Home » ბიზნესი » ლარი მყარდება – როგორია პროგნოზები და ტენდენციები

ლარი მყარდება – როგორია პროგნოზები და ტენდენციები

25 თებერვლის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 1.3 თეთრით გამყარდა. შედეგად, ხვალ, 26 თებერვალს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.79 ლარი იქნება. ლარი დოლართან 2.2 თეთრით გამყარდა 24 თებერვალსაც. ეროვნული ვალუტა დოლარის გარდა ევროსთანაც მყარდება. ბოლო ორ დღეში თითქმის 3-თეთრიანი გამყარების შედეგად ხვალ ევროს ოფიციალური ღირებულება 3.02 ლარი იქნება.

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. ეს ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

“ლარი მოუახლოვდა წონასწორობის ნიშნულს, რა იქნება შემდეგ თვეებში, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული”

ჩვენი და ეროვნული ბანკის ანალიზით, ლარი მოუახლოვდა წონასწორობის ნიშნულს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რა იქნება ერთ ან სამ თვეში, ამაზე პროგნოზი არ კეთდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სამომავლოდ ლარის გამყარება ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

“როდესაც ლარი გაუფასურდა და ახლაც, როცა მყარდება, ვამბობდით და ვამბობთ, არც ერთი პასუხისმგებლიანი ადამიანი ამ მიმართულებით პროგნოზს არ აკეთებს და არც უნდა გააკეთოს. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, დღეს ჩვენი და ეროვნული ბანკის ანალიზით, ლარი მოუახლოვდა წონასწორობის ნიშნულს და ამ დიაპაზონში ვდგავართ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რა იქნება ერთ თვეში ან სამ თვეში, ამაზე არც არავინ არ უნდა გააკეთოს პროგნოზი, არც კეთდება. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული ლარის გამყარება, რა საკვირველია, დამოკიდებული იქნება საგარეო მოვლენების განვითარებაზე, ტურიზმის სეზონზე, იმაზე მეტი ტურისტი იქნება ვიდრე წარმოგვიდგენია, თუ ნაკლები. ასევე იცით, კორონავირუსის საკითხმა ავიამიმოსვლა შეანელა და შეამცირა, როგორი იქნება მისი ეფექტი. ძალიან მრავალი ფაქტორია. მთავარია, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ხელოვნური ჩარევებისგან თავი შევიკავოთ” , – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

“ვფიქრობთ, წლის განმავლობაში ერთი დოლარი 2.82 ლარის ფარგლებში ეღირება”

ეროვნული ვალუტის გამყარებასთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი გამართლდა, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ლარის გამყარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მონეტარული პოლიტიკის კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა.

“ჩვენი პროგნოზი, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და მოსალოდნელი იყო მისი გამყარება, გამართლდა. თავისთავად, ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც ძლიერმა საგარეო სექტორმა, ასევე მონეტარული პოლიტიკის კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა”, – განაცხადა ნადარიამ და აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა და მეორე მხრივ, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა შემცირდა.

ამასთან, მისი თქმით, არარეზიდენტების მიერ დიდია ფასიანი ქაღალდებით დაინტერესებაც, ასევე მნიშვნელოვანია მოლოდინები.

“თიბისი ბანკის” მთავარი ეკონომისტი ამბობს, რომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა წლის განმავლობაში ერთი აშშ დოლარის ფასი სავარაუდოდ, 2.82 ლარის ფარგლებში იქნება.

“პროგნოზს რაც შეეხება, ამის ზუსტად თქმა რთულია, თუმცა ჩვენი გათვლებით, შეიძლება, მიმდინარე წელს საპროგნოზოდ გამოვიყენოთ – ერთი დოლარი 2.82 ლარის ფარგლებში. როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსთან დაკავშირებით, მსოფლიოში დოლარი გაძლიერდა და სამწუხაროდ, ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები შესუსტდა. ლარი არ შესუსტდა, რადგან ისედაც იმაზე მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე უნდა ყოფილიყო. დღესდღეობით ვფიქრობთ, რომ ერთი აშშ დოლარი 2.82 ლარის ფარგლებში იქნება, თუმცა თუ ევრო, ლირა და რუბლი გაძლიერდა დოლართან მიმართებაში, ვფიქრობთ, ლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება”, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოფიციალური კურსით, 26 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7946 ლარი ეღირება.

“ეროვნული ბანკის პოზიტიურმა პოლიტიკამ, მოლოდინებზე იმოქმედა და ამან განაპირობა ლარის გამყარებაც”

ლარის მკვეთრი გაუფასურების მიზეზი გაუარესებული მოლოდინები იყო, – ამის შესახებ საინვესტიციო კომპანიის Gალტ & თაგგარტ კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ლარმა გაუფასურების რეკორდს შარშან 28 სექტემბერს მიაღწია, შემდეგ დასტაბილურდა და 15 დეკემბრიდან გამყარების ტენდენცია აქვს, რაც ბოლო დღეებშიც გრძელდება.

“რა იყო ლარის მკვეთრი გაუფასურების მიზეზი, ეს იყო გაუარესებული მოლოდინები, რადგან მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ გაუფასურების მასშტაბებს ვერ ხსნიდა. ამიტომ  მოჰყვა ამას ეროვნული ბანკის სხვადასხვა ინსტრუმენტი, მათ შორის სავალუტო ინტერვენციები, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრების დარეზერვების შემცირება და ამ ყველაფერმა ერთობლიობაში გავლენა მოახდინა. რაც შეეხება ახლანდელ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, იანვრის მონაცემი ვიცით და საგარეო ბალანსი გაუმჯობესებული რჩება, ეს იქნება ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი თუ სხვა. ეროვნული ბანკის პოზიტიურმა პოლიტიკამ, მოლოდინებზე იმოქმედა და ამან განაპირობა ლარის გამყარებაც”, – განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ბანკის მხრიდან ჩარევას ითხოვდნენ, რაც ასეც მოხდა და პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა, ლარის ზედმეტად გაუფასურებისა და საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები და მზაობაც, ჩაერიოს და ლარი დაასტაბილუროს.

“მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებასაც გავიხსენებდი, სადაც ეროვნულმა ბანკმა დააფიქსირა პოზიცია, რომ თუ საჭირო გახდა და ლარი იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე უნდა იყოს, მაშინ ცენტრალური ბანკი საჭიროზე მეტ ხანს შეინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას. ასევე, როდესაც საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა ლარში,  ვხედავთ, რომ არარეზიდენტები, ანუ უცხოელები დაინტერესდნენ ჩვენი ფასიანი ქაღალდებით, გაოთხმაგებულია იანვარში უცხოელების მიერ სახაზინო ობლიგაციებში ინვესტირება და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს”, – განაცხადა Gალტ & თაგგარტ-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა.

კომპანიის გათვლებით, 2020 წლის განმავლობაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება საშუალოდ 2.80 ლარის ფარგლებში იქნება.

“ჩვენი პროგნოზით, 2020 წლისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება საშუალოდ 2.80 ლარის ფარგლებში შენარჩუნდება. თუმცა თუ მაკროეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო გაუმჯობესდა და მოლოდინებიც პოზიტიური დარჩა, ლარო შეიძლება, კიდევ უფრო მეტადაც გამყარდეს”, – განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

გიორგი ხელაძე

Share