Home » საზოგადოება » მეზობლებთან ურთიერთობები დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო – სოხუმის აქციების ორგანიზატორი

მეზობლებთან ურთიერთობები დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო – სოხუმის აქციების ორგანიზატორი

აფხაზეთში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და ახალი არჩევნების მოლოდინი – რა ცვლილებებს ელოდება სოხუმის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ხედავს თუ არა თბილისთან დიალოგის საჭიროებას და რა რამ მიიყვანა აფხაზები პროცესების რადიკალიზაციამდე – ლაივპრესის კითხვებს ახრა ავიძბა პასუხობს.

– აფხაზეთში პერიოდულად გამოდიოდნენ ადამიანები სხვადასხვა მოთხოვნით. საინტერესოა, ამ შემთხვევაში რამ მიგიყვანათ პროტესტის რადიკალურ ფორმამდე? ვინ არიან ადამიანები, რომლების თქვენს გვერდით დგანან – მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერები, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი?

– თავდაპირველად, როდესაც მინისტრის მოშორება უნდოდათ, ოთხი გვარი შეიკრიბა, ვისაც უშუალოდ შეეხო მათი უმოქმედობა და ნაწილობრივ, მფარველობაც. ადამიანები, რომელთათვის საკმაოდ დიდი ვადით პატიმრობა უნდა მიესაჯათ, საბოლოო ჯამში, არა თუ ციხეში აღმოჩნდნენ, არამედ შიდაპატიმრობით გაათავისუფლეს და შიდაპატიმრობაში მყოფებმა სამმაგი მკვლელობა ჩაიდინეს! როდესაც მინისტრი მოიშორეს, მაშინათვე დააკავეს ოთხი ადამიანი. მათგან – ორი პრეზიდენტის დაცვის უფროსის ბიძაშვილი იყო, ერთი – დაცვის ყოფილი, ხოლო კიდევ ერთი – მოქმედი თანამშრომელი! რამაც გვაიძულა მიგვემართა მეთაურისთვის და მაშინ, როდესაც ჩვენ მივედით მასთან ჩვენი კითხვების დასასმელად, ხალხიც შეიკრიბა, რომ თავისი კითხვები დაესვა! და ამის შემდეგ, რაკი ვიცოდით, რომ ოპოზიციის სასამართლოც მიმდინარეობდა, ჩვენ მივედით მათთან და გვერდში ამოდგომა ვთხოვეთ.

– ჩვენ ვნახეთ ვიდეო, სადაც შენობაში აქციის მონაწილეები ძალისმიერად შეიჭრნენ. ჩაამსხვრიეს ფანჯრები და კარი გატეხეს. ვის ეკისრება ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა და როგორ წარმოაჩენს ეს აფხაზეთს საერთაშორისო დონეზე?

 ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მედიამ არც თუ ისე სახარბიელოდ წარმოგვაჩინა. მაგრამ, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ ვითარებაში, როგორ გამოვიყურებოდით ჩვენ, თუ ხალხის ბედი! პასუხისმგებლობა თავის თავზე მეთაურს უნდა აეღო, მაგრამ, რაკი ის არასწორად იქცეოდა საკუთარი ხალხის მიმართ, არ მქონდა მოლოდინი, რომ ის ამას იტვირთავდა. ამის შესახებ მოედანზე შეკრებილი ხალხის წინაშეც ვთქვი, ჩვენ არ დავადანაშაულებთ ძალოვანი სამსახურების თანამშრომლებს, რომ მათ ბარიკადები მოაწყვეს და გვიგერიებდნენ. ამას ხალხის ნაკადის შესაჩერებლად აკეთებდნენ, მაგრამ, მთავარია, რომ არც ერთ მათგანს ჩვენთვის არ დაურტყამს და არც ჩვენ დაგვირტყამს! ესე იგი, რაც დამტვრეულია და დაზიანებული, კომისია დაითვლის ზარალს და ჩვენ ასევე, სახალხოდ ამ ყველაფერს ავანაზღაურებთ! ამიტომ, როდესაც ხალხმა მოედანი დატოვა, მოვიდნენ ადამიანები და აზომეს ფანჯრები, შიგნით რაც იყო, სახელმწიფო დაცვის სამსახურს გადასცეს! რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, დარეკეს გენპროკურატურიდან, და ვნახოთ, ჩემზე აღძრავენ საქმეს, თუ სხვა ვინმეზე!

– ახალი არჩევნებისგან რას ელოდებით? როგორ ფიქრობთ, აქვს ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის რესურსი და რამდენად ექნება მას საკმარისი მხარდაჭერა მოსახლეობისგან?

 ოპოზიციამ წინა არჩევნები მოიგო, მაგრამ, როგორც ვიცით, ვინც ითვლის, ის იგებს! ჩემთვის ნიშანდობლივი იყო, რომ მეთაურმა დაარღვია კონსტიტუცია, თუმცა სიტყვით გამოსვლისას, ის ყოველთვის ამბობს – “მე ვარ კონსტიტუციის გარანტი!”

იმედი მაქვს, ამ არჩევნებზე ჩვენ არ გვეყოლება ხელისუფლება და ოპოზიცია. მე მაინც მიამიტად მჯერა, რომ ერთიანი კანდიდატები იქნებიან!

– თქვენ რაულ ხაჯიმბა ქართველი ქურდების მფარველობაში დაადანაშაულეთ. შეგიძლიათ უფრო დაგვიკონკრეტოთ, რას და ვის გულისხმობდით? რაში გამოიხატება ეს მფარველობა, რაიმე პრივილეგია ჰქონდათ ამ ადამიანებს აფხაზეთში?

 უბრალოდ, როდესაც ისინი, ან მათი ხალხი ჩამოდიოდა, მინისტრების მანქანებით ხვდებოდნენ. მინისტრები მათგან საჩუქრებს იღებდნენ. კიდევ ბევრ საინტერესო და არასწორ რამეს აკეთებდნენ! გადადგა და მიმაჩნია, უკვე არ ღირს ამ თემაზე ბევრი მსჯელობა! ვფიქრობ, ძალიან ცუდია, როდესაც ქართველი ქურდი საბერძნეთიდან ეკონტაქტება მკვლელებს და ყაჩაღებს, ეს მკვლელები და ყაჩაღები კი მეთაურის უახლოეს გარემოცვაში არიან!

– აფხაზი მოსახლეობის ნაწილი აგრესიულად შეხვდა აფხაზი პოლიტიკოსების ინტერვიუებს ქართულ მედიასთან. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქართველებთან არაფერია სასაუბრო, სანამ აღიარება არ იქნება. პარარელურად, ალხას კვიცინია, სერგეი შამბა და ასლან ბჟანია აცხადებენ, რომ თბილისთან საჭიროა დიალოგი. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

 ჩემი აზრით, დასაწყისისთვის გალის მოსახლეობასთან უნდა ავაწყოთ დიალოგი, შემდეგ საზღვირპირა რაიონთან და მას შემდეგ, რაც გვეცოდინება ხალხის მოლოდინები, დავიწყოთ დიალოგი. ამ ეტაპზე დიალოგი ისედაც გვაქვს. ეს ჟენევის მოლაპარაკებებია. თუმცა, დაახლოებით 27 წლის განმავლობაში რაიმე შედეგი მივიღეთ? უბრალოდ, როდესაც მოსახლეობა ასეთ გამოსვლებს აწყობს, ამას ისე წარმოაჩენენ ხოლმე, თითქოს, მოდით ზურგი ვაქციოთ რუსეთს და დავბრუნდეთ საქართველოში და მოსახლეობა ამას აგრესიულად აღიქვამს!

ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ მეზობლები ვართ და ერთ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ. მაშინ მსგავს განცხადებებზე აფხაზეთის მოსახლეობის რეაქციაც უფრო მშვიდი იქნება! ჩვენი ხალხები უნდა ურთიერთობდნენ, თუმცა, თუ ერთ სახელმწიფოზეა საუბარი, მისი არსებობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შევა აფხაზეთის შემადგენლობაში))

– რა მთავარი მოთხოვნები გექნებათ თქვენ ახალ პრეზიდენტთან? რისთვის იბრძვით, რა შედეგისთვის?

ახრა ავიძბა: ჩვენი მთავარი მოთხოვნებია, რომ მან გააერთიანოს ხალხი და არ დაყოს ის ეთნიკური წარმოშობისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით! ჩვენ ხომ მივეცით მეგრელ მოსახლეობას საშუალება, აღადგინოს სამართლიანობა და პასპორტის გრაფაში ეროვნებად არა ქართველი, არამედ, მეგრელი მიუთითოს! მაშ, რატომ ვაქცევთ ხოლმე პასპორტების საკითხს სპეკულაციის საგნად ყოველი არჩევნების წინ? დროა მათ ვაგრძნობინოთ, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, თორემ, სომხური და მეგრული მოსახლეობა მხოლოდ არჩევნებზე გვახსენდება! დროა წინ ვიაროთ და ერთმანეთის ჩაძირვა შევწყვიტოთ! სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა გვაქვს და უკვე დიდი ხანია დროა, ეკონომიკისა და მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებით დავკავდეთ!

ინტერვიუ შეიცავს ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე.

წყარო: Livepress.ge

Share