Home » საზოგადოება » „მაღალი კურსის გამო, ბანკებს ჰეჯირებისთვის დიდი საპროცენტო განაკვეთი მიაქვთ და შესაბამისად, ლარში სესხი მეწარმისათვის უინტერესო ხდება“

„მაღალი კურსის გამო, ბანკებს ჰეჯირებისთვის დიდი საპროცენტო განაკვეთი მიაქვთ და შესაბამისად, ლარში სესხი მეწარმისათვის უინტერესო ხდება“

ლარის გაუფასურება დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს როგორც  წარმოებაზე, ასევე   მთლიანად ბიზნესზე, – ამის შესახებ კომპანია „საქკაბელის“ მმართველმა პარტნიორმა, ედიშერ მამალაძემ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას განაცხადა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესის ნეგატიურ ზეგავლენაზე საუბრისას, მამალაძემ  აღნიშნა, რომ იმ მასშტაბის გაუფასურება, რაც ჩვენს ეროვნულ ვალუტას ახასიათებს, არ დაფიქსირებულა არც რეგიონში და არც უშუალო მეზობელ ქვეყნებში.

„არ ვლაპარაკობ ვენესუელაზე და სხვა მსგავს ქვეყნებზე. ფაქტია, ასეთი დიდი გაუფასურება რაც ჩვენთან ხდება, არ დაფიქსირებულა არც ჩვენს რეგიონში და არც უშუალო მეზობელ ქვეყნებში. მე ვამბობ ჩვენს სამეზობლოსა და ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე. არსად ასეთი დიდი დევალვაცია არ ყოფილა. ლარის გაუფასურება დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს როგორც წარმოებაზე, ასევე მთლიანად ბიზნესზე“, – აღნიშნა მან.

ედიშერ მამალაძის განცხადებით, სჯობს მოსალოდნელი ფინანსური დახმარებების დიდი ნაწილი სესხების ლარიზაციას მოხმარდეს. „მე ვფიქრობდი და არამარტო მე, ამას ამბობდა ბიზნესფედერაცია, მწარმოებელთა ასოციაცია და  ძალიან ბევრი კონკრეტული ბიზნესი, მათ შორის ბანკებიც, რომ თუ და როცა იქნება რაღაცა ტიპის ფინანსური დახმარება ქვეყნისთვის,  პირობით ვამბობ, მაგალითად, ბანკებისათვის სავალუტო ფონდისგან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან, უმჯობესი იქნება, რომ ის მოხმარდეს სესხების ლარიზაციას. რა თქმა უნდა, ლარიზაცია დღესაც შესაძლებელია, მაგრამ ზუსტად ამ მაღალი კურსის გამო, ბანკებს ჰეჯირებისთვის იმდენად დიდი საპროცენტო განაკვეთი მიაქვთ, რომ  ლარში სესხი მეწარმისათვის უინტერესო ხდება.

დღეს ვიცით, თუ რა საპროცენტო განაკვეთებია ევროპასა და ამერიკაში. ლარის სესხზე რომ მივმართოთ კომერციულ ბანკს, 12-13%-ზე ნაკლებად ვერ მოვიპოვებთ. 12-13 პროცენტიანი სესხი არათუ წარმოებისთვის, არამედ ვაჭრობისთვისაც უინტერესოა.

ეს არის ერთ-ერთი კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც შეიძლება გადაიდგას. როგორც ვიცი, ეს წინადადება წარდგენილი აქვს მწარმოებელთა ფედერაციასა და ბიზნეს ასოციაციასაც. ამ კუთხით თუ იფიქრებს და იმსჯელებს მთავრობა, კარგი იქნება“, – აღნიშნა ედიშერ მამალაძემ.

Share