Home » საზოგადოება » მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორშაბათიდან აღდგება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორშაბათიდან აღდგება

სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან ეტაპობრივად იწყებს COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე შეზღუდული სერვისების მიწოდებას და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სერვისების მიწოდებისას, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მომსახურების სააგენტო სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.

პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით.

ამასთანავე აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:

– სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება;

– ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებ-გვერდიდან.

სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

Share