Home » საზოგადოება » მივიწყებული პროექტის ახალი სიცოცხლე – მთავრობამ საყოველთაო ინტერნეტიზაცია მეორედ დააანონსა

მივიწყებული პროექტის ახალი სიცოცხლე – მთავრობამ საყოველთაო ინტერნეტიზაცია მეორედ დააანონსა

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, 21 საუკუნის საქართველოში ინტერნეტი ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი ფუფუნების საგანია. ქვეყნის რეგიონების დიდ ნაწილში ოპტიკურ–ბოჭკოვანი ქსელი დღემდე არ არსებობს და მოსახლეობა ვერ ახერხებს ინტერნეტით სარგებლობას.

მაშინ როდესაც მსოფლიო ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გზას ადგას, ჩვენთან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა გადაუჭრელ პრობლემად იქცა. თუ კი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რუკას ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ 2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ინტერნეტით სრულად დაფარული მხოლოდ თბილისი და აჭარის რეგიონია.

აი, რაც შეეხება კახეთს, იქ ინტერნეტის დაფარვის სიმკვრივე 47%–ს შეადგენს, 51%–ითაა დაფარული შიდა ქართლი, ქვემო ქართლის დაფარვის სიმკვრივე 72%–ს შეადგენს, 63%–ითაა დაფარული იმერეთი, 57%–ით სამცხე–ჯავახეთი, 55%–ით მცხეთა–მთიანეთი, 32% პროცენტით გურია, 40%–ით სამეგრელო ზემო–სვანეთი, აი რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დაფარვა კი მხოლოდ 14%–ს შეადგენს. ასევე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, ოპტიკურ ბოჭჯოვანი, კომპიუტერის სპეციალური 4G ადაპტერით, ე.წ. Deal Up-ის, სატელიტური ინტერნეტის, XDSL-ის, CDMA-სა და სხვა ტიპის ინტერნეტის აბონენტების რაოდენობაა 901,759 შეადგენს. ამ შემთხვევაში ერთ აბონენტი, ძირითადად, ერთ შინამეურნეობას (ერთ ოჯახს) აღნიშნავს.

როგორც ვხედავთ, ინტერნეტის დაფარვა საქართველოს რეგიონებში ძირითადად 60%–ს ქვემოთაა, რაც ნამდვილად კატასტროფული მაჩვენებელია. ამ სიტუაციიდან გამოსავალი კი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი იყო, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილს უნდა განეხორციელებინა და რაშიც 100–150 მილიონი უნდა დახარჯულიყო. შედეგად, 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტთან წვდომა, ხოლო 10 რეგიონის 500-მდე სოფელი ინტერნეტ კაბელით უნდა დაქსელილიყო. პროექტის დაწყების შესახებ 2016 წელს გაცხადდა და სამუშაოების დაწყების შესახებაც დაანონსდა, თუმცა მას შემდეგ 3 წელიწადზე მეტი გავიდა და არანაირი კონკრეტული შედეგიც შესახებ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას OPEN NET–ს არ განუცხადებია.

სამი წლის განმავლობაში კომპანია მიმდინარე სამუშაოების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ აქვეყნებდა. ან კი, როგორ გამოაქვეყნებდა, როდესაც არაფერი არ კეთდებოდა. უცნობია რამ გამოიწვია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის გაჩერება, რომლითაც მთავრობა თავს მუდმივად იწონებდა.  არც ისაა ცნობილი თავად ივანიშვილმა გადაიფიქრა მისი განხორციელება, თუ მის მიერ პირველ ეტაპზე გამოყოფილი თანხები გაიფლანგა და ამიტომ დროებით დააპაუზა პროექტი. თუმცა, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი ფაქტი ერთია, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი და ბაზარს კვლავ მხოლოდ ორი კომპანია ,,კავკასუს ონლაინი” და ”სილქნეტი” აკონტროლებენ.

არადა, საყოველთაო ინტერნეტიზაცია ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური და იმედისმომცემი პროექტია, რომელმაც ინტერნეტზე წვდომის საშუალება უნდა მისცეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, გარდა ამისა, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენის შანსი უნდა გააჩინოს, რაც უზრუნველყოფს კონკურენციას და, შესაბამისად, ფასების შემცირებას  ინტერნეტბაზარზე.

პროექტმა დაანონსებისთანავე  საზოგადოებაში უდიდესი მოწონება დაიმსახურა. მას იწონებდნენ როგორც რეგიონებში მოღვაწე ბიზნესმენები, ასევე სფეროს სპეციალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა, ვინაიდან ჩნდებოდა საშუალება, რომ ფაქტობრივად მთელი საქართველო დაფარულიყო ინტერნეტით, რაც  ხელს შეუწყობდა ქვეყნის განვითარებას და მოსახლეობას გამოიყვანდა მხოლოდ სატელევიზიო ინფორმაციის ვაკუმიდან.

მეორედ დაანონსებული პროექტი

მაშინ, როდესაც 2020 წელს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი უნდა დასრულებულიყო მის შესახებ რამდენიმე დღის წინ თავიდან დაანონსდა და საქართველოს ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების სტრატეგიაც მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტით დაინტერესდა და მზადაა “ოუფენ ნეტის” პროგრამაც დააფინანსოს. ნათია თურნავას თქმით, დაგეგმილია მარეგულირებელ კომისიასთან ერთად პროექტის მთლიანი დიზაინის შესყიდვა, რადგან დიზაინი განსაზღვრავს სწორედ ბიუჯეტს და აქედან გამომდინარე, განისაზღვრება წყაროებიც.

”ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს. გადავწყვიტეთ, რომ პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად იმისთვის, რომ უკვე მომავალ წელს შევძლოთ ქსელის მშენებლობის დაწყება, ხოლო მისი თანმიმდევრობა, რეგიონები, შემდეგი ვადები განისაზღვრება მთავრობასთან შეთანხმებით. პროექტის კოორდინაციას ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს~, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისვე ინფორმაციით, უშუალოდ ქსელის მშენებლობას განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი მუნიციპალური განვითარების ფონდი.

დადგენილების მიხედვით, პროექტის მიზნები ამგვარია – ~პროგრამის მიზანია, საქართველოს მთავრობის მიერ სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის, კონკურენციის განვითარებისა და კერძო ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე: ა) ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა; ბ) სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი საბითუმო მომსახურებების განვითარება; გ) შექმნილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის კავშირი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განხორციელდება: ა) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა გადაცემის ქსელების პროექტირება, მშენებლობა, საჭიროების შემთხვევაში, არსებული ფართოზოლოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის ოპტიკური ძარღვების სარგებლობაში გაცემა; ბ) ოპერატორების მფლობელობაში არსებულ იმ დაშვების წერტილებში დაერთება, რომლებიც კომისიის მონაცემებით უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთებით დაკავშირებულია ოპერატორების ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალებთან და აქვს პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რაოდენობის ოპტიკური ძარღვები; გ) დაშვების წერტილების დაგეგმარება/მოწყობა და ნებისმიერი ოპერატორისათვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურების მიწოდება, რათა ოპერატორებმა განავითარონ თავიანთი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და საკუთარი ქსელების საშუალებით ბოლო მომხმარებლებს მისცენ ფართოზოლოვან ინტერნეტმომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობა.

3. პროგრამის ფარგლებში მოწყობილი გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურება უნდა უზრუნველყოფდეს შინამეურნეობის შემთხვევაში – არანაკლებ 100 მბ/წმ-ის, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსა და საწარმოს შემთხვევაში – არანაკლებ 1 გბ/წმ-ისა და სხვა ფართოზოლოვან მომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობას, იქ სადაც, ამ დრომდე ამგვარი მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ ყოფილა ხელმისაწვდომი ან არსებული მომსახურების ხარისხი საჭიროებს გაუმჯობესებას იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც იგი ბოლო მომხმარებელს დაბალი ხარისხით ან შეზღუდულად მიეწოდება.

4. პროგრამით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება მხოლოდ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში და მოცემული არეალებიდან ოპერატორების საკუთრებაში არსებულ იმ დაშვების წერტილებამდე, რომლებიც არჩეული იქნება უმოკლესი და ოპტიმალური მანძილის, ქსელის ტოპოლოგიის, რელიეფისა და აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობების (საჭირო რაოდენობის თავისუფალი ოპტიკური ძარღვ(ებ)ის არსებობა, მათი ტექნიკური პარამეტრებისა და მომსახურების ხარისხის ჩათვლით) გათვალისწინებით. ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნის მიზნით მონაცემთა გადაცემის ქსელი მოეწყობა როგორც სამიზნე გეოგრაფიულ არეალში, ისე სარგებლობაში გაცემულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე.

5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ოუფენ ნეტის მიერ უზრუნველყოფილი იქნება, სულ მცირე, შემდეგი ღია დაშვების მომსახურებები: ა) პროგრამის ფარგლებში აშენებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ძარღვ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა; ბ) ამ პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის (ერთ-ერთი წერტილი აუცილებლად უნდა იყოს თეთრ ზონაში) მონაცემთა გადაცემის არხ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა; გ) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურაზე, თუკი იგი გადის თეთრი ზონის ისეთ დასახლებულ პუნქტ(ებ)ში, სადაც მოსახლეობა ნაკლებია 200-ზე, მაგრამ არანაკლებია 100-ისა, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაშვების წერტილებში ოპტიკური ძარღვ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა.”

ამჯერად ვინ დააფინანსებს პროექტს – ივანიშვილი, მსოფლიო ბანკი თუ სახელმწიფო ბიუჯეტი

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება თავიდან დაანონსებული პროექტის დამფინანსებელი. არც ისაა ცნობილი თუ რა დაჯდება პროექტის განახლებული ვარიანტი. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ, იმპლემენტაციის ნაწილში ეკონომიკის სამინისტროს მსოფლიო ბანკი დაეხმარება, ასევე, როგორც სამინისტროში აცხადებენ მათი მხრიდან ფინანსური დახმარების ინტერესიც არსებობს. თუმცა, სრულად ვისი მხრიდან მოხდება დაფინანსება და რატომ ჩამოშორდა ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს ფონდი ”ქართუ” ჯერჯერობით უცნობია.

არც ისაა ცნობილი, თუ ვინ ჩაუდგება აღნიშნული პროექტის განხორციელებას სათავეში და თუკი კვლავ ”ოფენ ნეტის” მეშვეობით უნდა მოხდეს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის შესრულება, ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი. ”ოუფენ ნეტი” ამჟამად მხოლოდ სახელია, რომელსაც ბოლო წლებში არც ხელმძღვანელი ჰყავს და არც იქ დასაქმებული ადამიანების შესახებაა რაიმე ცნობილი.  დაახლოებით 2018  წლამდე ,,ოუფენ ნეტს” ნინო ქუბინიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა ზუსტად როდის მოხდა მისი გათავისუფლება არაა ცნობილი. ”ოუფენ ნეტის” ვებ-გვერდზეც მხოლოდ მწირი ინფორმაცია დევს საქმიანობის შესახებ, ხოლო მისი ხელმძღვანელისა და მმართველი გუნდის შესახებ ინფორმაცია გამქრალია.

ასეა თუ ისე, მთავარია მეორედ დაანონსებული პროექტი ამჯერად მაინც განხორციელდეს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც დროულად დაიწყოს, რათა მოხერხდეს და საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტზე წვდომის საშუალება მიეცეს.

გიორგი კაპანაძე

Share