Home » ფინანსები » „კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს

არის შემთხვევები, როცა აზარტული თამაშების კომპანია „კრისტალბეთში“ მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, თუმცა ონლაინტოტალიზატორი თანხას არ გასცემს, – ამის შესახებ ადვოკატებმა გიორგი ჩერქეზიამ და სალომე აბესლამიძემ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადეს.

როგორც გიორგი ჩერქეზიამ აღნიშნა, აზარტული თამაშების კომპანია აცხადებს, რომ შეთანხმებულ თამაშებს ჰქონდა ადგილი. ადვოკატის თქმით, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

უფლებადამცველების თქმით, მოგებული თანხების ოდენობა 15 000-დან 40 000-მდეა.

“დღევანდელი საკითხი ეხება აზარტულ თამაშებს და იმ პრობლემას, რომელიც დღის წესრიგში დაგვიდგა.


„კრისტალბეთის“ ელექტრონული სამორინე ორგანიზებულია შპს „მარსის“ მიერ, რომელიც ელექტრონულ გათამაშებებს აწარმოებს. ეს ჯეკპოტის გათამაშებებია თავიდან ბოლომდე. მინდა აღვწერო, როგორ ხდება კეთილსინდისიერი თამაში და შემდეგ დავუკავშირო ჩვენს შემთხვევას. როცა პირი რეგისტრირდება “კრისტალბეთის“ ელექტრონულ პორტალზე, ის იხდის შესაბამის საფასურს, მას აქვს საკუთარი ე.წ. ექაუნთი, საიდანაც თამაშობს. ჯეკპოტის მოგების შემთხვევაში არის ორი გზა: პირველი, სამორინიდან პირის გააქვს თავისი მოგებული თანხა, ან „კრისტალბეთის“ მხრიდან დგინდება არაკეთილსინდისიერი თამაში ფაქტი და საქმე გადადის სასამართლოში.

რა მოხდა ჩვენს შემთხვევაში: ჩემი მარწმუნებელი დარეგისტრირდა ელექტრონულ სამორინეზე, მას მიეცა უფლება, ეთამაშა. ამისთვის შესაბამისი საფასურიც გადაიხადა. მან მოიგო ჯეკპოტის თანხა. მისი ციფრი დადგინდა, როგორც გამარჯვებული, თუმცა „კრისტალბეთის“ თანამშრომლებმა წინასწარ იცოდნენ, თუ ვის უნდა მოეგო ჯეკპოტი და ვის არა, ამიტომ მოხდა ე.წ. ექუნთის წინასწარი ბლოკირება. თუმცა ჩემს მარწუნებელს, მათ დართეს ნება, ეთამაშა. გამარჯვებულად გამოცხადდა მისი ნომერი, მაგრამ დღემდე კომპანია აცხადებს, რომ შეთანხმებულ თამაშს ჰქონდა ადგილი, რისი მტკიცებულებაც არ არსებობს ბუნებაში. მათი მხრიდან პირდაპირ არის დარღვეული პერსონალურ მონაცემთა ინფორმაცია. უკანონოდ მოხდა მოთამაშეების პერსონალურ მონაცემებში შეღწევ, ე.წ. ექაუნთის ბლოკირება. არაკეთილსინდისიერად ცდილობენ, არ გადასცენ კეთილსინდისიერ გამარჯვებულს მისი კუთვნილი თანხა.

ასეთ შემთხვევებს აქვს არა ერთჯერადი, არამედ სისტემური ხასიათი. ჩემთვის ასეთი პრობლემით რამდენიმე ათეულ ადამიანს მოუმართავს“, – განაცხადა ჩერქეზიამ.

სალომე აბესლამიძის თქმით, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დასაწყებად ფინანსთა სამინისტროს მიმართეს.

„ჩვენ პირველ რიგში, ამ აზარტული თამაშების წინააღმდეგ გამოვდივართ. ვუერთდებით ქალბატონი ანა დოლიძის პეტიციას და ხელიც მოვაწერეთ. ჩვენ ადვოკატები ვართ და შესაბამისად, სამართლებრივად ვცდილობთ, დავუპირისპირდეთ იმ უბედურების მანქანას, რასაც აზარტული თამაშები ჰქვია. ამიტომ, ჩვენ ავიღეთ ეს შემთხვევები ჩვენს საადვოკატო საქმიანობაში.

აზარტული თამაშები კომპანიებს კონტროლს უწევს შემოსავლების სამსახური და ფინასთა სამინსიტრო. ჩვენ მივმართეთ ფინანსთა სამინსიტროს იმისთვის, რომ დაეწყო გამოძიება. ვიყავით დაბარებული ფინანსურ პოლიციაში, გასაუბრება ჩატარდა, ოქმი შედგა. იმედი გვაქვს, რომ რეაგირება იქნება.

მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, თუ ასეთი ფაქტები არსებობს, გთხოვთ, მიმართეთ სამართლებრივ გზებს. არ ვამბობ, რომ ადვოკატთან მივიდნენ, უბრალოდ, იცოდნენ, რა არის მათი დაცვის მექანიზმი. მათ აქვთ უფლება, მიმართონ შემოსავლების სამსახურს, ფინანასთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას, რათა დაიწყოს გამოძიება“, – განაცხადა ადვოკატმა.

kvira.ge

Share