Home » ფინანსები » “მაგთიმ” შესაძლოა, “მარტივი 25” ვერ გააძვიროს – კომუნიკაციების კომისია საკითხს სწავლობს

“მაგთიმ” შესაძლოა, “მარტივი 25” ვერ გააძვიროს – კომუნიკაციების კომისია საკითხს სწავლობს

”ბანკები და ფინანსები”  წინა ნომერში წერდა, რომ ”მაგთიკომი” მოსახლეობის ძარცვის პოლიტიკას აგრძელებს. კომპანიამ 6 აპრილიდან, “მარტივი 25”-ის პაკეტის გაუქმების შესახებ დააანონსა,  მის ნაცვლად  კი გაძვირებული პაკეტი ”მარტივი 30” ამოქმედდება, ამის შესახებ კომპანიამ მომხმარებლებს შეტყობინებით უკვე აცნობა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ”მაგთიკომს” შარშანაც სურდა, თუმცა მაშინ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ჩაერია საკითხში და კომპანიას ტარიფების ზრდა ერთი წლით შეუჩერა. როგორც მაშინ კომისიაში აცხადებდნენ, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობდა, რაც კვლევამაც დაადასტურა.

მართალია, პირველ ეტაპზე  ”მაგთიკომის” მიერ კიდევ ერთხელ გავრცელებულ ინფორმაციას, პაკეტის გაძვირების შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს საკითხი მედიაში არაერთხელ გაშუქდა, საკითხს ჯერ კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხაიძე გამოეხმაურა, ხოლო შემდგომ უკვე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაშიც გაკეთდა განცხადება, რომ არსებული გადაწყვეტილება აშკარად იყო გაძვირება და საკითხს მარეგულირებელი აუცილებლად შეისწავლიდა.

აღნიშნული განცხადებისა და საკითხთან დაკავშირებით სამსახურში გაზრდილი მომართვიანობის საფუძველზე, მომხმარებელთა დაცვის მიზნიდან გამომდინარე, კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ მიმართა შპს “მაგთიკომს” რეკომენდაციით, გაეთვალისწინებინა იმ მომხმარებელთა ინტერესები, რომლებიც არ არიან მობილური ინტერნეტის მომხმარებლები, მათ ინტერესს მხოლოდ ულიმიტო წუთები და ულიმიტო შMშ-ები წარმოადგენს და შესაძლებლობის ფარგლებში შეენარჩუნებინა, არსებული “მარტივი 25”-ის პაკეტი, ან შეემუშავებინა და შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის შედარებით დაბალი ღირებულების პაკეტი, რომლითაც საშუალება ექნებათ შეიძინონ, მხოლოდ ულიმიტო წუთები და ულიმიტო შMშ-ები მთელი თვის განმავლობაში.

საკითხის აქტუალობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივმა დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საკითხის კონტროლზე აყვანისა და ისეთი ღონისძიების გატარების მიზნით, რომლითაც მაქსიმალურად იქნებოდა დაცული ზემოაღნიშნული მომხმარებელთა ინტერესები.

მიმდინარე პროცესების საპასუხოდ კი გაირკვა,რომ  კომუნიკაციების კომისია შეისწავლის კომპანია “მაგთიკომის” მიერ 25-ლარიანი პაკეტის 30-ლარიანი პაკეტით ჩანაცვლება არის თუ არა გაძვირება და რამდენად აქვს კომპანიას არსებული პაკეტის გაუქმების უფლება – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლის დასრულებამდე კომისია აბონენტებს აწვდის შუალედურ ინფორმაციას. ბექაურმა ისიც განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, საქმე გაძვირებასთან გვაქვს.

“კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული საკითხის მოკვლევა და ანალიზი უკვე დაიწყო. ჩვენ ვართ შესწავლის პროცესში, 25 ლარიანი პაკეტის 30 ლარიანით ჩანაცვლება არის, თუ არა გაძვირება და რეალურად აქვს თუ არა ამის უფლება კომპანია “მაგთიკომს”. ჩვენი წინასწარი შეფასებით იკვეთება, რომ არსებული პაკეტის ჩანაცვლებით, ადგილი აქვს ტარიფის გაძვირებას, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას და შეფასებას კომისია საკითხის სრული შესწავლის შემდეგ გააკეთებს.

მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, როგორიც “მაგთიკომია”, აქვს ვალდებულებათა ჯაჭვი, იმის შესახებ, რომ რომელიმე კონკრეტული მომსახურების პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, კომპანიამ მომხმარებელს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს. ჩვენ ვხედავთ, რომ 25 ლარიანი პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, ბაზარზე “მაგთიკომის” მხრიდან ალტერნატიული პროდუქტი, რომელიც აღნიშნული მომსახურების მსგავსი იქნება, შეთავაზებული არ არის. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი მსგავს ცვლილებას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია კვლევის და ანალიზის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას “მაგთიკომისთვის” ვალდებულებების დაკისრების შესახებ,” – განაცხადა ბექაურმა.

კომისიის თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ 25 ლარიანი პაკეტის გაძვირების მცდელობა კომპანიას გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა, მაშინ კომისიამ “მაგთიკომს” აღნიშნული გადაწყვეტილება გაუუქმა და დაავალდებულა, რომ 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი ძალაში დაეტოვებინა.

ბექაურის განცხადებით, კომუნიკაციების კომისია საკითხს ახლაც დეტალურად შეისწავლის და კანონის სრული დაცვით კვლავ მომხმარებლების ინტერესებს დაიცავს.

გიორგი რანი

Share