Home » ეკონომიკა » ლოცვის ამარა დარჩენილი საპენსიო სააგენტო – როგორია რეფორმის პერსპექტივები

ლოცვის ამარა დარჩენილი საპენსიო სააგენტო – როგორია რეფორმის პერსპექტივები

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატვების შესახებ განცხადება  9 დეკემბერს გააკეთა. “სააგენტო გამართულია და აგრძელებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას. ერთი კვირის წინ მივმართე სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით, რომ ვინაიდან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულად ფუნქციონირებს , ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს განცხადება და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ რაღაც პერიოდი კიდევ უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა და რეფორმის უპრეცენდენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე მათ დავეთანხმები”, – განაცხადა სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოს უკვე ყოფილმა დირექტორმა თანამდებობის დატოვების მიზეზად ის  დაასახელა, რომ მას სხვა გეგმები აქვს, რომელზეც საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.

“ჩვენმა გუნდმა მოკლე დროში მოახერხა რეფორმის წარმატებული იმპლემენტაცია. მე ყოველთვის გამოწვევებზე ვიყავი ორიენტირებული, ეს გამოწვევა ახლა გადალახულია. მაქვს გეგმები, რომლის შესახებაც მოგვიანებით გაიგებთ”, – აცხადებს სურგულაძე.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ რეფორმის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ,,საპენსიო სააგენტო მუშაობს გამართულად, ჩვეულ რეჟიმში, მისი ყველა ფუნქციონალი მუშაობს არსებითი შეფერხების გარეშე. ჩვენ გვაქვს შედეგები, რომელიც არის უფრო კარგი, ვიდრე ჩვენ ველოდით. რეფორმა მიმდინარეობს ნამდვილად წარმატებით. დღეის მდგომარეობით, პირველი იანვრიდან დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული გვყავს 943 119 ადამიანი”, – აღნიშნავს ლევან სურგულაძე.

მან ისიც განმარტა, რომ  დაგროვებით საპენსიო სქემაში 60 ათასზე მეტი კომპანია არის ჩართული, საერთო საპენსიო შენატანები კი ნახევარ მილიარდ ლარს გადასცდა და მისი მოცულობა 508 366 659 ლარია. ფონდის ერთეულის ღირებულება კი 10 ლარი და 56 თეთრია.

სურგულაძემ ისიც განმარტა, რომ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის ილოცებს. როგორ აფასებენ ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლას და არის თუ არა საპენსიო რეფორმა ის, რომელზეც უნდა ვილოცოთ?

“ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ”, – ასე აფასებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი საპენსიო სააგენტოს უკვე ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისი განცხადებით,  სააგენტო საერთოდ არ უნდა შექმნილიყო. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უწყება ქართული რეალობიდან ამოვარდნილია.

“ეს არის ქვეყანაში ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი სააგენტო, რადგან შესაძლებელია მომავალ რამდენიმე წელიწადში დაგროვებული თანხები სახელმწიფომ უბრალოდ მიითვისოს, ანუ ადამიანებმა ვერაფერი მიიღონ. ამის თქმის  საფუძველს კი პოლონეთის და უნგრეთის გამოცდილება მაძლევს. ერთ შემთხვევაში მოსახლეობამ დაგროვებული თანხის 50 პროცენტი დაკარგა, ხოლო მეორე შემთხვევაში – სრულად დაკარგა. ჩვენი მთავრობა თავისი ინსტიტუციური მდგომარეობით არც უნგრეთის და არც პოლონეთის მთავრობას არ სჯობია. შესაბამისად, ეს არის ბომბი, რომელიც რამდენიმე წელიწადში აუცილებლად აფეთქდება”, – განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

 იურისტი ლევან ალაფიშვილი კი ფიქრობს, რომ საპენსიო რეფორმა აქამდეც ლოცვის იმედად იყო დატოვებული. მისი თქმით, სახელმწიფოს არ აქვს წარმოდგენა როგორ მართოს სააგენტოს მიერ მობილიზებული ნახევარი მილიარდი ლარი.

 “ალბათ ლოცვა ინტენსიური არ იყო და ამით უნდა ავხსნათ,რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ამ დრომდე არ არის შემუშავებული. ლოცვა ასევე არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს თანხა ბრუნვაში გაშვებულიყო. გარდა იმისა, ეს თანხები  ეროვნულ ბანკში და დეპოზიტებზე დევს. ალბათ თავიდანვე არ ილოცა ხელისუფლებამ საკმარისად, რომ გაეაზრებინა რა ვალდებულებებს და ტვირთს წარმოშობდა ბიზნესისთვის, შესაბამისად ,არ უფიქრიათ იმუშავებდა თუ არა ჩვენნაირი ეკონომიკის და სოციალური მდგომარეობის ქვეყანაში ამ ტიპის ახალი გადასახადის შემოღება”, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

კითხვაზე, თუ რატომ  არ ხდება  საპენსიო შენატანების, ინვესტირება, ლევან ალაფიშვილი გვპასუხობს, რომ მთავრობის ერთადერთი მიზანი საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით არის ის, რომ მობილიზებული დანაზოგები როდესაც თანხა დასჭირდება თვითონ გამოიყენოს.

“სიღრმეში არ წავალ, უბრალოდ შეგახსენებთ 520-ე დადგენილებას, სოციალურ ხარჯებს, რომელიც ზრდადია და თავისთავად ამ ხარჯებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ვერ ეწევა. აქედან გამომდინარე, მთავრობას სხვადასხვა მანიპულაციებით და შეფუთვებით უწევს ამ ყველაფერზე ზრუნვა. სინამდვილეში, ეს საპენსიო რეფორმაც სხვა არაფერია თუ არა მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული გადასახადები. თუ ჩავხედავთ კანონს დაგროვებით პენსიის შესახებ ვნახავთ, რომ პირველი ხუთი წლის განმავლობაში ამ თანხების ინვესტიცია ნაკლებად რისკიან პაკეტში შეიძლება. მეორე მუხლს რომ წავიკითხავთ, ვნახავთ რაც არის ნაკლებად რისკიანი. ეს არის სახაზინო ვალდებულებები, სახაზინო ობლიგაციები და ა.შ. ის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მთავრობას შეუძლია ამ ფულის წაღება და გამოყენება. ვინ ისარგებლებს 5 წლის განმავლობაში ამ თანხით? სად წავა ეს თანხა? ბუნებრივია ბიუჯეტში, რადგან კანონში ჩაწერეს.

გარდა ამისა, არის განვითარებული ფინანსური ბაზარი, რომ ამ მოცულობის ინვესტიცია ნაკლებ რისკიან პორტფელში განთავსდეს? რა თქმა უნდა – არა. საფინანსო სექტორში ერთადერთი სტაბილური საბანკო სექტორია. რად გვინდოდა მთავრობის დახმარება ამ თანხას ჩვენ რა დეპოზიტებზე ვერ დავდებდით? მათი გაცხადებული მიზანი არის ის, რომ როდესაც თანხა ბიუჯეტში დააკლდებათ თვითონ გამოიყენებენ”, – განმარტავს ლევან ალაფიშვილი.

მიუხედავად სახელმწიფოს პოზიციისა, რომ საპენსიო შენატანი გადასახადად არ ითვლება, ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ  საპენსიო შენატანი გადასახადის ბუნების მატარებელია, ამიტომ მისი თქმით, რეფორმა ანტიკონსტიტუციურია.

“რეფორმა თავისთავად საჭიროა, მაგრამ სავალდებულო კომპონენტის გარეშე. ეს არის ერთადერთი სწორი გზა ,რაც ამ რეფორმას სიცოცხლის უნარიანს გახდის, სხვა შემთხვევაში საპენსიო სააგენტო წარუმატებლობისთვისაა განწირული. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც არის კონსენსუსი, რომ რეფორმა ყველა ნიშნებით შინაარსობრივად არის გადასახადი, მაგრამ ხელისუფლებამ გადასახადი არ დაარქვა. აქედან გამომდინარე, იგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ამერიკაში დღეს პროცესი მიმდინარეობს ე.წ. ობამა ცარე-თან დაკავშირებით, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება. ერთი არის სავალდებულო პაკეტი- შენატანი და მეორე ამ შენატანის განუხორციელებლობისთვის დაწესებული ჯარიმა. ამერიკის უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ თუ კი რაიმე ფინანსურ ვალდებულებას თან სდევს სანქცია, ეს ორივე ერთად აუცილებლად უკვე არის გადასახადი და აქედან გამომდინარე, სულ მალე სააპელაციო ინსტანციის სასამართლო დარწმუნებული ვარ დაადასტურებს ამ ყველაფერს. ზუსტად ეს ანალოგი იქნება გამოყენებული საქართველოშიც საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს”, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

მაკა ჭოველიძე

Share