Home » ბიზნესი » მგზავრის გადაყვანისას ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ

მგზავრის გადაყვანისას ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ

მგზავრის გადაყვანისას ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

კერძოდ, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს.

აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის, ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული – ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

Share