resonancedaily.com

Share