Home » ეკონომიკა » მარცვლეულის წარმოების საქმე უკან მიდის

მარცვლეულის წარმოების საქმე უკან მიდის

მარცვლეულის წარმოების მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებს. ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტები, თუმცა საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის საკმარისი არ არის.

“ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით, 50-55 000 ჰექტარი ქერისა და ხორბლის ნათესი ფართობი გვაქვს, სადაც საშუალო მოსავლიანობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა, გვყავს ცალკეული ფერმერები, რომლებიც ჰექტარზე იღებენ 5-6 ტონა მოსავალს. არადა, ქართულ მიწას შეუძლია, სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებებისა და შესაბამისი თესლის შემოტანის პირობებში, საშუალო საჰექტრო მოსავალი ავიდეს 5-6 ტონამდე. ჩვენ ამ დონეს საშუალოდ, 5-6-წლიან პერიოდში მივაღწევთ.

სამინისტროში დამუშავებულია პროგრამა, რომელიც არის მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით. ეს არის ელევატორების სისტემის განვითარება. კერძოდ, მინდვრის ელევატორებიდან მოხდება მაღალხარისხიანი თესლის, ასევე, შესაბამისი ჰერბიციდების და პესტიციდების გაცემა. ეს იქნება ლაბორატორია მიღების პერიოდში, გადახარისხდება ხორბალი და მიეწოდება შესაბამის სეგმენტს.

იქიდან გამომდინარე, რომ მარცვლეულის წარმოებაზე ძალიან არის დამოკიდებული მეცხოველეობის და მეფრინველობის მიმართულების განვითარება, ყველა ეს პროგრამა შემუშავებულია სამინისტროში, თუმცა, სამწუხაროდ, საბიუჯეტო რესურსი ყოველთვის არ არის საკმარისი”, – განაცხადა გადაცემაში “საქმე” ხანიშვილმა.

საქართველოში მარცვლეულიდან, როგორც ხორბალს ასევე სიმინდს განსაკუთრებული სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ იგი ოდითგანვე უპირველესად ხორბლის მწარმოებელ და მოხმარებელ ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად იყო მიჩნეული.

სამწუხაროდ, საქართველომ, როგორც მწარმოებელმა ქვეყანამ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ეს პოზიციები მკვეთრად დათმო. ამას ადასტურებს სტატისტიკაც:

1950 წლისთვის საქართველო აწარმოებდა 786 ათას ტონა მარცვლეულს, ანუ მოსახლეობის 1 სულზე 223 კგ-ს, (მოსახლეობის რიცხოვნობა ამ პერიოდში 3.5 მლნ ადამიანს შეადგენდა). 1980 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 5 მლნ-ს გადასცდა და მოსახლეობის 1 სულზე მარცვლის წარმოებამ 121 კგ, შეადგინა (მომდევნო ათ წლედში სურათი პრაქტიკულად არ შეცვლილა. 1990 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ შეადგინა 5.4 მლნ ადამიანი და მოსახლეობის 1 სულზე კვლავ 121 კგ მარცვლეული იქნა წარმოებული). 2000-2003 წლებში მარცვლის წარმოება, მართალია, გაიზარდა 150-155კგ-მდე მოსახლეობის 1 სულზე, მაგრამ იგი მხოლოდ მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ხარჯზე მოხდა – ამ პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა 1 მლნ კაცით შემცირდა.

აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ პრობლემის კიდევ უფრო გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ქვეყნის შიგნით მარცვლეულის წარმოების გადიდების ყველა რეზერვის ამოქმედება.

“საამისოდ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში მისაღებია ფინანსურად, ტექნიკურ-ტექნოლოგიურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფილი მარცვლეულის მწარმოებელთა მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა “მარცვალი”, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მაღალხარისხოვანი თესლის წარმოების ორგანიზაციული ღონისძიებები.

მეცნიერებისა და სპეციალისტების გათვლებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ტრანსფორმაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში მარცვლის ქვეშ ნათესი ფართობი გაიზარდოს 150 ათასი ჰექტრით, ანუ 350 ათას ჰა-მდე. სახნავი მიწების ასეთი სტრუქტურული ტრანსფორმაცია საშუალებას იძლევა საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში წარმოებული იქნას 1,0-1,1მლნ ტ. მარცვლეული, რაც სრულიად საკმარისია ქვეყნის სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფისთვის. საკუთრივ ხორბალი შეიძლება ვაწარმოოთ ჩვენი მოთხოვნილების 60-65%-ის ფარგლებში”, -აცხადებს კოღუაშვილი.

ნათია წიკლაური

Share