Home » ეკონომიკა » მთავარია დროულად ,,გაეშვას” ეკონომიკა პოლიტიკური წნეხებისგან და მოგონილი უსარგებლო რეგულაციებიდან – თემურ ხომერიკი

მთავარია დროულად ,,გაეშვას” ეკონომიკა პოლიტიკური წნეხებისგან და მოგონილი უსარგებლო რეგულაციებიდან – თემურ ხომერიკი

,,მთავარია დროულად ,,გაეშვას” ეკონომიკა პოლიტიკური წნეხებისგან და მოგონილი უსარგებლო რეგულაციებიდან, დასრულდეს პანიკისმთესველთა დემაგოგია”, – ამის შესახებ ეკონომიკის პრაქტიკოსი ექსპერტი, პროფესორი  თემურ ხომერიკი აცხადებს.

მისი შეფასებით, კრიზისის პირობებში სექტორალური ანტიკრიზისული პროგრამების დაფინანსებასთან ერთად, პერსპექტივაში მნიშვნელოვანია მიღებული პრირიტეტული დახარჯვის სწორი სტრატეგია, რაზეც მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს.

,,გვესმის, რომ პოსტკორონა პერიოდის ეკონომიკის განვითარების პარადიგმებზე მეტად მოსახლეობის სოციალური პრობლემებისა და მოწყვლადი ფენების დაცვაა აქტუალური, თუმცა სისტემური რეფორმების გარეშე რეალურად ვერაფერი მიიღწევა.

საზოგადოების საშუალო ფენისა და მცირე ბიზნესის გადარჩენით, დასაქმებით შემოსავლები ჩაანაცვლებს მატერიალურ დახმარებებს, თუ ეფექტიანი გადაწყვეტები იქნება სტიმულირებული. საგანგებო ანტკრიზისული ბიუჯეტი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

ეკონომიკა როცა გაიხსნება, ტურბულენტურ გარემოში ბევრი გადაწყვეტილება არარელევანტური აღმოჩნდება”, – აცხადებს ხომერიკი და დასძენს, რომ ეკონომიკის მესვეურების მიერ შეკრებილი ეკლექტიკური აუდიტორია ვერ გადაჭრის არსებულ პრობლემას და მხოლოდ მაშინ გამოჩნდება პერსპექტიული მიმართულებები, როდესაც ბაზრის დიდი მოთამაშეები ახალ მიდგომებზე შეჯერდებიან.

,,წინასაარჩევნო პერიოდში ვინც ოპტიმალურ და არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს მოსახლეობას, უმეტესწილად ძალაუფლებას კარგავს.

ამას თუ გამეფებულ პარაზიტისტულ მიდგომებსა და სხვის მოიმედეობის მენტალურ პრობლემასაც მივამატებთ, რესურსების რაციონალურად გამოყენებისთვის არც თუ სახარბიელო პერსპექტივებია . მთავარია დროულად ,,გაეშვას” ეკონომიკა პოლიტიკური წნეხებისგან და მოგონილი უსარგებლო რეგულაციებიდან, დასრულდეს პანიკისმთესველთა დემაგოგია, მივეჩვიოთ ახალ პირობებში ოპერირებას და ყველაფერს ,,კორეკონომიკურ კრიზისზე” ნუ ჩამოვწერთ”, – აცხადებს თემურ ხომერიკი.

Share