Home » ეკონომიკა » მზად ვართ, დავიწყოთ „აგარის შაქრის“ წარმოების განახლება, რითაც შაქარზე ჩვენი მოთხოვნის თითქმის 50% იქნება უზრუნველყოფილი – ნათია თურნავა

მზად ვართ, დავიწყოთ „აგარის შაქრის“ წარმოების განახლება, რითაც შაქარზე ჩვენი მოთხოვნის თითქმის 50% იქნება უზრუნველყოფილი – ნათია თურნავა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს დაგვავალა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს, ამთავითვე დავიწყოთ მუშაობა პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე, ანუ ეკონომიკის აღორძინებაზე, მას შემდეგ, რაც იმედია სწრაფად, ეფექტიანად დავამარცხებთ კორონავირუსის გამოწვევას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა, რომელიც უმკლავდება გლობალურ გამოწვევას, ახალ კორონავირუსს.

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცნობილია იმით, რომ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს და სწორედ ამიტომაც ვართ ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფო, რომელიც უმკლავდება ამ გლობალურ გამოწვევას, კორონავირუსს. ეკონომიკას რაც შეეხება, აქაც ასე მოვიქცევით და მართალია, ჯერ კიდევ კორონავირუსთან ბრძოლის შუა ეტაპზე ვართ, პრეკრიზისულ პერიოდში, მაგრამ მზად უნდა შევხვდეთ ეტაპს, როდესაც დავამარცხებთ ვირუსს და დავეხმარებით ქართულ ეკონომიკას, რომ კვლავ ამოიქოქოს, მიაღწიოს წინა ნიშნულებს, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალების თანახმად, ამ გეგმაში ავსახავთ და ავამოქმედებთ ყველა უკვე არსებულ ბერკეტს, იქნება ეს პროგრამა „აწარმოე საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც ახლა მაგალითად, პირბადეებს ვკერავთ, სხვადასხვა სადეზინფექციო და სამედიცინო დაცვის საშუალებებს ვაწარმოებთ და ასე სწრაფად ვრეაგირებთ ვითარებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იქნება ქართული წარმოების განვითარება და იმპორტის ჩანაცვლება.

„ჩვენი მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იქნება პირველ რიგში, განვავითაროთ იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი, ინდუსტრიები, ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკუთარი თავის უზრუნველყოფა შევძლოთ კრიტიკული პროდუქტებით. ყველგან, სადაც გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი რესურსით დავაკმაყოფილოთ საკუთარი ბაზარი, ვითარება გვიჩვენებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა და ჩვენ ამას ერთად აღვასრულებთ“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში” სრულად გადაეწყობა ახალ ამოცანებზე.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი გაგვაჩნია საკრედიტო-საგარანტიო ფონდი, რომელიც მართალია, წინა პერიოდში არ იყო მაინც და მაინც მოთხოვნადი, რადგან ეკონომიკა ვითარდებოდა ძალიან მაღალი ტემპით, არანაირი პრობლემა არ იყო ბანკებიდან სესხის მოზიდვა ჯანსაღი ბიზნესებისთვის და ჩვენი ბიზნესი უპირატესად ჯანსაღი იყო, აქედან გამომდინარე საკრედიტო-საგარანტიო სქემა, როგორც თანაუზრუნველყოფის მექანიზმი, არ იყო იმდენად აქტუალური, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სწორედ კრიზისის დროს ასეთი ტიპის მექანიზმები, როდესაც სახელმწიფო გვერდით უდგება ბიზნესს, რათა შეინარჩუნოს თავისი მდგრადობა და შეძლოს დაფინანსების მოზიდვა, უფრო აქტუალურია“, – აცხადებს თურნავა.

მისი თქმით, ახლა აღნიშნული მექანიზმის გაფართოება არის ძალიან დროული.

„საკრედიტო-საგარანტიო ფონდის გაფართოება დაგვეხმარება, გადავარჩინოთ ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი და ამ კონკრეტული მექანიზმის შემდგომ განვითარებას და ფორმას, ჩვენ უახლოეს დღეებში შევთავაზებთ ქართულ ბიზნესს. გარდა ამისა, როგორც დაგვავალა პრემიერ-მინისტრმა, ჩვენ არ შემოვიფარგლებით უკვე ცნობილი მექანიზმებით, ეს არ იქნება მხოლოდ „აწარმოე საქართველოში” პროგრამა, ეს არ იქნება მხოლოდ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, ჩვენ ყველა შესაძლო ბერკეტს ავამოქმედებთ იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული, განვითარდეს და მისი კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს. პირველ რიგში, საკუთარი ბაზარი დავაკმაყოფილოთ და რა საკვირველია, როგორც კი გლობალური ბაზრები მოგვცემს ამის საშუალებას, ექსპორტიც მაქსიმალურად გავაფართოვოთ და მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ნათი თურნავამ.

მან „აგარის შაქრის“ ამუშავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ინვესტორთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან მუშაობა შედგა.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც დღეს ცნობილი გახდა, ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი ადგილობრივი ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების აღორძინებისა, ეს არის „აგარის შაქრის” კომბინატი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი რესურსით და მხოლოდ ამ ერთი წარმოების მუშაობის განახლებით, თითქმის 50 პროცენტამდე, საკუთარი რესურსით უზრუნველვყოთ ჩვენი ბაზრის მოთხოვნა შაქარზე. ვიმუშავეთ ინვესტორებთან, ამ კომპანიის ხელმძღვანელობასთან და მზად ვართ, დავიწყოთ განახლება, დავიწყოთ ამაზე მუშაობა ისე, რომ ორიოდე თვეში ეს ქარხანა ჩადგეს მწყობრში. ყველაფერთან ერთად, ეს ნიშნავს 500-ზე მეტი დასაქმებულის პრობლემის გადაწყვეტას, რადგან ეს ადამიანები დასაქმდებიან და 500-ზე მეტი ოჯახი მიიღებს აქედან შემოსავალს. უახლოეს დღეებში მე და ჩემი კოლეგა, ლევან დავითაშვილი ვესტუმრებით საწარმოს, ადგილზე გავეცნობით, თუ როგორ წავა განახლებისა და სარემონტო სამუშაოები“, – განაცხადა ნათია თურნავამ და აღნიშნა, რომ მსგავსი მაგალითები მრავლად იქნება.

Share