Home » ფინანსები » მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ერთი წელი – რა შეიცვალა ბაზარზე ახალი რეგულაციების კვალდაკვალ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ერთი წელი – რა შეიცვალა ბაზარზე ახალი რეგულაციების კვალდაკვალ

2019 წლის 1 იანვრიდან ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა საფინანსო სექტორში ძირეული ცვლილებები გამოიწვია.

რეგულაციებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ონლაინსესხების ბაზარზე, ვინაიდან შემოსავლის დადასტურების გარეშე აიკრძალა სესხების გაცემა და ასევე, გაცემული სესხის პროცენტზე დაწესდა ზედა ზღვარი. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები ვეღარ ახერხებდნენ კაბალური პირობებით მაღალპროცენტიანი სესხების გაცემას.

რეგულაციების ამოქმედებიდან მალევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი დაიხურა და მთელი წლის განმავლობაში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა მისოს დახურვის შესახებ. საინტერესოა, რა მდგომარეობაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე რა ბედი ელით ქვეყანაში მოქმედ მისოებს და რამ გამოიწვია მათი დიდი ნაწილის დახურვა.

თუკი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ჩავხედავთ დავინახავთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარს ძირითადად ის კომპანიები ტოვებენ, რომლებიც მანამდე ონლაინ სესხების გაცემით იყვნენ დაკავებული. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში ბაზრიდან გასულ ორ ან მეტ კომპანიას ერთი და იგივე მფლობელი ჰყავდა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ონლაინ სესხებმა ბაზარზე დამკვიდრებულ სამართლიან თამაშის წესებს ალღო ვერ აუღეს.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც 19 ორგანიზაციით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე სულ 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

ამავე მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საფინანსო ბაზრის ამ სექტორში სულ დასაქმებული იყო 4101 ადამიანი, რაც 286 ადამიანით, დაახლოებით, 6,5 %-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის მეოთხე კვარტალში მისო-ებში 4 387 ადამიანი მუშაობდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირების მიუხედავად გაიზარდა მათ მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობა. ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული იყო 1,129 მლრდ ლარის სესხი, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,101 მლრდ. რაც იმას ნიშნავს, რომ გაცემული სესხების რაოდენობა 28 მლნ ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება გაცემული სესხების სტრუქტურას, 2018 წლის მეოთხე კვარტლის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, მისო-ების მიერ ჯამში გაცემული 1,101 მლრდ ლარის მოცულობის სესხიდან ყველაზე მეტი – 337,116 მლნ ლარი იყო სამომხმარებლო სესხი. გაცემული სესხების მოცულობით მეორე ადგილზეა სალომბარდე მომსახურება. კერძოდ, 2018 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსოებმა 299, 862 მლნ ლარის ლომბარდული სესხი გასცეს. ვაჭრობისა და მომსახურების სფერო კი მიკროსაფინანსოებმა 187,172 მლნ ლარით დააკრედიტეს.

2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით კი, გაცემული 1,129 მლრდ ლარის სესხიდან 432,138 მლნ ლარი – სალომბარდე სესხი იყო, 268,978 – სამომხმარებლო სესხი, ხოლო, 110, 536 მლნ ლარი ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე გაიცა.

რაც შეეხება აქტივებს, მათი აქტივების ჯამური ღირებულება1.37 მილიარდ ლარს შეადგენს.

ასევე, მიკროსაფინანსო ბაზრის ძირითადმა მოთამაშეებმა თავიანთი ფინანსური ანგარიშები უკვე გამოაქვეყნეს. დოკუმენტების მიხედვით, როგორც აქტივების, ასევე წმინდა მოგების მაჩვენებლის მიხედვით, პირველ ადგილზე “რიკო ექსპრესია”, რომლის აქტივებიც 390 მილიონ ლარს, წმინდა მოგება კი 38.9 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების უმეტესობის მოგებაზე მაღალია.

ყველაზე დიდი ზარალი კი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “4ფაინანსს” (”ვივუსი”) აქვს. “ვივუსის” ზარალმა გასულ წელს 6.1 მილიონი ლარი შეადგინა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი წმინდა მოგება/ზარალის მიხედვით:

1. რიკო ექსპრესი – 38,873,436 ლარი; 2. კრისტალი – 5,924,774 ლარი; 3. სვის კაპიტალი – 3,601,011 ლარი; 4. მიკრო ბიზნეს კაპიტალი – 2,870,355 ლარი; 5. მისო ინტელექსპრესი – 2,717,722 ლარი; 6. კრედიტსერვისი+ – 2,275,579 ლარი; 7. ბერმელი – 2,017,888 ლარი; 8. სმარტ ფინანსი – 2,015,977 ლარი; 9. ბანი კრედიტი – 1,523,682 ლარი; 10. ინვესტ ჯორჯია – 904,092 ლარი; 11.  MJC – 810,563 ლარი; 12. მონეტა ექსპრეს ჯორჯია – 712,408 ლარი; 13. ჯი აი სი – 613,428 ლარი; 14. ფემილი კრედიტი – 568,355 ლარი; 15. PIAZZA CAPITAL – 497,150 ლარი; 16. ლაზიკა კაპიტალი – 420,736 ლარი; 17. კრედიტორი – 311,780 ლარი; 18. კრედექსი – 253,807 ლარი; 19. ნოვა კრედიტი – 165,320 ლარი; 20. ფინ კრედიტი – 94,679 ლარი; 21. ალფა ექსპრესი – 23,334 ლარი; 22. ექსპრეს კაპიტალ+ – 17,892 ლარი; 23. მაიკროფინი – 14,421 ლარი; 24. უნივერს კრედიტი – 11,372 ლარი; 25. ფინაგრო – (15,055) ლარი; 26. ჯორჯიან კაპიტალი – (22,265) ლარი; 27. გირო კრედიტი – (26,880) ლარი; 28. კონტინენტალ სიტი კრედიტი – (199,599) ლარი; 29. ლენდაფ – (284,274) ლარი; 30. ქართული კრედიტი – (310,919) ლარი; 31. ცენტრალი – (573,771) ლარი; 32. B კრედიტი – (733,570) ლარი; 33. ლიდერ კრედიტი – (896,325) ლარი; 34. ქრიმ ფინანს ჯეორჯია – (3,593,765) ლარი; 35. ევრო კრედიტი – (4,887,785) ლარი; 36.  4ფინანსი – (6,142,693) ლარი.

ელენე ციგრიაშვილი

Share