Home » ბიზნესი » „მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები ბაზარზე არსებული ყველა მოთამაშის“

„მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები ბაზარზე არსებული ყველა მოთამაშის“

მონიტორინგის პროცესშია ფარმაციის სექტორი, რომლის შუალედურ შედეგებზე საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებები გვექნება

კონკურენციის სააგენტომ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისა და სამართლიანი თამაშის წესების შემუშავებისთვის საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი მოამზადა.

 რა მიმართულებით უნდა ველოდოთ სიახლეებს და რომელ სფეროებს სწავლობს ამჟამად კონკურენციის სააგენტო – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ შეკითხვებს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ უპასუხა.

თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიზანი და ამოცანა არ არის ვინმეს დასჯა, პირიქით კონკურენციის ხელშეწყობაო. როგორ აპირებს კონკურენციის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ამის გაკეთებას?

– რაც კონკურენციის სააგენტო ვარ, ჩვენ გვქონდა პირველი, ღია საჯარო შეხვედრა საკონსულტაციო წრეების წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ ორი მთავარი მიმართულება გავაცანით. ერთი, დაგეგმილი სიახლეები, რომელიც უკვე დამუშავებულია და მეორე, ის ქეისები, რომლებიც წლების მანძილზე დაგროვდა კონკურენციის სააგენტოში.

კონკრეტულად რა სიახლეებია დაგეგმილი?

– მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები ბაზარზე არსებული ყველა მოთამაშის. ყველასთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა კონკურენციის პირობების დაცვა. თუ ვინმე თვლის, რომ გარკვეულ მომენტში მომენტში კონკრეტული აგენტის მხრიდან მის მიმართ ადგილი აქვს ინტერესის შელახვას, შეუძლია მიმართოს კონკურენციის სააგენტოს და სააგენტო, ბუნებრივია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მიმართვას. ჩვენ დღეს ვუყურებთ ორ მთავარ გამოწვევას, რომელიც კონკურენციის სააგენტოს წინაშე დგას. პირველი, უფრო ეფექტური კანონმდებლობა და ეს ბევრი შეფასების საგანი ყოფილა და მეორე მხრივ, ეს არის ნდობის კიდევ უფრო მაღალი მანდატი ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის – იქნება ეს ბიზნესი, საექსპერტო ჯგუფები თუ მომხმარებლები. პირველ ნაწილზე გეტყვით იმას, რომ დაახლოებით სამი წლის მანძილზე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში აქტიურად მიდიოდა მუშაობა, შექმნილია ახალი კანონმდებლობის საკმაოდ საინტერესო დრაფტი, რომელიც პარლამენტშია გადაგზავნილი.

ახალი კანონმდებლობით, ძალიან ბევრი მიმართულებით გადაიდგმება გაუმჯობესების კუთხით ნაბიჯები. ის ეყრდნობა საუკეთესო ევროპულ გამოცდილებებს. მოხდება პროცედურული ნორმების კიდევ უფრო გაუმჯობესებაც. მაგალითად, თუ დღეს სააგენტოს მონიტორინგის ეტაპზე არ აქვს ინფორმაციის მიღების ვალდებულება კომპანიისგან, ეს ვალდებულება გაჩნდება. გათვალისწინებულია მოკვლევის ვადების კორექტირების საკითხიც. არის შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც უფრო ეფექტური უნდა იყოს, როცა კონკრეტული ინფორმაცია არსებობს კონკრეტულ ანტიკონკურენტულ შეთანხმებებთან დაკავშირებით. არის საკითხები, რომელიც სხვა მარეგულირებლებთან ურთიერთობას უკავშირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თუ აქამდე კონკურენციის საკითხებზე არ ხდებოდა მთლიანი, საერთო მიდგომები, ახალი კანონმდებლობით ერთიანი მოქმედებები განხორციელდება იმ საკითხებში, სადაც ჩვენ ჩავთვლით, რომ ერთობლივი მოქმედებაა საჭირო. ეს შეიძლება იყოს ანტიკონკურენციული საკითხები, შეთანხმებები, ჯარიმების ფორმირების საკითხები და ა.შ. სხვა მარეგულირებლებთან ერთად ჩვენ ვიქნებით კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებში ერთიანი პოზიციის წარმომდგენები.

კიდევ ორ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ერთი უკავშირდება კონცენტრაციის მიმართულებას, სადაც ხდება სავალდებულო ელემენტის შემოტანა. მეორე, სააგენტო ინსტიტუციურად სხვა დონეზე გადაეწყობა, როგორც სხვა მარეგულირებლების შემთხვევაშია.

რაც შეეხება ქეისებს, რომელ მიმართულებებზე მუშაობს სააგენტო ამჟამად და როდის ეცოდინება საზოგადოებას ამ კონკრეტულ მიმართულებებზე როგორი მდგომარეობაა კონკურენციის კუთხით?

– უკვე დასრულებულ პროექტებზე კი ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ბევრი ინფორმაცია არ აქვს. ჩვენ გვაქვს ახალი საიტი, სადაც აბსოლუტურად ყველა ჩვენი გადაწყვეტილება, 2014 წლიდან დღემდე – დასრულებულია და ზოგიერთი მათგანი სასამართლო კონტროლის გასვლის ეტაპზეა, არის განთავსებული. ეს ეხება როგორც ბაზრის მონიტორინგებს, ასევე კონკრეტულ კომპანიებთან დაკავშირებულ მოკვლევებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს. ყველა ამ ქეისის ნახვა უკვე ჩვენს საიტზეა შესაძლებელი და ჩვენი მიზანიც ეს იყო, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა. სწორედ აქედან გამომდინარეობს სააგენტოს მიმართ ნდობის უფრო მაღალი მანდატის შექმნაც.

რაც შეეხება მიმდინარე საკითხებს, შვიდი მონიტორინგი და ორი მოკვლევის პროცესი გვაქვს ამ ეტაპზე. არის რამდენიმე განაცხადი, რომელიც დამუშავების პროცესშია. მონიტორინგი ეხება ავტოდაზღვევას, ჩვილ ბავშვთა კვებას, სიგარეტის თემები, რომელსაც ჩვენ დავხურავთ ძალიან მალე, ასევე არის პურპროდუქტების თემა – ეს ყველაზე ცნობილი და გახმაურებული ქეისია. აქ მხოლოდ ერთ კონკრეტულ წერტილს არ ვუყურებთ, მთლიან და ზოგად სურათს ვუყურებთ. რაღაც ნაწილზე ჩვენ მალევე გვექნება პასუხი და რაღაც ნაწილზე მუდმივ მონიტორინგს გავაგრძელებთ. მონიტორინგის პროცესშია ფარმაციის სექტორი. აქ ორწლიანი გეგმა ვაქვს, 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება, თუმცა შუალედური მონიტორინგის ფარგლებში საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებები გვექნება. არის ასევე რითეილის სექტორიც, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ეს გულისხმობს რითეილში და დისტრიბუციაში გარკვეული საკითხების გარკვევას. მოკვლევა ეხება კონკრეტულ კომპანიებს, ამიტომ ამაზე არ შევჩერდები. როცა დასრულდება, საიტზე მისი ნახვა შესაძლებელი იქნება.

სანდრო პირველი

Share