Home » საზოგადოება » მამუკა ხაზარაძე ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0%-იანი სესხების გაცემის ინიციატივით გამოდის

მამუკა ხაზარაძე ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0%-იანი სესხების გაცემის ინიციატივით გამოდის

მოძრაობა ლელოს ლიდერი და თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0%-იანი სესხების გაცემის ინიციატივით გამოდის.

ინფორმაციას ამის შესახებ ლელოს პრესსამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეთავაზება მთავრობისა და ბანკების მისამართით გაკეთდა.

ხაზარაძის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა გაჩერებულია და საქართველოს მთავრობას გამართული ანტიკრიზისული გეგმა და პანდემიისგან მოყენებული ეკონომიკური ზარალის მიახლოებითი შეფასება დღემდე არ წარმოუდგენია.

“უპასუხოდაა დარჩენილი კითხვები: რამდენი ადამიანი რჩება უმუშევარი? რა ფინანსური ინექცია იქნება საჭირო ეკონომიკის ხელახლა ასამუშავებლად? როგორ შევინარჩუნოთ ლარის კურსის სტაბილურობა? როგორ გადავარჩინოთ მცირე და საშუალო ზომის მეწარმეები გაკოტრებას? შესაბამისად, როგორ შევინარჩუნოთ მათ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები? რა ვუყოთ სოფლის მეურნეობას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემას? როგორ მოვახერხოთ ისე, რომ საგაზაფხულო ხვნა-თესვა არ ჩავარდეს?”, — ამბობს ის.

მისივე ინფორმაციით, ლელოს აქვს 6 მილიარდ ლარიანი ფინანსური ანტიკრიზისული გეგმა და რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ინსტრუმენტის შექმნაა.

“ამ გარანტიის საფუძველზე ბანკებმა უნდა დაიწყონ ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება იმ პირობით, რომ ისინი სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებენ თავიანთ თანამშრომლებს. ამ ფინანსური მექანიზმით გადავარჩენთ ბიზნესს და მასში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაოს დაკარგვისგან. ასეთი სესხების გაცემა უნდა მოხდეს დროში ოპერატიულად და მაქსიმალურად ნაკლები ბიუროკრატიით”, — ამბობს ხაზარაძე.

მან მთავრობას და ბანკებს მოუწოდა დროულად შეიმუშაონ შესაბამისი პროცედურა ამ გეგმის განსახორციელებლად.

Share