Home » ეკონომიკა » „კორონავირუსის შოკი არ არის კავშირში დაკრედიტების წესში ცვლილებასთან, თუმცა დროში დამთხვევის გამო, ნაწილობრივ პასუხობს“

„კორონავირუსის შოკი არ არის კავშირში დაკრედიტების წესში ცვლილებასთან, თუმცა დროში დამთხვევის გამო, ნაწილობრივ პასუხობს“

„არაფორმალურად დასაქმებულ სექტორში, სესხის გაცემის პროცესში სავალდებულო იყო საკრედიტო ოფიცერის მისვლა, რაც უქმდება“

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების მიზანია წესებზე დამყარებული მიდგომიდან უფრო მეტად პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლა.

რას ითვალისწინებს ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები, ელოდება თუ არა ქვეყნის ცენტრალური ბანკი ცვლილებების ფონზე დაკრედიტების ზრდის ტემპის დაჩქარებას და რა გეგმა აქვს მას ეროვნული ვალუტის გაუფასურების გაგრძელების პარალელურად, თემაზე საქართველოს ეროვნული ბანკი ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა გადაცემაში „ბიზნესპერტნიორი“ ისაუბრა.

რა მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოყოფთ და რაზეა გათვლილი ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესში ცვლილების შეტანით, სურს თუ არა ეროვნულ ბანკს დაკრედიტების ტემპის დაჩქარება?

– ჩვენ ეს ცვლილებები დიდი ხანია გვქონდა დაგეგმილი. ბოლო სამი თვე საბანკო სექტორთან ერთად ვიმუშავეთ. მიმდინარე შოკი, ვგულისხმობ ვირუსს, არ არის კავშირში ამ ცვლილებებთან, ის არ იყო ამ ცვლილების გამომწვევი მიზეზი. თუმცა, დროში ისე დაემთხვა, რომ ეს ცვლილებები ნაწილობრივ შოკსაც პასუხობს. ცვლილებების მიზანი არ არის ძირითადი პრინციპის ცვლილება. ის რჩება უცვლელი და სესხი უნდა გაიცეს ისეთ მომხმარებელზე, ვისაც მისი გადახდა განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეეძლება. ცვლილებების მთავარი მიზანია, რომ გამარტივდეს დაკრედიტების პროცესი, მოიხსნას ბიუროკრატიული ტვირთი, მეტი ანალიზისა და პასუხისმგებლობის გადატანას გულისხმობს ბანკების და სესხების გამცემების მხარეს. შესაბამისად, გარკვეულ მსესხებლებზე, ვისაც სესხის მომსახურება შეუძლია პრობლემების გარეშე, თუმცა აქამდე გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერების გამო ექმნებოდთ შეფერხებები, ასეთი მსესხებლები უფრო მარტივად შეძლებენ სესხის აღებას.

ერთ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას გამოვყოფდი. აქამდე მოქმედი წესების შესაბამისად, პრინციპში თითქმის ყველა არაფორმალურად დასაქმებულ სექტორში, ადგილზე ვიზიტი იყო სავალდებულო საკრედიტო ოფიცერის მხრიდან. ეს მოთხოვნა დღეს უქმდება. ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან სხვა სესხის გამცემი სუბიექტი, შიდა შესაძლებლობებით მოახდენს შემოსავლების გადამოწმებას.

თუ ელოდებით, რომ რეგულაციების შერბილება ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორში აქტივობის ზრდას, რადგან ეს სექტორი ყველაზე მეტად წუხდა რეგულაციების გამო

– ჩვენ, ცვლილებების ერთი ტალღა შარშან ზაფხულში გავაკეთეთ. ამან, ნაწილობრივ ხელი შეუწყო სამშენებლო სექტორში იპოთეკური სესხების დაკრედიტების ზრდას. ამ ცვლილებით, პრინციპში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, რაც იპოთეკურ სესხებს ეხება, ლარში გაცემულ სესხებზე იზრდება ვადიანობა 15-დან 20 წლამდე. თუმცა, ეს ცვლილებები უფრო მეტად არის ორიენტირებული ბიუროკრატიული ტვირთის მოხსნაზე და სესხის აღების პროცესის გამარტივებაზე, ვიდრე ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ზრდის წახალისებაზე.

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესში ცვლილება საკმაოდ რთულ დროს შემოდის კორონავირუსის გამო. შემცირებულია აქტივობა, ასევე მოთხოვა. რა მოლოდინი აქვს ეროვნულ ბანკს და როგორი შეიცვლება იყოს დაკრედიტება მთლიანად 2020 წლის განმავლობაში?

– ამ ცვლილების ზეგავლენა საკრედიტო პორტფელის ზრდაზე არ უნდა იყოს დიდი. ზოგადად, მოლოდინი გვაქვს, რომ საკრედიტო პორტფელი მიმდინარე შოკის გათვალისწინებით, გაიზრდება შედარებით უფრო ნელა, ვიდრე ეს იყო 2019 წელს. უფრო კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე გვიჭირს. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მოვლენებს და მეტი დეტალებით მომავალში დავუბრუნდებით საზოგადოებას.

მუდმივად არის საუბარი 200 0000 ლარიანი ზედა ზღვარის შემცირებაზე. ამ მიმართულებით რას ფიქრობთ, უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს?

– 200 000 ლარიანი ზღვარის შემცირებაზე დიდი ხანია მიდის საუბარი როგორც მედიაში, ასევე სხვადასხვა საექსპერტო წრეებში. დღეს, ეს ცვლილება კონკრეტულად მაგიდაზე არ დევს. მოგეხსენებათ, ის საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას. პარლამენტის ჩართვაა საჭირო, მთავრობის და ცოტა უფრო ფართომასშტაბიანი განხილვები იქნება საჭირო, თუ ეს გადაწყდა. თუმცა, ამ ეტაპზე აქტიური განხილვა არ მიმდინარეობს.

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უფასურდება. როგორია თქვენი პროგნოზი და თუ გაგრძელდა მსგავსი ტრენდი, როგორია თქვენი გეგმა?

– ზოგადად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსი ზეგავლენას ახდენს ბაზრებზე. მერყეობებს ველოდით და ალბათ, მომავალშიც იქნება. ჩვენ კურსის პროგნოზს არასოდეს არ ვაკეთებთ და დღესაც, შესაბამისად, ვერ გავაკეთებ. ორი სიტყვით მინდა საბანკო სექტორსაც შევეხო. მოგეხსენებათ, შოკისთვის კარგი დრო არასდროს არ არის, მაგრამ თუ შეიძლება მომზადებულად შეხვდე შოკს, ალბათ, ეს იყო ყველაზე კარგი დრო საქართველოს საბანკო სექტორისთვის. კაპიტალის ლიკვიდობის დონეები საკმაოდ მაღალია, მომგებიანობა ბოლო წლების განმავლობაში იყო საკმაოდ ძლიერი. რა თქმა უნდა, შეიძლება გაიზარდოს უმოქმედო სესხების მოცულობა, მაგრამ ფინანსური სტაბილურობის საფრთხეს არ ველით.

გიორგი არაბული

Share