Home » საზოგადოება » მარტში წაგებული ოქტომბრის არჩევნები – რატომ დამარცხდა ოპოზიცია

მარტში წაგებული ოქტომბრის არჩევნები – რატომ დამარცხდა ოპოზიცია

მარტში წაგებული ოქტომბრის არჩევნები – რატომ დამარცხდა ოპოზიცია

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. შეთანხმებას ხელი მოლაპარაკებებში ჩართულმა ყველა პარტიამ მოაწერა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკებების დასრულებისა და შეთანხმების შემდეგ, ორივე მხარე – როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია, თავს მოგებულად მიიჩნევდა. თუმცა მოლაპარაკების დასრულებისთანავე, ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა მმართველი გუნდის მისამართით ახალი მოთხოვნების წაყენება და დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყო, თითქოსდა, შეთანხმება ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხსაც ითვალისწინებდა. პარტიების „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ შეთანხმებაში ერთ-ერთ პუნქტი ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავას, გიორგი რურუას და სხვა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც იყო, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება – შეთანხმების ტექსტი ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული და მასში ე.წ. პოლიტპატიმრების შესახებ ერთი სიტყვაც კი არ არის ნახსენები.

 იმის გასარკვევად, თუ რა წერია რეალურად შეთანხმებაში და რომელი მხარე დარჩა „მოგებული“ – მოდით, დეტალურად გავიაროთ შეთანხმების ყველა პუნქტი:

2020 წლის 8 მარტს, მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე შეთანხმდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება, ანუ  პროპორციული სისტემით აირჩევა 120 დეპუტატი, 30 კი – მაჟორიტარულით.

შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

2020-დან 2024-წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით.

შეთანხმების პირველი პუნქტის მიხედვით 2020 წლის 8 მარტს მმართველი და ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე და მაჟორიტარული და პროპოციული წესით არჩეული პარლამენტარების რაოდენობაზე შეთანხმდნენ.

150 დეპუტატიდან საქართველოს პარლამენტში 120 პროპორციული, ანუ პარტიული სიით შევა, ხოლო 30 დეპუტატს ამომრჩეველი მაჟორიტარული წესით აირჩევს. ეს პუნქტი საკმაოდ ნათელი და მკაფიოა.

რაც შეეხება შეთანხმების მეორე პუნქტს – აი, აქ კი ოპოზიციური პარტიებისთვის საკმაოდ ბევრი თავსატეხია ჩადებული:

საარჩევნო ბარიერი 1%-ით განისაზღვრა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმების 1%-ზე მეტს მიიღებს, პარლამენტში მოხვდება. ეს ხელს აძლევთ პატარა და დამწყებ პოლიტიკურ პარტიებს. 1%-იანი ბარიერი ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ მრავალფეროვნებას და პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს პარლამენტი მრავალფეროვანი და მრავალპარტიული იქნება.

შეთანხმების ამ პუნქტში, ასევე, წერია ე.წ. 40%-იანი ჩამკეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი პარტია, რომელიც არჩევნებზე მიღებული ხმების 40%+1 ხმას დააგროვებს, გარანტირებულად შექმნის საპარლამენტო უმრავლესობას და  მთავრობას დააკომპლექტებს, ხოლო ის პარტია, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს აიღებს, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს და შესაბამისად,  მთავრობასაც ვერ დააკომპლექტებს. შეთანხმების მიხედვით, პარტიული გაერთიანებების, ანუ ბლოკის შექმნა არზს კარგავს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პუნქტში წერია, არის ის, რომ პარტიამ უნდა მიიღოს 40%-ზე მეტი და არა პარტიებისგან შემდგარმა ბლოკმა.

ეს პუნქტი, რეალურად, მთლიანი ოპოზიციისთვის წამგებიანია – ოპოზიციამ საკუთარი ნებით და შეთანხმებაზე ხელმოწერით, ხელისუფლებაში მოსვლის მცირე შანსზეც კი უარი თქვა.

არჩევნებზე მთლიანი ოპოზიციური სპექტრი ბლოკის სახითაც რომ გავიდეს და საერთო ხმების რაოდენობის უმრავლესობაც რომ მოიპოვოს, ე.წ. ჩამკეტი 40%-იანი მექანიზმის პრინციპის გამო ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, რადგან შეთანხმების მიხედვით, პარტიამ უნდა მიიღოს 40%-ზე მეტი და არა ბლოკმა. სწორედ შეთანხმების ამ ნაწილის გამო, ბლოკის შექმნის იდეა ოპოზიციაში აზრს კარგავს.

საბოლოოდ, რეალობა ასეთია: საპარლამენტო არჩევნებში 1%-იან პარტიებს შანსი მიეცათ, ერთი დეპუტატი მაინც ჰყავდეთ პარლამენტში. მთავარი ოპოზიციური ძალები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ სახით, ერთმანეთის ამომრჩევლების ხმებზე ინადირებენ. პარტია „ქართული ოცნება“ აქამდე ჩატარებულ საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნებზე ყოველთვის იღებდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 40%-ზე მეტს.

ოპოზიციური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების „აირაის“, „ენდიაის“და ასევე, ოპოზიციური ტელევიზიების მიერ  ჩატარებულ წინასაარჩევნო კვლევებში,  „ქართული ოცნება“ ყოველთვის იღებს გამოკითხული რესპოდენტების ხმების 40%-ზე მეტს.

ოპოზიციის გაერთიანებამ აზრი დაკარგა, 8 მარტის შეთანხმებამ ერთად მყოფი ოპოზიციური პარტიები დაშალა და ერთმანეთის კონკურენტებად აქცია.

ამ შეთანხმების ფონზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციისთვის სავარაუდო იდეალური შემთხვევა, საპარლამენტო კრიზისის შექმნის შესაძლებლობა იქნება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები უკვე პარლამენტშივე შეძლებენ გაერთიანებას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და რეალურ საპარლამენტო უმრავლესობას დააგროვებენ. ამ თეორიულ შემთხვევაში, ოპოზიცია  „ქართული ოცნების“ მთავრობას არ დაამტკიცებს და პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება, რაც სავარაუდო რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ შემთხვევაშიც კი,ოპოზიცია მაინც წაგებული რჩება, რადგან შეთანხმების მესამე პუნქტში წერია, რომ ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები, რომელიც 2024 წლამდე შეიძლება ჩატარდეს, უნდა ჩატარდეს ისევ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების პრინციპების საფუძველზე. გამოდის, რომ საპარლამენტო კრიზისის შემთხვევაშიც კი, ოპოზიცია ჩაკეტილ წრეზე იმოძრავებს.

2020 წლის 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში უნდა შევიდეს. როგორც ჩანს, ოპოზიციამ გვიან გაიაზრა, რომ რეალურად, საკუთარ დაგებულ ხაფანგში გაება და შეთანხმების ჩასაშლელად ემზადება. საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა კენჭი 18 მარტამდე უნდა უყაროს – დიდი ალბათობით, პარტიები „ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ბოიკოტის რეჟიმში გააგრძელებენ ყოფნას და აღნიშნულ ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ, გამოგონილი ე.წ. პოლიტპატიმრების განთავისუფლების მიზეზით.

შეთანხმებიდან მეორე დღესვე, „გაერთიანებულ ოპოზიციაში” განხეთქილების ნიშნები გაჩნდა:

1%-იანი ბარიერის გადალახვის შანსის მქონე პარტიებმა – “გირჩმა”, “ლელომ”, ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობამ”, “ნინო ბურჯანაძის “გაერთიანებულმა დემოკრატებმა” და “პატრიოტთა ალიანსმა”, დადებითად შეაფასეს “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, ხოლო სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფმა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული  საქართველოს” ლიდერებმა დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს.

მათი განცხადებით, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი გიგი უგულავას, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილის და სხვა ე.წ. “პოლიტპატიმრების” გათავისუფლება იყო და თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ისინი შეთანხმებას ჩაშლიან.

ეს მიზეზი რომ თითიდან გამოწოვილია და საკუთარი მხარდამჭერების გულის გასამაგრებლადაა გამოგონილი, კარგად ჩანს ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების აქტში, სადაც ე.წ. “პოლიტპატიმრების შესახებ ერთი სიტყვაც კი არ არის ნახსენები.

განხეთქილება ოპოზიციურ ფლანგში უკვე დაიწყო და ისეთი პირი უჩანს, რომ  დროთა განმავლობაში ძალიან გაღმავდება.

სააკაშვილის ძმადნაფიცმა გუბაზ სანიკიძემ პირდაპირ ეთერში ღიად განაცხადა, რომ ოპოზიციაში ერთიანობა საფრთხის ქვეშ არის და მათ რიგებში ბევრი მოღალატე პარტია აღმოჩნდება.

“პატრიოტთა ალიანსმა” “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” უკვე დაუანონსა, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, სააკაშვილის მიმდევრებს დიდი ხნით ჩაამწყვდევს ციხეებში.

მოვლენები ვითარდება და საინტერესო პროცესები მიდის, თუმცა შეთანხმება, რომელიც სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების უშუალო ჩარევით დაიდო, რეალურად, საფლავის ქვად გადაიქცა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოსთვის” – საფლავის ქვად, რომელზეც აწერია: „ამ დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან!!!

Share