Home » ბიზნესი » ლილო მოლის გახსნა 25 მაისს იგეგმება

ლილო მოლის გახსნა 25 მაისს იგეგმება

ლილო მოლის გახსნა 25 მაისს იგეგმება. ამ დროისთვის საქართველოში არსებული უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი სახელმწიფო უწყებებისგან შესაბამის რეკომენდაციებს ელოდება. ჯერჯერობით უცნობია, აღადგენს თუ არა მოლი მუშაობას სრული დატვირთვით.

როგორც „ბიზნესპარტნიორისთვის“ ხდება ცნობილი, შესაძლოა ტერიტორიაზე არსებული ობიექტების ნაწილმა მუშაობა ახალი ფორმით განაახლოს. მაგალითად, ტერიტორიაზე არსებულ კვების ობიექტებში შესაძლოა, ადგილზე შესვლა თავდაპირველად დაშვებული არ იყოს და მომხმარებლისთვის საკვების მიწოდება მიტანის სერვისით მოხდეს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ლილო მოლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა, მოლოდინები ოპტიმისტურია და სავაჭრო ცენტრი აღსადგენად მზადყოფნას გამოთქვამს.

„შესაბამის უწყებებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროსთან. ველოდებით რეკომენდაციებს. შესაძლებელია, რაღაცამ გარკვეული სტანდარტი არ დააკმაყოფილოს, მაგრამ ვფიქრობ სრული დატვირთვით ვიმუშავებთ. არის შანსი, რომ ტერიტორიაზე არსებული კაფე-რესტორნები, კვების ობიექტები გატანების პრინციპით ამოქმედდნენ. ანუ, მომხმარებელი დახურულ სივრცეში არ შევა“,- აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი მუშაობა სავაჭრო ცენტრისთვის უდიდესი ზარალის მომტანი აღმოჩნდა. თუმცა, კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი ლილო მოლის გენერალურ დირექტორს ჯერჯერობით არ სურს.

„ბიზნესპარტნიორი“

Share