Home » ფინანსები » მინიმალური ხელფასი ისევ 20 ლარი დარჩა – კანონპროექტი პარლამენტში ჩავარდა

მინიმალური ხელფასი ისევ 20 ლარი დარჩა – კანონპროექტი პარლამენტში ჩავარდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მინიმალური ხელფასის ოდენობის 500 ლარით განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კენჭი უყარეს, მას ორი მომხრე და ორი წინააღმდეგი აღმოაჩნდა და მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ დამოუკიდებელი დეპუტატის ინიციატივა, რომელიც კანონმდებლობის დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ითხოვდა, ნეგატიურად შეაფასა.

„კანონპროექტის შინაარსი ასეთია – თუ პირობითად ათ ადამიანს 300-ლარიანი ხელფასი აქვს, ცვლილების შედეგად, რვა ადამიანი 500-ლარიანი ხელფასით იქნება, ხოლო ორი – უმუშევარი. ეს არ არის კარგი შედეგი. თუ ამას კერძო კომპანიების გადასაწყვეტად ვტოვებთ, ჩემი და მთავრობის აზრით, ასეთი შედეგი დადგება, რვა მომატებული ხელფასით იქნება, ორი უმუშევარი. სხვა ინსტრუმენტებია ჩასართავი. მართალია ყველა თვლის, მინიმალური ხელფასი საკმარისი, ადეკვატური არ არის, მისი მოგვარების ეს გზა ამ ეტაპზე, შესაძლოა, აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგის მომტანი გახდეს. ეს ხედვის საკითხია“, – განაცხადა კაკულიამ.

ასე რომ, საქართველოში ისევ ძალაში დარჩა 20-ლარიანი მინიმალური ხელფასი და ეს მოცემულობა რამდენიმე წელი კიდევ არ შეიცვლება. პროექტის ავტორის ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ამ კანონის გატანას დიდი გამბედაობა სჭირდებოდა იმ წნეხის გათვალისწინებით, რაც ბიზნეს ასოციაციებს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე აქვთ.

„ამ კანონის გატანას გამბედაობა სჭირდება. ჩვენ ვიცით, რამხელაა ბიზნეს ასოციაციების წნეხი, ზოგადად, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში და, რა თქმა უნდა, ისინი ასეთ პროექტებს ვერ ხვდებიან აღტაცებით. ამ დროს ჩვენ გვყავს არმია დასაქმებული ღარიბებისა, ანუ მშრომელი ღარიბების არმია და აქედან გამომდინარე, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.

„ქართულმა ოცნებამ“ დანერგა ეს მანკიერი პრაქტიკა, რომ ოპოზიციის შეტანილ ცვლილილებებს მხარს არ უჭერს. ხელისუფლება იქცა მხსხვილი ბიზნესის ასოციაციად და მათივე ლობისტად. მხოლოდ მათ მოთხოვნებს ითვალისწინებს და ასე დგამს ყველა ნაბიჯს. ვინც მხარს არ უჭერს ასეთ ცვლილებას, საკუთარ სინდისთან ვერ მოდიან თანხვედრაში.

მთავრობის მხრიდან, დაწუნების მიზეზი, ტექნიკური დეტალები გახდა და არა შინაარსობრივი. ალბათ, ამითაც თვალსაჩინოა საზოგაოდებისათვის, რასთან გვაქვს საქმე. ეს იყო ისტორიული პროცესი, როცა მინიმალური ხელფასის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო და სხდომას მხოლოდ 7 დეპუტატი დაესწრო“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 2019 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა. ცვლილებების თანახმად, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის 45%-ის ოდენობით. განისაზღვრება ასევე საათობრივი ანაზღაურებაც. კანონი არ ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომელთაც 500 000 ლარზე ნაკლები წლიური ბრუნვა აქვთ.

წყარო: FOR.GE

Share