Home » საზოგადოება » ლაშა პაპაშვილი – ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა

ლაშა პაპაშვილი – ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. ის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის გადაზღვევასა და კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს,რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ბიზნესისთვის.

„ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა რამდენად შეღავათს მოგვცემს ვერ გეტყვით. რასაც შეძლებს სახელმწიფო, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უნდა გააკეთოს და შემდეგ ბიზნესისთვის.

უპრეცედენტო და კრიტიკული სიტუაციაა, არამარტო ბიზნესისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა გადავეწყოთ პირველადი მოთხოვნილებების პროდუქტებზე, როგორიც არის კვების პროდუქტები, სოფლის მეურნეობა. ასობით ათასი კვადრატული მეტრი დაუმუშავებელია, სასურველია რომ ყველა საშუალება იქნება ეს ჯარი, პოლიცია, ჩაერთოს და არ დარჩეს არცერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის პრიორიტეტი.

რაც შეეხება, შეღავათებს კომუნალურების ნაწილში, სახელმწიფოს კრიტიკა არ მიმაჩნია სერიოზულად, ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ ქვეყნის გადასარჩენი საქმე, უნდა შეუმსუბუქდეს ნებისმიერ მოქალაქეს ცხოვრება. სახელმწიფოს გადაწყვეტილებას უნდა მივესალმოთ და მხარი დავუჭიროთ. კრიტიკის დრო არ არის,“- ამბობს ლაშა პაპაშვილი.


როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს დაავალა, დაიწყონ მუშაობა პოსტკრიზისული ეტაპის საკრედიტო საგარანტიო სქემებისთვის.მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ მიმართულებით პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარების მობილიზება იქნება შესაძლებელი, სქემის ჯამური ღირებულება კი 2 მილიარდი ლარი იქნება.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით:

„ჩვენი გზავნილი ბიზნესისთვის არის, რომ ჩვენ ვზრუნავთ და ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან, კომერციულ ბანკებთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყება, რაც დასრულდება კარანტინი, საგანგებო მდგომარეობა, ბიზნესი შეძლებს ფიქრს ახალი სესხების აღებაზე, რომელიც იქნება მიმართული ახალი ბიზნესპროექტების წამოწყებაზე. ასეთ ბიზნესპროექტებს, ასეთ საბანკო სესხებს ჩვენ მთავრობა დავუდგება გვერდით და მისცემს ბანკებსაც და ბიზნესს საშუალებას, მეტი დარწმუნებულობით, მეტი კომფორტით აიღონ ბანკებში სესხი; ბანკებს და ბიზნესს ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან გარანტია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ ბიზნესსუბიექტებს შეექმნებათ პრობლემები ახალი სესხების გადახდის ნაწილში, მთავრობა იქნება ამის გარანტი“.

commersant.ge

Share