Home » ფინანსები » მითი თუ რეალობა – საქართველო მობილური ინტერნეტის სიიაფით 230 ქვეყანას შორის 71-ე ადგილზეა

მითი თუ რეალობა – საქართველო მობილური ინტერნეტის სიიაფით 230 ქვეყანას შორის 71-ე ადგილზეა

საქართველო მობილური ინტერნეტის სიიაფით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. მიუხედავად იმისა, რომ მობილურ ოპერატორებს შარშან საბითუმო ინტერნეტის ფასი საგრძნობლად შეუმცირდათ, მათ მომხმარებლებისთვის ინტერნეტპაკეტები ნამდვილად არ გაუიაფებიათ. მხოლოდ შექმნეს რამდენიმე იაფფასიანი, ერთდღიანი პაკეტები, რომელსაც ფაქტობრივად არავინ იყენებს და უბრალოდ არსებული რეალობის გადასაფარად არსებობს.

როგორც ჩანს, სწორედ მსგავსი ტიპის ტარიფების ფასი მიაწოდეს მობილურმა ოპერატორებმა პორტალ “ქეიბლის”, რომლის  ინფორმაციითაც, საქართველო მობილური ინტერნეტის სიიაფით 230 ქვეყანას შორის 71-ე ადგილზეა.

“ქეიბლის” კვლევაში გაანალიზებულია 230 ქვეყანაში არსებული 6 000-ზე მეტი მობილური ინტერნეტის პაკეტი. კერძოდ, 2018 წელს არსებული ყველაზე ძვირიანი და იაფიანი შეთავაზებები. მიღებული შედეგები 2019 წლის 20 იანვარს არსებული დოლარის კურსით დაკონვერტირდა.

შედეგები მიხედვით, მობილური ინტერნეტი ყველაზე იაფი ინდოეთშია. ინდოეთში 1 გიგაბაიტის ღირებულება საშუალოდ 0.26 დოლარს შეადგენს. აქ ყველაზე იაფად მობილური ინტერნეტის შეძენა 0.2 დოლარადაა შესაძლებელი, ყველაზე ძვირად კი 1.4 დოლარად.

ქვეყნები, სადაც მობილური ინტერნეტის პაკეტები ყველაზე იაფია:

ფოტო

კვლევაში საქართველო 71-ე პოზიციაზეა. კვლევის მიხედვით, საქართველოში 1 გიგაბაიტის შეძენა დაახლოებით 80 თეთრადაა შესაძლებელი, ყველაზე ძვირიანი შეთავაზება კი 50 ლარს აღწევს.

საინტერესოა რა ინფორმაციას დაეყრდნო აღნიშნული პორტალი, ან ვინ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 80 თეთრად არა 1 გიგაბაიტის, არამედ რაიმე ტიპის ინტერნეტპაკეტის შეძენაა შესაძლებელი. რეალურად.  ერთ დღიანი ან რამდენიმე საათიანი ინტერნეტპაკეტების ღირებულებაც კი დაახლოებით 2 ლარი ღირს ქვეყანაში.  არ არის გამორიცხული, თავად კომპანიებმა მიაწოდეს არაზუსტი ინფორმაცია, რასაც დაეყრდნო აღნიშნული კვლევა. თორემ, თუკი სხვადასხვა ტიპის ინტერნეტპაკეტებს ჩავხედავთ, რასაც მობილური ოპერატორები სთავაზობენ მომხმარებლებს, დავინახავთ, რომ 1 გიგაბაიტი მობილური ინტერნეტის ღირებულება საქართველოში 3-5 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ყველაზე ძვირადღირებულ შეთავაზებას, მისი ღირებულება არა 50 არამედ 60 ლარია, რომელსაც 1 თვიანი ულიმიტო მომსახურების ფასად სთავაზობს ”მაგთიკომი” მომხმარებელს. თუმცა, ესეც მხოლოდ გარკვეული პაკეტია, რომლის გაუქმების შემთხვევაშიც ”მაგთიკომს” ულიმიტო 1 თვიანი მობილური  ინტერნეტის საფასურად 150 ლარი აქვს მითითებული.

შესაბამისად, აღნიშნული კვლევის სიზუსტე გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს და ”ქეიბლის” ზუსტი მონაცემები, რომ ჰქონოდა ლოგიკურად, აღნიშნულ კვლევაში, 71 ადგილზე გაცილებით უკან ვიქნებოდით.

რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ტარიფებს, პორტალ ”ქეიბლის” კვლევის მიხედვით, 1 გიგაბაიტის ღირებულება ყველაზე მაღალი ზიმბაბვეშია. მისი საშუალო ფასი 75.2 დოლარს აღწევს. კვლევის მიხედვით, ყველაზე ძვირიანი პაკეტი 138 დოლარი ღირს, ყველაზე იაფაინი კი 12 დოლარს.

კვლევის მიხედვით, ინტერნეტ პაკეტების ყველაზე იაფად შეძენა აზიაშია შესაძლებელი, ყველაზე ძვირად კი გრელანდიის კუნძულზე.

გიორგი რანი

Share