Home » ეკონომიკა » ლადო პაპავა: ეროვნულ ბანკს ლარისადმი ძალიან გაუბრალოებული დამოკიდებულება აქვს

ლადო პაპავა: ეროვნულ ბანკს ლარისადმი ძალიან გაუბრალოებული დამოკიდებულება აქვს

ლარმა გაუფასურება შეწყვიტა და ბოლო რამდენიმე კვირაა ერთი დოლარი 3.20 ლარის ფარგლებში ივაჭრება. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო რამდენიმეთვიან მონაკვეთში ეს ლარის ყველაზე სტაბილური პერიოდია. არის თუ არა ეს ლარის ახალი წონასწორობის ნიშნული, ამის შესახებ „კომერსანტი“ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, აკადემიკოსს ლადო პაპავას ესაუბრა.

აკადემიკოსი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რეფინანსირების სესხების გაზრდილ მოცულობას მიიჩნევს. როგორც პაპავა განმარტავს, ეროვნულ ბანკს ლარისადმი ძალიან გაუბრალოებული დამოკიდებულება აქვს.

„ლარის კურსი ძირითადად ორ რამეზეა დამოკიდებული. პირველი, როგორია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და მეორე, რამდენად ეფექტიანია ის ზომები, რომელსაც ატარებს ლარის ემიტენტი, ანუ ეროვნული ბანკი. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ ლარი ჩვენს ეკონომიკურ სივრცეში არის ყველაზე ჯანსაღი ინსტრუმენტი, რამდენადაც ის ამ ორ ფუნქციას წარმატებით ასრულებს. კარგად რომ იყოს გასაგები – ის რომ ადამიანს სიცხე აქვს, არ არის თერმომეტრის ბრალი და მით უმეტეს არ არის თერმომეტრში ვერცხლისწყლის ბრალი. ეს იმის ნიშანია, რომ ორგანიზმია ავად.

ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ ამ კრიზისამდე იყო საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში. იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტი თითქმის სამჯერ მეტი იყო, ვიდრე ექსპორტი. საგარეო დანაკარგი გვქონდა სავალუტო ვაჭრობაში. ექსპორტიდან მიღებულ ერთ დოლარზე, ვკარგავდით იმპორტზე დახარჯულ თითქმის სამ დოლარს. ბუნებრივია, ეს უფრო გართულდება დღევანდელ კრიზისულ ვითარებაში.

ცალკე პრობლემაა მეორე კომპონენტი, –  ეროვნული ბანკის ქმედება, რომელიც სამწუხაროდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგანაც მისი დამოკიდებულება ლარის გაცვლით კურსთან მიმართებაში იყო ძალიან გაუბრალოებული. ის თვლიდა, რომ მისთვის მთავარი სამიზნე მაჩვენებელი არის ინფლაცია. გამომდინარე აქედან, ის საერთოდ არ ზრუნავდა ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე. მხოლოდ კრიზისულ ვითარებაში, როდესაც ლარმა დაიწყო ნახტომისებური გაუფასურება, გადაწყვიტა ჩარევა და შესაბამისი ზომების მიღება. ამას ემატება რეფინანსირების სესხები, რომლებიც ლიკვიდობისთვის გაიცემა ბანკების მიმართ, მაგრამ ამავდროულად ეს არის ფულის მასის ზრდა, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა, ინფლაციაზე აისახება“, — განმარტავს ლადო პაპავა.

მისი თქმით, თუ ეროვნული ბანკი უფრო კომპლექსური იქნება თავის ქმედებებში და არა მარტო ინფლაციას შეხედავს, არამედ გაცვლით კურსსაც, მაშინ ინფლაციასაც ეშველება.

„საქმე ის არის, რომ ვერც ინფლაციას ართმევს ეროვნული ბანკი თავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ინფლაცია ორი სახის არსებობს. მოთხოვნით წარმოქმნილი ინფლაცია და მეორეა მიწოდებით. მიწოდებით წარმოქნილ ინფლაციაზე ზემოქმედების ინსტრუმენტი ეროვნულ ბანკს არ გააჩნია. ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ასეა. ამიტომ, დღეს, განსაკუთრებით ამ კრიზისის პირობებში, ნათელი გახდა, რომ ინფლაციის თარგეთირების მექანიზმმა უკვე თავისი დრო მოჭამა. ამიტომ, თუ ეროვნული ბანკი უფრო კომპლექსური იქნება თავის ქმედებებში და არა მარტო ინფლაციას შეხედავს, არამედ გაცვლით კურსსაც, მაშინ ინფლაციასაც ეშველება.

და კიდევ ერთი რამ, – როდესაც მოხდა ანტიკრიზისული პროგრამის წარდგენა, სამწუხაროდ ჩვენ იქ ვერ მოვისმინეთ სავალუტო ბაზრის რეგულირების შესახებ ვერაფერი. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საკმაოდ ვრცელი, საინტერესო პრეზენტაცია, მაგრამ არ ვიცი გამორჩა, რომ ესაუბრა სავალუტო ბაზრის რეგულირებაზე, თუ შეგნებულად არ ისაუბრა, მე ეს არ ვიცი. ფაქტია, რომ კომისიაში მთავრობას ჰყავს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა. მაშინ მისი ფუნქცია რა არის, თუ ის არ მიიღებს მონაწილეობას სავალუტო ბაზრის რეგულირებაში“, – აღნიშნავს ლადო პაპავა. 

commersant.ge

Share