Home » საზოგადოება » მამუკა ხაზარაძე – კახეთი უნდა გახდეს მსოფლიოში აღიარებული ღვინის დედაქალაქი

მამუკა ხაზარაძე – კახეთი უნდა გახდეს მსოფლიოში აღიარებული ღვინის დედაქალაქი

კახეთი უნდა გახდეს მსოფლიოში აღიარებული ღვინის დედაქალაქი, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველო უნდა გაწევრიანდეს იმ ათი საუკეთესო ქვეყნის ლიგაში, როგორიცაა – სამხრეთ ავსტრალია, ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია და ასე შემდეგ.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ე.წ. ღვინის ტურიზმთან დაკავშირებით დეტალურად, თელავში კიდევ ერთი რეგიონული წარმომადგენლობის გახსნისას ისაუბრა.

„ყოველწლიურად მსოფლიოში 50 მილიონ ადამიანზე მეტია ჩართული ე.წ. ღვინის ტურიზმში, რომლებიც საგანგებოდ სტუმრობენ ღვინის რეგიონებს მსოფლიო მასშტაბით და ეს რიცხვი იზრდება.

ღვინის ტურისტები დაახლოებით 30 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავენ ღვინის რეგიონებში, რომლებსაც ისინი სტუმრობენ. თუ კახეთი ამ ბაზრის მხოლოდ 1% -ს მოიზიდავს, ეს ამ რეგიონისთვის უკვე ნიშნავს 300 მილიონ აშშ დოლარის შემოსავალს.

საფრანგეთში მხოლოდ ბორდო, რომელიც დაახლოებით კახეთისხელაა, თითქმის ყოველწლიურად მასპინძლობს 2 მილიონზე მეტ ღვინის ტურისტს, რასაც ადგილობრივი ინდუსტრიისათვის 2.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მოაქვს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გეგმაზე და განაცხადა, რომ კახეთმა უნდა შეიძინოს 4 სეზონის, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის მთავარი რეგიონული დანიშნულება.

პარტიის ლიდერმა იმ განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა, რომელებიც განავითარებს ტურიზმს როგორც კახეთში, ასევე მთელ საქართველოში:

თელავში გაკეთდება საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ჩარტერულ ფრენებზე იმუშავებს, საგანგებოდ ღვინის ტურებისათვის.

შეიქმნება კახეთის ტურიზმის სააგენტო, რომელიც იმუშავებს კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, რათა ხელი შეუწყოს კახეთისა და ქართული ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში.

კახეთში აშენდება თანამედროვე ღვინის საექსპოზიციო/საკონკურსო ცენტრი.

კახეთში აშენდება თანამედროვე მეღვინეობის და კახეთის ისტორიული მუზეუმი.

მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ დღეს კახეთს 400 ათასი ადამიანი სტუმრობს. ,,ლელო საქართველოსთვის’’ მიზანი კი ამ ციფრის მინიმუმ 1 მილიონამდე გაზრდა იქნება. მისი განმარტებით, სასტუმრო ადგილების რაოდენობა არსებული 4000 ადგილიდან უნდა გაიზარდოს და გადააჭარბოს 10 000-ს. მოთხოვნა უნდა იყოს ყველა ტიპის საცხოვრებელზე : სასტუმრო სახლები, მცირე და საშუალო სასტუმროები, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები.

პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ კახეთში ტურიზმის შემოსავალმა უნდა მიაღწიოს 500 მილიონ ლარს. ხოლო კახეთის ტურიზმის ინდუსტრიაში სამუშაო ადგილები ამჟამინდელი 1,400-დან 400-მდე გაიზარდოს.

მამუკა ხაზარაძემ ღვინის ექსპორტისა და ორგანული ღვინის ბაზრის შესახებაც ისაუბრა.

,,2018 წელს მსოფლიოში დაახლოებით 700 მილიონი ბოთლი ორგანული ღვინო გაიყიდა, რაც ბაზარზე დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. სავარაუდოდ, 2022 წლისთვის გაყიდვების რაოდენობა გაიზრდება და 1 მილიარდ ბოთლს მიაღწევს, რომლის ფასიც დაახლოებით 6 მილიარდი აშშ დოლარი იქნება’’, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ საზოგადოებას „ლელო საქართველოსთვის“ კახური და ქართული ღვინის სექტორისთვის არსებული გეგმა გააცნო.

პარტიის ლიდერმა ამ კუთხით რამდენიმე მიმართულება გამოყო:

ბიო ღვინის ინდუსტრიის განვითარება კახეთში.

ქართული ღვინის მსოფლიო აღიარება მაღალი ხარისხის პრემიუმ პროდუქტად.

ქართული ღვინის მაღალი სტანდარტის დანერგვა, მათ შორის ბიო სტანდარტის.

კახეთში მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო ინსტიტუტის აშენება.

კახეთში ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნა.

პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მათი მიზანია, გაზარდონ კახეთის ღვინის ექსპორტი 460 მილიონ აშშ დოლარამდე, რომელიც ამჟამად 170 მილიონი დოლარია. ასევე, გაზარდონ ღვინის ყურძნის მოსავლიანობა ევროპული სტანდარტების მისაღწევად – მიიღონ მინიმუმ 6 ტონა ყურძენი ჰექტარზე. (ამჟამად დაახლოებით 4 ტონაა ჰექტარზე).

მისი განცხადებით, ექსპორტირებული ღვინის ბოთლის საშუალო ფასი გაიზრდება 4 აშშ დოლარამდე (დღეს 2.5 აშშ დოლარია). ხოლო ღვინის ინდუსტრიის შემოსავალი კახეთში 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

Share