Home » ბიზნესი » „მართალია, ლარში საკრედიტო სტანდარტები გამკაცრდა, მაგრამ ჯამური სესხების ზრდა არათუ შენელდა, არამედ აჩქარდა კიდეც“

„მართალია, ლარში საკრედიტო სტანდარტები გამკაცრდა, მაგრამ ჯამური სესხების ზრდა არათუ შენელდა, არამედ აჩქარდა კიდეც“

„2020 წლის ბიუჯეტი უფრო ნაკლებ ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, ვიდრე ეს 2019 წელს იყო“

როგორია 2020 წლის ეკონომიკური პროგნოზები – რამდენად გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა, როგორი იქნება ინფლაციის მაჩვენებელი, ტურიზმის დინამიკა, ამ და სხვა ეკონომიკის მნიშვნელოვან საკითხებზე „თიბისი ჯგუფის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ისაუბრა.

– დეკმებრის თვეში ანგარიში გამოაქვეყნეთ, რომელსაც საკმაოდ საინტერესო სათაური ჰქონდა – „როცა გამკაცრება შერბილებას ნიშნავს“, რას გულისხმობდით და რისი თქმა გინდოდათ აღნიშნული სათაურით?

– როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სისტემა ოპერირებს რამდენიმე ვალუტაში – ლარში, დოლარსა და ევროში. შესაბამისად, მართალია ლარში საკრედიტო სტანდარტები გამკაცრდა, მაგრამ ამავდროულად შერბილდა უცხოურ ვალუტაში და როგორც შედეგი, ჯამური სესხების ზრდა არათუ შენელდა, არამედ აჩქარდა კიდეც. ინფლაციამაც გარკვეული წილი შეიტანა სესხების ზრდაში, თუმცა მაინც შეგვიძლია დავასკვნაოთ, რომ სესხების გაცემა აჩქარდა. გამკაცრებას, რომელიც შერბილება იყო სინამდვილეში, მოჰყვა ასევე დოლარის სტაბილურობა და შემდგომში გამყარება. ლარი-დოლარის კურსის მიხედვით, მოსახლეობა და ბიზნესები ხშირად აფასებენ ეკონომიკის სიჯანსაღეს. არსებობს ISET-ის „ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობების ინდექსი“, რომელიც მჭიდროდ დაყვება ლარი-დოლარის კურსს. ეს ინდექსიც გაუმჯობესდა მას შემდგომ, რაც ლარი დოლართან გამყარდა და სტაბილურობა შეიძინა.

– სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდა. პროგნოზი საკმაოდ კონსერვატიული მიდგომითაა გაკეთებული. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საპროგნოზო ზრდაში პოლიტიკური მდგენელიც იქნა გათვალისწინებული?

– თიბისის კვლევის მოდელის მიხედვით, რომელიც შემოდინებების, ფისკალური კომპონენტისა და სესხების ზრდის პროგნოზს ეყრდნობა (სხვა დეტალებში აღარ შევალ), ამ მაჩვენებლებით 2020-ში დაახლოებით, ხუთ პროცენტიანი ზრდა გამოგვდის. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელია და გარკვეული საარჩევნო განწყობები შეიძლება ნეგატიური იყოს, საბაზისო სცენარით 4.5 პროცენტი უფრო რეალისტურია დღევანდელი გადმოსახედიდან. თუ შედარებით არაოპტიმისტური განწყობები იქნება, დანაკლისი შეიძლება გამოჩნდეს სესხებში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ნაწილობრივ ტურიზმსა და იმპორტში.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდად იქნება ფისკალური როლი გაზრდილი 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში, ანუ სახელმწიფოს ჩარევა, იმავე ინფრასტრუქტურული პროექტების სახით და აქვე, რამდენად იქნება კერძო სექტორის როლი გაზრდილი ეკონომიკურ ზრდაში?

– ძალიან მოკლედ გეტყვით. წელს ფისკალური სტიმული იყო ძალიან გაზრდილი. სამაგიეროდ გვქონდა შემცირება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ასევე, შემცირება არ გვქონია, მაგრა მინიმალური ზრდა გვქონდა ტურისტული შემოდინებების კუთხით. ამ ორმა ფაქტორმა 2019 წელს ნეგატიურად იმოქმედა ეკონომიკურ ზრდაზე. მომავალ წელს ფისკალური სტიმული კვლავ დადებითი იქნება მომავალ წელს, თუმცა, როგორც რის დაგეგმილი ბიუჯეტი, ის უფრო ნაკლებ ზეგავლენას მოახდენს მომავალ წელს ეკონომიკურ ზრდაზე, ვიდრე 2019 წელს. მიუხედავად იმისა, რომ არის წყლის პრობლემები და ა.შ. 2020 წელს ტურიზმის კუთხით მაინც ბევრად უკეთეს შედეგს ველოდებით, ვიდრე 2019 წელს. ამის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ ტურიზმის კუთხით შემოდინებების შენელება, რაც ზაფხულის მერე გვქონდა, უკვე აღმოიფხვრა. მაგალითად 40 პროცენტით იზრდება ტურისტების ნაკადი ევროკავშირიდან, ასევე ზრდაა ცენტრალური აზიის რეგიონიდან და ისრაელიდან. დოლარში გამოხატული ძალიან დიდი ზრდა არ გვაქვს ჩადებული (კვლევაში), მხოლოდ 10 პროცენტი გვაქვს. მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რუსეთიდან და ირანიდან ტურისტების კლების მიუხედავად, გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ვალუტაში არსებული გათვლებით წლიურ დონეზე 5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ეს (რუსეთისა და ირანის) ეფექტი რომ გაივლის, შედეგი უკეთესი იქნება.

– 2019 წელი ინვესტიციების კუთხით წარმატებული არ ყოფილა. როგორი მოლოდინები გაქვთ 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკასთან დაკავშირებით?

– საბოლოო სცენარით 2019 წელთან შედარებით დაახლოებით ხუთ პროცენტიანი ზრდა გვაქვს დაგეგმილი ჩვენი კვლევის მიხედვით. ეს პროგნოზი ითვალისწინებს იმ დაშვებას, რომ შესაძლოა, არ განხორციელდეს ისეთი მსხვილი მეგაპროექტები, როგორიცაა ანაკლიის პორტი და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური. ამათ გარეშე, კვარტალში (რეინვესტირების ჩათვლით) დაახლოებით 200 მილიონი დოლარი შემოვა. ეს, რა თქმა უნდა, რეკორდული მაჩვენებელი არ არის, მაგრამ არც დაბალია და ბევრ ქვეყანაზე მეტია.

სანდრო პირველი

Share